FIFA 15 — ყველაზე მაღალრეიტინგული ფეხბურთელები

ვიდეოთამაშ FIFA 15-ის გამოსვლამდე სულ ცოტა დრო რჩება, მანამდე კი ვებგვერდმა Purely Football იმ ფეხბურთელთა სავარაუდო სია გამოაქვეყნა, რომელთაც აღნიშნულ თამაშში ყველაზე მაღალი რეიტინგი ექნებათ.

Purely Football-ის ვერსიით, FIFA 15-ის ყველაზე მაღალრეიტინგული მოთამაშეები იქნებიან:

ადგილი: ფეხბურთელი: რეიტინგი:
10. სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”) 88
9. რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”) 88
8. იაია ტურე (“მანჩესტერ სიტი”) 88
7. ფრანკ რიბერი (“ბაიერნი”) 89
6. გარეტ ბეილი (“რეალი”) 89
5. არიენ რობენი (“ბაიერნი”) 89
4. ლუის სუარესი (“ბარსელონა”) 90
3. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“პსჟ”) 91
2. კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”) 93
1. ლეო მესი (“ბარსელონა”) 94

 

ლევან მჭედლიძე ევროჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ყველაზე ახალგაზრდა მეგოლეთა შორის

უეფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა იმ ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გოლის გატანა მოახერხეს. საუკეთესო ხუთეულში მეორე ადგილი დაიკავა ლევან მჭედლიძემ, რომელმაც 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, 2007 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოსა და იმ მომენტისთვის ჯგუფის ლიდერ შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებთა შორის თბილისში გამართულ მატჩში (2:0) ანგარიში გახსნა. მაშინ მჭედლიძე სულ 17 წლისა და 207 დღისა გახლდათ.

უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვყნებულ პუბლიკაციაში ქართველი ფეხბურთელის შესახებ ვკითხულობთ:

„ლევან მჭედლიძე – თბილისის „დინამოს“ სარეზერვო გუნდის მეკარის, კარლო მჭედლიძის შვილი.  სულ რაღაც 14 წლის ასაკში ქართველი იტალიაში წავიდა, სადაც საკლუბო კარიერა დაიწყო. ის იქ „ქართველ იბრაჰიმოვიჩად“ მონათლეს. სწორედ იტალიელთა წინააღმდეგ ჰქონდა საქართველოს მთავარ ნაკრებში დებიუტი, პირველი გოლი კი მეორე შეხვედრაში გაიტანა, რომელიც შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გაიმართა. „ემპოლის“ თავდამსხმელის გოლი ქართველებს დაეხმარა, რომ ჯგუფის ლიდერი დაემარცხებინათ. ამასთანავე, „სკუადრა აძურასაც“ საშუალება მიეცა, ბრიტანელთა ზემოთ მოქცეულიყო.

„როდესაც შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ “ემპოლიში” დავბრუნდი, მომეჩვენა, რომ მთელი საფეხბურთო იტალია მიცნობდა. ამ გოლის წყალობით სამშობლოშიც ცნობილი გავხდი. ეს ჩემი ცხოვრების დაუვიწყარი მომენტი იყო“, – განაცხადა მჭედლიძემ უეფას ოფიციალური ვებ-გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში.

რაც შეეხება სრულ სიას, პირველ ადგილზე უელსის ნაკრების ფეხბურთელი გარეტ ბეილი გავიდა, რომელმაც 2006 წლის 7 ოქტომბერს, სლოვაკეთის ნაკრებს 16 წლისა და 83 დღის ასაკში გაუტანა.

მესამე ადგილი წილად ხვდა ისრაელის ნაკრების თავდამსხმელ ბენ საჰარს, რომელმაც 2007 წლის 28 მარტს, ესტონეთის ნაკრებს 17 წლისა და 230 დღის ასაკში გაუტანა.

მეოთხე ადგილზე გავიდა ინგლისის ნაკრების ფორვარდი უეინ რუნი, რომელმაც 2003 წლის 6 სექტემბერს, მაკედონიას 17 წლისა და 317 დღის ასაკში გაუტანა.

მეხუთე ადგილი კი ყოფილი იუგოსლავიის ნაკრების ფეხბურთელ ზორან ფილიპოვიჩმა მიიღომ, რომელმაც 1971 წლის 9 მაისს, გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას გაუტანა.

ბექა დოგრაშვილი
ინტერნეტ-ჟურნალი Fanebi.com

ბეილი: „ინგლისში მომწონდა, თუმცა სხვა სტილის ფეხბურთიც მიზიდავს“

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა გარეთ ბეილმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომელთა გამოც იგი ესპანეთში გადავიდა.

