სუარესმა „ლივერპული“ 25 მილიონით აზარალა

როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე იტალიისა და ურუგვაის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას ლუის სუარესმა ჯორჯო კიელინის მხარზე უკბინა, რის გამოც ფიფამ ურუგვაელი თავდამსხმელი ოთხთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. სუარესს ოთხი თვის განმავლობაში ყველანაირი საფეხბურთო საქმიანობა აკრძალული აქვს.

ამ გახმაურებულმა ინციდენტმა ინგლისური „ლივერპული“ 25 მილინი ფუნტით აზარალა.

ბრიტანული „დეილი მეილის“ ცნობით, მერსისაიდული კლუბი სუარესს 100 მილიონ ფუნტად აფასებდა. 27 წლის ფეხბურელის მიმართ სერიოზულ დაინტერესებას იჩენდნენ მადრიდის „რეალი“ და „ბარსელონა“. მუნდიალზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ „ლივერპულმა“ სუარესის ღირებულება 75 მილიონ ფუნტამდე შეამცირა. საბოლოო ჯამში, ურუგვაელი ფეხბურთელი კატალონიურ გუნდში გადავიდა.

სუარესი „ბარსელონას“ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი იქნება. ურუგვაელი ფეხბურთელი კატალონიურ კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს ამ კვირაში მოაწერს ხელს. სუარესი კვირაში 200 ათას ფუნტს მიიღებს, რაც მხოლოდ ლიონელ მესის, ნეიმარის და ანდრეს ინიესტას ჯამაგირს ჩამოუვარდება.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ კონტრაქტში სპეციალური პუნქტი ჩაიწერება, რომლის თანახმადაც, თუ სუარესი კიდევ ეცდება ვინმეს კბენას, მისი ხელფასი 30 პროცენტით (წელიწადში 3 მილიონი) შემცირდება.

სხვათა შორის, სუარესის დისკვალიფიკაციაზე კომენტარი გააკეთა ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ურუგვაელი ფეხბურთელის მიმართ მეტად მკაცრი ზომები გატარდა.

„სადისციპლინო სანქციები დამოუკიდებელ ორგანოს გამოაქვს. ადრე ამას აღმასრულებელი კომიტეტი აკეთებდა. ახლა ასეთ საკითხებზე სულ სხვა ხალხი მუშაობს. ვთვლი, რომ სუარესს მკაცრი სასჯელი გამოუტანეს. როგორც ადამიანი და გულშემატკივარი, ფეხბურთელს თანაგრძნობას ვუცხადებ, მაგრამ როგორც ფიფას პრეზიდენტი, მე ვიღებ ამ გადაწყვეტილებას. მჯერა, რომ სუარესი დაბრუნდება და კვლავ გვიჩვენებს თავის დონეს. ის მართლაც საოცარი მოთამაშეა“, – განაცხადა ბლატერმა.

 

„F**C YOU“ ბლატერს

დიდ ბრიტანეთში გამართულ მუსიკალურ ფესტივალ „გლასტონბერიზე“ სკანდალებით ცნობილმა მომღერალმა ლილი ალენმა თავისი ერთ-ერთი სიმღერა ფიფას პრეზიდენტ იოზეფ ბლატერს მიუძღვნა.

ბრიტანელმა მომღერალმა სიმღერას სახელწოდებით „F**C YOU“ ასეთი შესავალი გაუკეთა:

„შემდეგი სიმღერა ეძღვნება მსოფლიოს მასშტაბით, ალბათ, ყველაზე კორუმპირებულ არა, მაგრამ ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ ადამიანს იოზეფ ბლატერს“.

აღსანიშნავია, რომ ლილი ალენი ლონდონის „ფულემის“ და ინგლისის ნაკრების გულმხურვალე ქომაგია.

 

ბლატერის თქმით, მუნდიალის ყატარში გამართვის შესახებ გადაწყვეტილება შეცდომაა

ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა აღიარა, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ყატარში გამართვის შესახებ გადაწყვეტილება შეცდომაა.

