მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილი ნახევარმცველი მეჰმედ შოლი ტონი კროოსს მოუწოდებს, რომ კლუბში დარჩენა-არდარჩენის საკითხზე ბავარიელებს პოკერს ნუ ეთამაშება. 24 წლის ფეხბურთელის მიმართ სერიოზულად დაინტერესდა „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცი დევიდ მოიესი. კროოსს „ბაიერნთან“ მოქმედი კონტრაქტი 2015 წლის ზაფხულში ეწურება.
„ტონის მხრიდან ჭკვიანური არ არის „ბაიერნთან“ პოკერის თამაში. სწორედ ასეთი შთაბეჭდილება მრჩება ახლა. კროოსის ამჟამინდელი ხელფასი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ დღეში ცხელი კერძი ორჯერ ჰქონდეს“, – აღნიშნა შოლმა.
ეს განცხადა ომარ მომანის შთაგონების წყაროდ იქცა და კარიკატურისტმა მორიგი ნახატი შექმნა: კროოსი პოკერის მაგიდას „ბაიერნის“ ხელმძღვანელებთან ერთად უზის, თუმცა მას უკან შოლი ექაჩება.
ომარ მომანის კიდევ ერთი კარიკატურა გონსალო იგუაინსა და დიეგო მარადონას ეძღვნება. სურათის შთაგონების წყარო იგუაინის განცხადებაა.
„მინდა გავაკეთო ის, რაც თავის დროზე მარადონამ გააკეთა. პირველ რიგში, მინდა, მოვიგო მსოფლიოს ჩემპიონატი და შემდეგ სკუდეტო. მარადონამ 1986 წელს მექსიკაში მუნდიალი მოიგო, ერთი წლის შემდეგ კი „ნაპოლი“ გადაიყვანა ჭკუიდან. მინდა, რომ „ნაპოლიში“ კიდევ დიდ ხნის განმავლობაში დავრჩე. აქ მეფესავით ვარ“, – განუცხადა გონსალო იგუაინმა „ლა გაძეტა დელო სპორტს“.
კარიკატურაზე აღბეჭდილია გონსალოს კორონაცია, მარადონა მას მეფის გვირგვინს ადგამს და არც არის წინააღმდეგი, რომ მისი მიღწევები გაიმეოროს. განზე დგანან „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი რაფა ბენიტესი და პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი. მსხვილი ხედით კი გამოსახულია გახარებული მარეკ ჰამშიკი.
ბექა დოგრაშვილი
ჟურნალი Fanebi.com