„ტოტენჰემში“ ყოველთვის ბურთის მიღებას ვცდილობდი და ჩემს თანაგუნდელებს ვეხმარებოდი. „რეალში“ კი ნებისმიერ პოზიციაზე მსოფლიო დონის შემსრულებლები თამაშობენ, ამიტომაც ყურადღების გადატანა მხოლოდ ჩემს პოზიციაზე შემიძლია“, – აღნიშნა ბეილმა.

„ინგლისში თამაში მომწონდა, თუმცა ფეხბურთის სხვა სტილიც მიზიდავს. ესპანეთში ახალ სტილებსა და ახალ თამაშს ვსწავლობ, რაც მეტ გამოცდილებას მაძლევს. ამის დახმარებით, წარმატებას, როგორც კლუბს, ისე ნაკრებს მოვუტან“, – დაასრულა უელსელმა ფეხბურთელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

როცა რონალდუ არაა, „რეალში“ ბეილი მეფობს (ვიდეო)

ესპანეთის პრიმერადივიზიონის XV ტურში მადრიდის „რეალმა“ „ვალიადოლიდი“ მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:0 გაანადგურა.

მასპინძლებმა პირველი ტაიმის შუაწელს, სამწუთიან მონაკვეთში ორი გოლი გაიტანეს: ანგარიში 33-ე წუთზე გარეტ ბეილმა გახსნა, მოგვიანებით უელსელის პასით თავი კარიმ ბენზემამ გამოიჩინა. 64-ე წუთზე ბეილმა მეტოქე გუნდის მცველების შეცდომით ისარგებლა და „რეალის“ უპირატესობა გაზარდა. მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე კი, უელსელმა ფეხბურთელმა ჰეთ-თრიკი გაიფორმა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 4:0.

ამრიგად, ბეილმა „სამეფო კლუბის“ რიგებში პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა. მატჩს ტრიბუნიდან ადევნებდა თვალყურს ტრავმირებული კრიშტიანო რონალდუ, რომელსაც გვერდს ირინა შეიკი უმშვენებდა.

ესპანეთის პრიმერადივიზიონი
XV ტური
„რეალი“-„ვალიადოლიდი“ 4:0 (2:0)

გოლები: ბეილი 33′, 64′, 89′, ბენზემა 36′.
გაფრთხილებები: პეპე 71′ – ლუის სასტრე 81′.

ფეხბურთელთა კონტრაქტების ყველაზე საინტერესო პუნქტები

რატომ არ სურდა არუნა კონეს „ლევანტეს“ რიგებში გოლების გატანა? რამდენი გოლია საჭირო იმისთვის, რომ პრემიის სახით იახტა მიიღოთ? რა ღირს 20 წუთით ჩემბერლენის მოედანზე ყოფნა? Fanebi.Com-ი წარმოგიდგენთ ფეხბურთელთა კონტრაქტების ყველაზე საინტერესო პუნქტებს.


ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი („არსენალი“ და „საუთჰემპტონი“)
„საუთჰემპტონმა“ „არსენალს“ ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი 17 წლის ასაკში 12 მილიონ ფუნტად მიჰყიდა, თან კონტრაქტში ერთი საინტერესო პუნქტი ჩაწერა: თითოეული მატჩისთვის, რომელშიც ოქსლეიდ-ჩემბერლენი 20 წუთზე მეტ ხანს ითამაშებდა, „არსენალის“ ხელმძღვანელობას „წმინდანებისთვის“ დამატებით 10 ათასი ფუნტი უნდა გადაეხადა. ცბიერ არსენ ვენგერს ეკონომიის გაკეთება არასდროს ეშლებოდა. ფეხბურთის ფრანგ სპეციალისტს ოქსლეიდ-ჩემბერლენი მოედანზე 70-ე წუთის შემდეგ შეჰყავდა და კლუბიდან ფინანსების ამ გზით გადინებას ხელს უშლიდა.