„კი ბატონო, ეს, რა თქმა უნდა, შეცდომა იყო, თუმცა თავადაც კარგად მოგეხსენებათ, რომ ადამიანი ცხოვრებაში შეცდომებს ხშირად უშვებს. ვერც გეოპოლიტიკურ ვითარებას გავექცევით“, – განაცხადა ბლატერმა ტელეარხ RTS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ფიფას ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარებას საფრანგეთი და გერმანია ლობირებდნენ. ბლატერმა საზოგადოებას საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზისა და ყატარის ემირის შეხვედრა გაახსენა, რომელზეც უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინიც მიიწვიეს.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის მაისში ფიფას მორიგი საპრეზიდენტო არჩევნებია. ზეპ ბლატერს პოსტის შენარჩუნება სურს. გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტის პოსტისთვის ბრძოლაში მას უეფას ამჟამინდელი ხელმძღვანელი მიშელ პლატინი შეეცილება, რომელიც ბლატერის ყველაზე დიდ კონკურენტად სახელდება, თუმც ფიფას პრეზიდენტი ფრანგს  კონკურენტად არ მიიჩნევს.

„არ დაგავიწყდეთ, რომ ჩემი და პლატინის კარიერა ერთმანეთთან დაკავშირებულია. მიშელი ჩემი მოსწავლე იყო და 1998 წელს ფიფას პრეზიდენტად გახდომაში დამეხმარა. ჰკითხეთ, სურს თუ არა ჩემი პოსტის დაკავება. არა მგონია, „მამის მკვლელობის“ სურვილი ჰქონდეს. ვფიქრობ, ის ჩემს წინააღმდეგ არ წარადგენს კანდიდატურას“, – ამბობს ბლატერი.

ყატარის მუნდიალის ზამთარში გადატანის შესახებ დასმულ კითხვას ფიფას პრეზიდენტმა ასე უპასუხა: „ყატარის მსოფლიოს ჩემპიონატის ზამთარში გადატანა სრულიად შესაძლებელია“.

ბექა დოგრაშვილი

ბლატერს ფიფას პრეზიდენტად გახდომა მეხუთედ სურს

ფიფას პრეზიდენტ ზეპ ბლატერს, როგორც ჩანს, პოსტთან შელევა ძალიან უჭირს. „ფოქს სპორტი“ წერს, რომ ბლატერი მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს 209 წევრ ქვეყანას ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მეხუთედ არჩევას სთხოვს.

აღნიშნულ პოსტზე საკუთარი კანდიდატურის შესაძლო წამოყენების შესახებ დასმულ კითხვას ბლატერმა ასე უპასუხა: „ვისურვებდი, რომ ეს გამეკეთევნა. ჩემს მანდატს ვადა ეწურება, თუმცა ჩემი მისია ჯერ არ დასრულებულა“.

ფიფას პრეზიდენტად არჩევისთვის რამდენჯერმე ასაკობრივი ცენზის შემოღების საკითხიც დაისვა, თუმცა 78 წლის ბლატერი ამბობს, რომ საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციის მხრიდან ასეთი ქმედება დისკრიმინაციული იქნება.

შეგახსენებთ, რომ ბლატერი ფიფას 1998 წლიდან ხელმძღვანელობს, როცა ამ პოსტზე მან ჟოაო აველანჟი შეცვალა. მან დაძაბულ საარჩევნო ბრძოლაში უეფას მაშინდელი პრეზიდენტი ლენარტ იუჰანსონი დაამარცხა, თუმცა შემდეგ ხმა დაირხა, ბლატერმა ამომრჩეველთა ნაწილი მოისყიდა და ასე გახდა ფიფას ხელმძღვანელიო. მას ამ ხნის განმავლობაში კიდევ არაერთი სკანდალი უკავშირდება და ბევრგან აითვალწუნეს კიდეც, განსაკუთრებით კი – დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. რაც არ უნდა იყოს, ბლატერი იხტიბარს არ იტეხს, თავის მოღვაწეობას დადებითად აფასებს და არც საპრეზიდენტო სავარძლის დათმობის სურვილი აქვს. ცნობისთვის, ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას უეფას ამჟამინდელი ხელმძღვანელი მიშელ პლატინიც აპირებს, რომელიც ამ დრომდე ყველაზე რეალურ კანდიდატად გვევლინება.

აქვე გეტყვით, რომ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები 2015 წლის მაისში გაიმართება.