მარკინოსი („რომა“ და „კორინთიანსი“)
დედაქალაქურმა კლუბმა პერსპექტიული ბრაზილიელი მცველი იჯარით აიყვანა. 18 წლის ფეხბურთელის იჯარა „რომას“ მხოლოდ 1,5 მილიონი ევრო დაუჯდა. „კორინთიანსისა“ და „რომას“ ხელშეკრულებაში ფეხბურთელის ავტომატური წესით გამოსყიდვის პირობაც ჩაიდო. თუ მარკინოსი „რომას“ რიგებში 8 მატჩში (ან მეტში) 45 წუთზე მეტ ხანს ითამაშებდა, „მგლები“ დამატებით 3 მილიონ ევროს გადაიხდიდნენ და მარკინოსს დაიტოვებდნენ. ფეხბურთელმა იტალიური კლუბის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა და შეთანხმებით გათვალისწინებული მატჩების რაოდენობა ჩემპიონატის პირველივე წრეში ჩაატარა. ამრიგად, „რომამ“ მარკინოსი მხოლოდ 4,5 მილიონ ევროდ ჩაიგდო ხელში, თვითონ კი ფეხბურთელის სანაცვლოდ „პარი სენ-ჟერმენს“ 30 მილიონ ევროზე მეტი გადაახდევინეს.


კარლოს ტევესი („იუვენტუსი“ და „მანჩესტერ სიტი“)
კარლოს ტევესი „იუვენტუსში“ 12 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და გუნდისთვის სარგებლიანობის მოტანა მაშინვე დაიწყო. ფეხბურთელს, რომელიც კარიერის დასრულებაზე ფიქრობდა, მეორე სუნთქვა გაეხსნა. ინგლისური კლუბის ხელმძღვანელებმა ივარაუდეს, რომ ტევესი „იუვენტუსს“ დიდ წარმატებებს მოუტანს და გადაწყვიტეს კონტრაქტში პუნქტი ჩაეწერათ, რომლის მიხედვითაც, თუ ტევესი „ბიანკონერის“ რიგებში ჩემპიონთა ლიგის თასს მოიგებს, ტურინელები „ქალაქელებს“ დამატებით 4 მილიონ ევროს გადაუხდიან.


ალბერტო აკვილანი („ლივერპული“ და „მილანი“)
ალბერტო აკვილანი „ლივერპულში“ ნისლიანი ალბიონის დასაპყრობად წავიდა, თუმცა მერსისაიდული გუნდის ხელმძღვანელებზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა და იტალიაში იჯარის წესით დააბრუნეს. „ლივერპულის“ ბოსებმა ფეხბურთელის სწრაფადვე მოშორება
გადაწყვიტეს და კონტრაქტში ავტომატურად გამოსყიდვის პუნქტი ჩაწერეს. ამისთვის აკვილანის სერია А-ს იმ სეზონში 25 მატჩი უნდა ჩაეტარებინა. „მილანში“ უკვე იმ დროს იყო ფინანსური კრიზისი და ტრანსფერების განხორციელებისთვისაც არ იყო საკმარისი თანხა. ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე იტალიელებს გაახსენდათ „ლივერპულის“ მიერ ჩაწერილი დამატებითი პუნქტი და აკვილანის სათადარიგოთა სკამზე მიუჩინეს ადგილი, აქაოდა, 25 მატჩი არ მოუგროვდესო.


ანდრეი შევჩენკო („მილანი“)
კარიერის პიკზე მყოფ ანდრეი შევჩენკოს სილვიო ბერლუსკონი შეპირდა, თუ სეზონში 25 გოლს გაიტან, იახტას გაჩუქებო. იმ სეზონში ანდრეის 25 გოლამდე მხოლოდ ერთი ბურთი დააკლდა. ბერლუსკონიმ იფიქრა, საცოდაობა არის ამის უსაჩუქროდ დატოვებაო და უკრაინელ თავდამსხმელს იახტა მაინც აჩუქა.


არუნა კონე („ლევანტე“ და „სევილია“)
ჰოლანდიური „პსვ“-დან „სევილიაში“ გადასულმა არუნა კონემ ესპანური კლუბის ხელმძღვანელობაზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. კონტრაქტის ბოლო წელს კონე იჯარის წესით „ლევანტეში“ გაასხვისეს. არავინ მოელოდა, მაგრამ კონემ გოლის გოლზე გატანა დაიწყო. კომიკური სიტუაცია იმაში მდგომარეობს, რომ ფეხბურთელს „სევილიასთან“ კონტრაქტი ავტომატურად გაუგრძელდებოდა, თუ ის სეზონში 16 გოლზე მეტს გაიტანდა. კოტ დივუარელ ფეხბურთელს „სევილიაში“ დაბრუნება არ სურდა და მომენტებს სპეციალურად აფუჭებდა, დისკვალიფიკაციებსაც განზრახ იღებდა, რათა გოლების ოდენობა 16 ბურთს არ გადასცდენოდა და „სევილიასთან“ ხელშეკრულება ავტომატურად არ გაგრძელებულიყო.