 

ზეპ ბლატერსა და ბრაზილიის პრეზიდენტს შორის სატელეფონო დიალოგი შედგა

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელმა იოზეფ ბლატერმა ბრაზილიის პრეზიდენტ დილმა რუსეფთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ არსებული პრობლემების მიუხედავად, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე წარმატებული იქნება.

რუსეფმა განაცხადა, რომ მასსა და ბლატერს შორის ათწუთიანი სატელეფონო დიალოგი შედგა. ფიფას ხელმძღვანელმა ბრაზილიის პრეზიდენტი 10 ივნისს, მუნდიალის დაწყებამდე ორი დღით ადრე, სან პაულუში, ფიფას კონგრესის გახსნაზე დაპატიჟა.

„ბლატერი დარწმუნებულია, რომ ბრაზილიის მსოფლიოს ჩემპიონატი ყველა დროის საუკეთესო ტურნირი იქნება“, – რუსეფის სიტყვებს „როიტერი“ ავრცელებს.

ბექა დოგრაშვილი

რუსი დეპუტატების პასუხი ამერიკელი სენატორების წერილს: „გარიცხეთ აშშ ფიფადან“

Fanebi.com-ის მკითხველს მოეხსენება, რომ ამერიკელმა სენატორებმა „რესპუბლიკური პარტიიდან“ მარკ კერკმა და დენ კოუტსმა ფიფას პრეზიდენტ იოზეპ ბლატერს რუსეთისთვის 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლების ჩამორთმევისა და ფიფადან გარიცხვის თაობაზე წერილი მიწერეს. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებმა ეს ფაქტი უყურადღებოდ არ დატოვეს და პარტია „ედინაია რასიას“ წევრმა ალექსანდრ სიდიაკინმა და „სპრავედლივაია რასიას“ წევრმა მიხაილ მარკელოვმა ფიფას ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების 2014 წლის მუნდიალიდან მოხსნისა და მსოფლიო ფეხბურთის საერთაშორისო ორგანოდან გარიცხვის თაობაზე მიმართეს.

მიზეზი, რის გამოც აშშ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატიდან უნდა მოიკვეთოს და ფიფადან გაირიცხოს, რუსი დეპუტატების აზრით, მთელი რიგი ქვეყნების წინააღმდეგ ამერიკის მიზანმიმართული აგრესიაა, კონკრეტულად ყოფილ იუგოსლავიაში, ერაყში, ლიბიასა და სირიაში განვითარებული მოვლენები სახელდება.

„თვალი თვალის წილ, ბურთი ბურთის წილ. არ დაუშვათ ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების ასპარეზობა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე! გარიცხეთ აშშ ფიფადან“, – ეს განცხადება სიდიაკინმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.

ბექა დოგრაშვილი

ამერიკელი სენატორები ფიფადან რუსეთის გარიცხვას ითხოვენ

ამერიკელმა სენატორებმა „რესპუბლიკური პარტიიდან“ მარკ კერკმა და დენ კოუტსმა ფიფას პრეზიდენტ იოზეპ ბლატერს რუსეთისთვის 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლების ჩამორთმევის თაობაზე წერილი მიწერეს.

„გთხოვთ, რომ სასწრაფოდ მოიწვიოთ ფიფას რიგგარეშე სხდომა, რომელზეც განხილული იქნება ფიფადან რუსეთის გარიცხვის საკითხი. ჩამოართვით რუსეთს 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება და მოხსენით ეს ნაკრები 2014 წლის ბრაზილიის მუნდიალიდანაც.

ფიფას წესდების თანახმად, ქვეყნის ან ადამიანთა ჯგუფის მიმართ გამოვლენილი ნებისმიერი დისკრიმინაცია აკრძალულია და ისჯება ორგანიზაციის წევრობის სტატუსის შეჩერებით ან გარიცხვით.

როგორც ვიცით, 1992 და 1994 წლების მსოფლიოს ჩემპიონატებზე იუგოსლავია ამგვარად დაისაჯა“, – ნათქვამია წერილში, რომელიც სენატორთა ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

ბექა დოგრაშვილი
ჟურნალი Fanebi.com

ბლატერმა, თქვენ გინდოდეთ, თორემ მე პრეზიდენტობა კიდევ შემიძლიაო

ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა განაცხადა, რომ არ არის წინააღმდეგი, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელის პოსტზე მუშაობა გააგრძელოს. ამის შესახებ მან შვეიცარიულ რადიოსადგურ RTS-ის ეთერში განაცხადა.

„საკმაოდ ჯანმრთელი ვარ და ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა ვიფიქრო წასვლაზე. თუ ფიფაში შემავალი ასოციაციები არჩევნებში მონაწილეობას მთხოვენ, მე ამაზე უარს არ განვაცხადებ“, – აღნიშნა ზეპ ბლატერმა.

ფიფას პრეზიდენტად არჩევისთვის რამდენჯერმე ასაკობრივი ცენზის შემოღების საკითხიც დაისვა, თუმცა 77 წლის ბლატერი ამბობს, რომ საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციის მხრიდან ასეთი ქმედება არაკორექტული იქნება.

„ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, რაიმე საქმიანობაზე ასაკობრივი შეზღუდვის დაწესება დისკრიმინაციის ტოლფასი იქნება“, – ამბობს ბლატერი.

აღნიშნულ საკითხზე ფიფას კონგრესმა სან-პაულუში, მიმდინარე წლის ივნისის თვეში უნდა იმსჯელოს.

შეგახსენებთ, რომ ბლატერი ფიფას 1998 წლიდან ხელმძღვანელობს, როცა ამ პოსტზე მან ჟოაო აველანჟი შეცვალა. დაძაბულ საარჩევნო ბრძოლაში უეფას მაშინდელი პრეზიდენტი ლენარტ იუჰანსონი დაამარცხა, თუმცა შემდეგ ხმა დაირხა, ბლატერმა ამომრჩეველთა ნაწილი მოისყიდა და ასე გახდა ფიფას ხელმძღვანელიო. მას ამ ხნის განმავლობაში კიდევ არაერთი სკანდალი უკავშირდება და ბევრგან აითვალწუნეს კიდეც, განსაკუთრებით კი – დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. რაც არ უნდა იყოს, ბლატერი იხტიბარს არ იტეხს, თავის მოღვაწეობას დადებითად აფასებს და არც საპრეზიდენტო სავარძლის დათმობის სურვილი აქვს. ცნობისთვის, ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას უეფას ამჟამინდელი ხელმძღვანელი მიშელ პლატინიც აპირებს, რომელიც ამ დრომდე ყველაზე რეალურ კანდიდატად გვევლინება.

აქვე გეტყვით, რომ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები 2015 წელს გაიმართება.

ბექა დოგრაშვილი
ინტერნეტ-ჟურნალი Fanebi.Com

ბლატერს ფიფას პრეზიდენტად გახდომა მეხუთედ სურს

ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა განაცხადა, რომ არ არის წინააღმდეგი, მსოფლიო ფეხბურთის მმატჩველი ორგანოს ხელმძღვანელის პოსტზე მუშაობა გააგრძელოს.

„ჯანმრთელობა ხელს მიწყობს და ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა ვიფიქრო წასვლაზე. თუ ფიფაში შემავალი ასოციაციები არჩევნებში მონაწილეწობას მთხოვენ, მე ამაზე უარს არ განვაცხადებ“, – აღნიშნა ზეპ ბლატერმა.

შეგახსენებთ, რომ 77 წლის ბლატერი ფიფას 1998 წლიდან ხელმძღვანელობს, როცა ამ პოსტზე მან ჟოაო აველანჟი შეცვალა.

ცნობისთვის, ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები 2015 წელს გაიმართება.

ბექა დოგრაშვილი

ზეპ ბლატერმა სტატისტიკური შეცდომა დაუშვა

ფიფას პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის განხილვის დროს უხეში შეცდომა დაუშვა. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელმა „რაჯა კასაბლანკა“ ტურნირის მასპინძელ პირველ გუნდად მოიხსენია, რომელმაც ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

„აფრიკის ჩემპიონი („ალ აჰლი“) ტურნირიდან გამოვარდა, მასპინძელი კი ფინალისთვის ემზადება. ისტორიაში პირველად მოხდება, რომ ფინალურ მატჩში ერთმანეთს ორი კონტინენტის ჩემპიონი არ შეხვდება, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ფინალის მონაწილეები ტურნირის საუკეთესო გუნდებია“, – აღნიშნა ბლატერმა.