გარეტ ბეილი („ტოტენჰემი“ და „საუთჰემპტონი“)
გარეტ ბეილის „საუთჰემპტონიდან“ „ტოტენჰემ ჰოთსპურში“ ტრანსფერის დროს, მხარეებმა კონტრაქტში შეიტანეს პუნქტი, რომლის მიხედვითაც, თუ ლონდონური კლუბი ბეილს გაყიდდა, „წმინდანები“ ტრანსფერის ღირებულების 25 პროცენტს მიიღებდნენ, თუმცა მოგვიანებით „საუთჰემპტონს“ ფინანსურად გაუჭირდა და „ტოტენჰემიდან“ რომელიმე ფეხბურთელის გადმოსვლის სანაცვლოდ, ხელშეკრულებიდან ამ პუნქტის ამოღება გადაწყვიტა. „ტოტენჰემმა“ „საუთჰემპტონს“ მეკარე ტომი ფორკასტი მხოლოდ 50 ათას ფუნტად დაუთმო. 2013 წელს „დეზებმა“ ბეილი მადრიდის „რეალს“ 100 მილიონ ევროდ მიჰყიდეს. საბოლოო ჯამში, ისე გამოვიდა, რომ „საუთჰემპტონს“ 25 მილიონი ფუნტის მიღება შეეძლო, თუმცა ხელში 50-ათასფუნტიანი მეკარე შერჩა.

ბექა დოგრაშვილი

ბეილი „ბარსელონასთან“ ითამაშებს

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთვნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, გარეთ ბეილი „ბარსელონასთან“ მატჩში პირველივე წუთებიდან ითამაშებს.

„ამჟამად ბეილი თავს კარგად გრძნობს და მოედანზე გამოსასვლელად მზადაა. გამოვა თუ არა იგი პირველივე წუთებიდან? ამას არ გამოვრიცხავ. რაც შეეხება მის სათამაშო პოზიციას, ამის შესახებ თუ ჰკითხავთ, მაშინ გიპასუხებთ, რომ მარჯვენა ფლანგზე ურჩევნია თამაში. ვფიქრობ, აქცენტს იგი სწორედ ფლანგებიდან შეტევაზე გააკეთებს“, – განაცხადა „ბლანკოსის“ თავკაცმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

„რეალმა“ ბეილის სერიოზული ტრავმა უარყო

ესპანურ „მარკაში“ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველ გარეტ ბეილს სერიოზული ტრავმა დაუდგინდა, „სამეფო კლუბი“ ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა.

„ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ბეილს  მალთაშუა თიაქრის დიაგნოზი დაუსვეს, სიმართლეს არ შეესაბამება. გასაკვირია, მაგრამ ფაქტია, რომ  ჩვენი კლუბის სამედიცინო შტაბის წევრებმა ჟურნალისტებს ფეხბურთელის რეალური ტრავმის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ ხუთშაბათს, 10 ოქტომბერს მიაწოდეს. ბეილს დისკოს მცირე დეფორმაცია დაუდგინდა, რაც ძალზედ გავრცელებულია ფეხბურთელებში და ეს მათ თავიანთი პროფესიული საქმიანობის ნორმალურად შესრულებაში ხელს არ უშლის“, – ნათქვამია „რეალის“ განცხადებაში.

ბექა დოგრაშვილი

ბეილს ოპერაცია დასჭირდება

მიუხედავად იმისა, რომ მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობამ გარეთ ბეილის სანაცვლოდ რეკორდული თანხა გადაიხადა, უელსელი მოთამაშე „სამეფო კლუბს“ ჯერ ვერაფრით დაეხმარა.

დიდი ალბათობით, ბეილი „ბლანკოსის“ თავკაცის კარლო ანჩელოტის განკარგულებაში კვლავ ვერ იქნება. ცნობილი ესპანური გამოცემის „მარკას“ ცნობით, ფეხბურთელს ზურგის ტრავმა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად იგი დისკომფორტს არ გრძნობს, შესაძლოა, მას ოპერაცია მაინც დასჭირდეს.

ცნობისთვის, ფეხბურთის ისტორიაში ჯერჯერობით ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთი გატანილი გოლია.

ალექსანდრე მატევოსოვი

“ბარსელონა” 2012 წელს ბეილის გადაბირებას ცდილობდა

ესპანური მედიის თანახმად, ორი სეზონის წინ კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელობას გარეთ ბეილის შეძენა სურდა.