თავად ბლატერმა 2000 წლის 14 იანვარს პირადად გადასცა „კორინთიანსის“ კაპიტან ფრედი რინკონს საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის თასი. მაშინ „კორინთიანსი“ ტურნირზე სწორედ მასპინძლის სტატუსით თამაშობდა. ბრაზილიურმა კლუბმა ჯგუფურ ეტაპზე მადრიდის „რეალს“ აჯობა, ფინალურ მატჩში კი, პენალტების სერიაში „ვასკო და გამა“ დაამარაცხა. ეს იყო პირველი საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი. კომერციული მიზეზის გამო, მომდევნო ტურნირი 2005 წელს შედგა, ჩემპიონი კი „სან პაულო“ გახდა.

ბექა დოგრაშვილი

მოურინიო: „ჩემთვის „ოქროს ბურთი“ აღარ არსებობს“

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ „ოქროს ბურთის“ გამოკითხვა ყალბდება, რის გამოც მისთვის ეს ჯილდო აღარ არსებობს.

„ამის შესახებ ყველამ იცის, თუმცა არაფერი არ იცვლება. ოფიციალურად არავინ არაფერს არ ამბობს, თუმცა ყველამ ყველაფერი იცის. გასულ წელს მთლიანი ინფორმაცია გადააკეთეს. აქედან გამომდინარე, მტკიცებულება არ არის საჭირო იმის დასამტკიცებლად, რომ ყველაფერს ერთი კაცი წყვეტს.

პანდევმა ოფიციალურად განაცხადა, რომ მისი ხმა გააყალბეს, თუმცა მის სიტყვებს არავინ გამოეხმაურა. ამის შემდეგ ჩემთვის „ოქროს ბურთი“ აღარ არსებობს“, – აღნიშნა მოურინიომ.

ბექა დოგრაშვილი

რონალდუ: „ტელეფონი არ მაქვს“

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდუმ განაცხადა, რომ ზეპ ბლატერი მას ბოდიშის მოსახდელად ვერ დაურეკავდა, რადგან პორტუგალიელს ტელეფონი არ აქვს. რონალდუმ აღნიშნა, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელთან დაკავშირებული ისტორია ნაკლებად აინტერესებს. დაახლოებით ერთი თვის წინათ, ოქსფორდის უნივერსიტეტში, ბლატერმა რონალდუს მესისთან შედარებისას აღნიშნა, რომ მას არგენტინელი ფეხბურთელი ურჩევნია, რადგან მესი მოედანზე უკეთ იქცევა, თამაშის მანერითაც სჯობს თავის პორტუგალიელ კონკურენტს, რონალდუ კი ვარცხნილობას უთმობს დიდ ყურადღებას.
მოგვიანებით ბლატერმა ამ სიტყვებისთვის ბოდიშიც მოიხადა.

რადიო „მარკას“ ჟურნალისტი პაკო გარსია კარიდადი დაინტერესდა, დაურეკა თუ არა ბლატერმა რონალდუს პირადად ბოდიშის მოსახდელად.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ასეთი პასუხი გასცა:

„ტელეფონი არ მაქვს. (იცინის) ჩემს მდივანს კი აქვს, მაგრამ მე არ ვიყენებ. არ მადარდებს“.

ესპანური გამოცემა „მარკას“ მიერ დაწესებული ალფრედო დი სტეფანოს ჯილდო, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელისთვის არის განკუთვნილი, გუშინ სწორედ რონალდუს გადაეცა.

ჟურნალისტი იმითაც დაინტერესდა, დაესწრება თუ არა რონალდუ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიალს. პორტუგალიელმა ამ კითხვას თავი დიპლომატიურად აარიდა.

„ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია დი სტეფანოს ჯილდოს მიღება. დიდი პატივია, რომ პრიზი თავად მან გადმომცა. ძალიან გახარებული ვარ. აი, რა არის ჩემთვის ღირებული“.

 

ბექა დოგრაშვილი