როგორც Latdp.cat იტყობინება, 2011 წელს, “ბლაუგრანას” წარმომადგენლები უელსელი მოთამაშის აგენტ ჯონათან ბარნეტს ორჯერ შეხვდნენ. იმ დროს, კატალონიელები ერიკ აბიდალის შემცვლელს ეძებდნენ, რომელიც ტრავმირებული იყო.

მიუხედავად ამისა, ბარნეტმა “ბარსას” განუცხადა, რომ ბეილი, როგორც ფეხბურთელი, მაშინ ინგლისის დასატოვებლად მზად არ იყო და კიდევ ორი წელი მოცდა იყო საჭირო.

ამიტომაც, ბეილის ნაცვლად, “ბარსელონამ” “ვალენსიადან” ხორდი ალბა შეიძინა.

სანდრო საპანაძე

ბეილი: „შედეგები უნდა გავაუმჯობესო“

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა გარეთ ბეილმა განაცხადა, რომ მას თავისი თამაშის გაუმჯობესება სურს. მისი აზრით, უკეთესი შედეგების ჩვენებით, იგი გულშემატკივრებს თანადგომისთვის მადლობას გადაუხდის.

„სანტიაგო ბერნაბეუზე“ თამაში – ფანტასტიკურია, თუმცა ჩვენ უნდა ვიგებდეთ. „ატლეტიკოსთან“ მატჩში მოედანზე მეორე ნახევარში ჩავერთე და თავს კარგად ვგრძნობდი. ამის მიუხედავად, კიდევ მაქვს მოსამატებელი. ყოველდღე სულ უფრო და უფრო კარგად უნდა ვთამაშობდე, რათა გულშემატკივართა იმედები გავამართლო“, – განაცხადა უელსელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

რამდენს იხდიდა „მანჩესტერ იუნაიტედი“ ბეილის სანაცვლოდ?

„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ ყოფილი ნახევარმცველი გარეტ ბეილი შეიძლება არა მადრიდის „რეალში“, არამედ  „მანჩესტერ იუნაიტედში“ აღმოჩენილიყო.

აღნიშნული ტრანსფერის განხორციელებამდე ერთი დღით ადრე, „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბეილს უკეთესი შეთავაზება აქვს, ვიდრე მას მადრიდული კლუბი სთავაზობს და ყველაფერი თავად ფეხბურთელის სურვილზე იქნებოდა დამოკიდებული.

უცხოურ პრესაში დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ბეილის სანაცვლოდ დაახლოებით 150 მილიონ ევროს იხდიდა.

შეგახსენებთ, რომ „სამეფო კლუბმა“ 24 წლის უელსელი ფეხბურთელის სანაცვლოდ სარეკორდო თანხა გაიღო – დაახლოებით 100 მლნ. ევრო. 2 სექტემბერს ბეილმა „რეალთან“ 6-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.  მადრიდელთა ახალწვეულის დებიუტი, სავარაუდოდ, ესპანეთის ჩემპიონატის მე-4 ტურში შედგება, როცა „რეალი“ „ვილიარეალს“ დაუპირისპირდება. მატჩი ჩვენი დროით 15 სექტემბრის 00:00 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

ბეილი: „რეალში“ ჩემი გადასვლის ერთ-ერთი მიზეზი რონალდუა“

მადრიდის „რეალის“ ახალწვეულმა გარეტ ბეილმა განაცხადა, რომ „ტოტენჰემ ჰოთსპურიდან“ „სამეფო კლუბში“ გადაბარგების ერთ-ერთი მიზეზი კრიშტიანო რონალდუ იყო.

„კრიშტიანო შესანიშნავი ადამიანია. ის დამეხმარა, რომ გუნდში თავი კომფორტულად მეგრძნო. შემიძლია ვთქვა, რომ კრიშტიანო ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც „რეალში“ გადმოვედი. ვიმედოვნებ, ჩვენ ერთად კარგად ვითანამშრომლებთ მოედანზე“, – ციტირებს ბეილის სიტყვებს ესპანური პრესა.

შეგახსენებთ, რომ „სამეფო კლუბმა“ 24 წლის უელსელი ფეხბურთელის სანაცვლოდ სარეკორდო თანხა გაიღო. 2 სექტემბერს ბეილმა „რეალთან“ 6-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. სავარაუდოდ, ბეილის დებიუტი ესპანეთის ჩემპიონატის მე-4 ტურში შედგება, როცა „რეალი“ „ვილიარეალს“ დაუპირისპირდება. მატჩი ჩვენი დროით 15 სექტემბრის 00:00 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი