სვენ-გორან ერიქსონი: “ფერგიუსონი მოკვლით მემუქრებოდა, თუ რუნის მუნდიალზე წავიყვანდი”

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სვენ-გორან ერიქსონმა გამოცემა “თაიმსს” საინტერესო ინტერვიუ მისცა, რომლის ერთ-ერთი მონაკვეთი “მანჩესტერ იუნაიტედის” ექსთავკაც ალექს ფერგიუსონთან მომხდარ ინციდენტს დაეთმო.

შვედმა სპეციალისტმა ინტერვიუში 2006 წელს მომხდარი ამბავი გაიხსენა. ამ პერიოდში “წითელი ეშმაკების” აწ უკვე ყოფილმა თავდამსხმელმა უეინ რუნიმ ტრავმა მიიღო და გამოჯანმრთელების პროცესი საკმაოდ გაეწელა. ინგლისელმა ფეხბურთელმა მსოფლიოს ჩემპიონატამდე ტრავმის მოშუშება ვერ მოასწრო, თუმცა უშუალოდ ტურნირის მიმდინარეობისას გამოჯამრთელებისა და თამაშის საშუალება ჰქონდა. ამის მიუხედავად, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელ ალექს ფერგიუსონს მუნდიალზე რუნის გაშვება არ სურდა, რასაც ერიქსონთან დაძაბული სატელეფონო საუბარი მოჰყვა.

შვედი სპეციალისტი იხსენებს:

“ალექსი უცნაური კაცი იყო. ასეთი ჩვევა ჰქონდა: დამირეკავდა დილის შვიდ საათზე ან უფრო ადრე და ყოველგვარი მისალმების გარეშე იწყებდა ყვირილით საუბარს. როდესაც ასეთი გაღიზიანებული იყო ხოლმე, მასთან კომუნიკაცია შეუძლებელი ხდებოდა.

მან ის დილაც ჩხუბით დაიწყო. ყვიროდა, რომ მომკლავდა, თუ რუნის მსოფლიოს ჩემპიონატზე წავიყვანდი.

მე მას ვკითხე: “რა ხდება ალექს, რაშია საქმე?” თუმცა, ის მე არ მისმენდა და განაგრძობდა ყვირილსა და მუქარას. საბოლოო ჯამში, ვუთხარი: “რუნის მსოფლიოს ჩემპიონატზე მაინც წავიყვან. კარგი შვებულება, ჩაო” და ტელეფონი გავუთიშე”.

უეინ რუნიმ 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მართლაც ითამაშა, თუმცა “სამი ლომი” ტურნირს მეოთხედფინალურ ეტაპზე პორტუგალიის ნაკრებთან პენალტების სერიაში მარცხის შემდეგ გამოეთიშა.

ფერგიუსონმა პრემიერლიგაში “ლივერპულის” შანსები შეაფასა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ალექს ფერგიუსონმა ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში “ლივერპულის” შანსები შეაფასა.

“იურგენ კლოპმა “ლივერპულში” კარგი სამუშაო ჩაატარა. მან ფეხბურთელებში ინტერესი გააღვივა და გუნდს თავისი უნიკალური სტილი დაუბრუნა. ბოლო ორ ათწლეულში “ლივერპულმა” ბევრი მწვრთნელი შეიცვალა და გუნდი ახლა მართლაც შთამბეჭდავად თამაშობს.

ვგრძნობ, რომ ამ სეზონში “ლივერპული” ყველასთვის საშიში ძალა იქნება. გუნდი ჩემპიონობის ერთ-ერთი პრეტენდენტად მოგვევლინება. კლოპი ძალზედ ძლიერი პიროვნებაა. ასეთი ხასიათის სპეციალისტი ნებისმიერი ტოპ-კლუბისთვის საჭიროა”, – ციტირებს ფერგიუსონის სიტყვებს “სქაი სპორტსი”.

ფერგიუსონი: “დე ხეას ნაცვლად ნოიერის დამატება მინდოდა”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა აღიარა, რომ დავიდ დე ხეას ნაცვლად მანუელ ნოიერის შეძენა სურდა, თუმცა იქვე დაამატა, ესპანელი კიპერის დამატებით სწორი არჩევანი გავაკეთეთო.

“თავდაპირველად დე ხეას ვაკვირდებოდით, თუმცა შემდეგ “შალკეში” ნოიერმა გაიბრწყინა და ყურადღება გერმანელ კიპერზე გადავიტანეთ. გუნდის მეკარეების მწვრთნელმა ერიკ სტილმა გვითხრა, რომ სწორედ დავიდი უნდა დაგვემატებინა, რადგან წლების შემდეგ ნოიერზე უკეთ ათამაშდებოდა. ერიკი მართალი აღმოჩნდა. კარგია, რომ მაშინ მას დავუჯერე”, – ფერგიუსონის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში დავიდ დე ხეამ 27 მატჩი ჩაატარა და 25 გოლი გაუშვა.

 

ფერგიუსონმა ანჩელოტი შეაქო

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა კარლო ანჩელოტის შესახებ ისაუბრა. შოტლანდიელმა სპეციალისტმა ანჩელოტი ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად მოიხსენია.

“ანჩელოტი ჩემი მეგობარი და ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, ვინც კი ოდესმე მინახავს. იგი დიდებული პიროვნებაა და დარწმუნებული ვარ, რომ მალე განაახლებს სამწვრთნელო მუშაობას. ასეთი ადამიანები უსაქმოდ დიდი ხნით არ რჩებიან.

ჩვენი შეხვედრებიდან საუკეთესო მოგონება 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალია, როდესაც ჩვენ ტურინში “იუვენტუსი” დავამარცხეთ.

კარლომ ევროთასებზე საუცხოო შედეგი აჩვენა როგორც ფეხბურთელმა და როგორც მწვრთნელმა. ბევრი ვერ დაიკვეხნის ასეთი მიღწევებით”, – ფერგიუსონის სიტყვებს Football Italia ციტირებს.

 

ფერგიუსონი: “ლივერპულში” კლოპის მისვლის შემდეგ ნერვიულობა დავიწყე”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმა “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე იურგენ კლოპის დანიშვნაზე კომენტარი გააკეთა. შოტლანდიელის თქმით, კლოპი მერსისაიდულ გუნდში წარმატებას მიაღწევს.

“დიდი ხანია, იურგენს ვიცნობ და მისი შესწავლაც მოვასწარი. კლოპი ძლიერი, ჯიუტი პიროვნებაა. “ბორუსიაში” მისი განვლილი კარიერა ბევრ რამეზე მეტყველებს. ფსკერიდან დაიწყო და მწვერვალზე ავიდა. დარწმუნებული ვარ, კლოპი “ლივერპულში” თავს კარგად წარმოაჩენს. სიმართლე გითხრათ, ნერვიულობა დავიწყე”, – ფერგიუსონის სიტყვები ESPN-მა გამოაქვეყნა.

 

ფერგიუსონი: “გიგზი შესაძლოა, დღეს “მანჩესტერის” თავკაცი ყოფილიყო”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი ამბობს, რომ რაიან გიგზს შეეძლო, “წითელი ეშმაკების” თავკაცი უკვე დღესვე ყოფილიყო

“გიგზს კარიერა 35 წლის ასაკში რომ დაემთავრებინა, მე მას ჩემს თანაშემწედ დავნიშნავდი. ასეთ შემთხვევაში, მას უკვე დღეს შეეძლო, კლუბის თავკაცი ყოფილიყო. თუმცა, მე არასდროს მითხოვია რომელიმე ფეხბურთელისთვის კარიერის დასრულება”, – ფერგიუსონის სიტყვებს “ტელეგრაფი” აქვეყნებს.

 

ფერგიუსონი: “ინტერის” ჩაბარება შემეძლო, მაგრამ…”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი თავკაცი ალექს ფერგიუსონი გამოტყდა, რომ სამწვრთნელო კარიერის ბოლოს მილანის “ინტერის” ჩაბარება შეეძლო.

“კარიერის ბოლოს “ინტერის” პრეზიდენტ მასიმო მორატის შევხვდი. შემოთავაზებით დავინტერესდი, როდესაც იმ ფეხბურთელების ვინაობა გამაცნეს, რომელთა დამატებასაც მილანელები აპირებდნენ. სამწუხაროდ, მეუღლე იტალიაში გადასვლაზე ვერ დავითანხმე”, – ფერგიუსონის ბიოგრაფიის მონაკვეთს TMW აქვეყნებს.

 

ფერგიუსონი: “რონალდუ ჰეთთრიკებს ნებისმიერ გუნდში გაიტანდა, მესი – არა მგონია”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა მადრიდის “რეალის” ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ და “ბარსელონას” წამყვანი მოთამაშე ლიონელ მესი ერთმანეთთან შეადარა. შოტლანდიელის თქმით, მისი თავკაცობის პირობებში არცერთ ფეხბურთელს არ განუცდია ისეთი პროგრესი, როგორიც – რონალდუს.

“იუნაიტედში” ჩემი მუშაობის პერიოდში რონალდუმ დიდი პროგრესი განიცადა. ის ჩვენთან 17 წლის ასაკში მოვიდა, გამხდარი იყო. მას მუდმივად აკრიტიკებდნენ სიმულაციისა და სხვა მიზეზების გამო, თუმცა როდესაც ვარჯიშებზე თანაგუნდელებმა მისი დახმარება დაიწყეს, რონალდუ საოცარი მოთამაშე გახდა. დიდი ფეხბურთელებისთვის გადაწყვეტილების მიღების უნარი და მუდმივი პროგრესი უმთავრესია.

Messi - Ronaldo

ხალხი ბევრს კამათობს იმაზე, თუ ვინ არის მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე. ბევრი სრულიად სამართლიანად ასახელებს მესის. ძნელია, ამ მოსაზრებას შეეწინააღმდეგო. რონალდუ “მილუოლში, “ქუინს პარკ რეინჯერსში”, “დონკასტერსა” და ნებისმიერ გუნდში ითამაშებდა, გაიტანდა ჰეთთრიკებს. არა მგონია, მესის იგივე შეეძლოს.

რონალდუ ორივე ფეხით თამაშობს, სწრაფია, გამბედავია, დიდებულად მოქმედებს მეორე სართულზე. ჩემი აზრით, მესი მხოლოდ “ბარსელონას” ფეხბურთელია. ხვდებით, ალბათ, რასაც ვგულისხმობ”, – განაცხადა ფერგიუსონმა BBC-ს ეთერში.

სქოულზი: “მოურინიო მსაჯებზე ზეგავლენას ისე ვერ ახდენს, როგორც ამას ფერგიუსონი აკეთებდა”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ნახევარმცველმა პოლ სქოულზმა განაცხადა, რომ ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მსაჯებზე ზეგავლენას ისე ვერ ახდენს, როგორც ამას “წითელი ეშმაკების” ყოფილი თავკაცი ალექს ფერგიუსონი აკეთებდა.

“გასაკვირი არ არის ის, რომ სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ ჟოზე მოურინიო, რომელიც პრემიერლიგის ყველაზე წარმატებული მწვრთნელია, გადაწყვეტილებების მიმღებ პირებზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობს – მსაჯებით დაწყებული ინგლისის ფეხბურთის ასოციაციით დამთავრებული. პრობლემა ის არის, რომ მას ეს არ გამოსდის.

ყველა უმაღლესი დონის მწვრთნელი ცდილობს ზეგავლენის მოხდენას. ამას მოურინიო საკუთარი გუნდისთვის აკეთებს და ეს არ არის გასაკვირი, თუმცა არბიტრები მისი გავლენის ქვეშ არ ექცევიან. მათ არ მოსწონთ, როდესაც ვინმე მსაჯებს რაიმეს გაკეთებაზე უთითებენ.

Mourinho - Referee

ვფიქრობ, რომ არბიტრებს არ სურთ, მოურინიოს ზეგავლენის ქვეშ მოექცნენ, თუმცა არც იმას ვამბობ, რომ ვინც შეცდომას უშვებს, ის გავლენის ქვეშაა და მისი ქმედება წინასწარ განზრახულია.

ჩემი ყოფილი თავკაცი სერ ალექსი ნამდვილად ახდენდა არბიტრებზე ზეგავლენას. ჩემი აზრით, ზოგიერთ მსაჯს სურდა, რომ მისთვის თავი მოეწონა. იმას არ ვგულისხმობ, რომ ისინი ჩვენ გვეხმარებოდნენ. მათ სურდათ, შეცდომების დაშვების გარეშე ემუშავათ. არ ვიცი, რის მიღწევას ცდილობს მოურინიო. თუ მას ჰგონია, რომ არბიტრების კრიტიკით საკამათო ეპიზოდებში მსაჯები “ჩელსის” სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებენ, ძალიან ცდება”, – დაწერა სქოულმა “ინდეპენდენტის” საიტზე გამოყოფილ საკუთარ სვეტზე.

 

ალექს ფერგიუსონმა სიმბოლურ გუნდში “მანჩესტერის” ორი ვარსკვლავი არ შეიყვანა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა სიმბოლური გუნდი შეადგინა იმ ფეხბურთელებისგან, რომელთაც სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

დიდი ბრიტანეთის ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელის შემადგენლობა ასე გამოიყურება:

მეკარე: პეტერ შმეიხელი;
მცველები: გარი ნევილი, იაპ სტამი, რიო ფერდინანდი, დენის ირვინი;
ნახევარმცველები: როი კინი, პოლ სქოულზი, კრიშტიანუ რონალდუ, რაიან გიგზი;
თავდამსხმელები: რუდ ვან ნისტელროი, ერიკ კანტონა.

როგორც ხედავთ, ფერგიუსონმა სიმბოლურ გუნდში “მანჩესტერ იუნაიტედის” ორი ვარსკვლავი არ შეიყვანა: დევიდ ბექჰემი და უეინ რუნი.

 

ფერგიუსონი “მანჩესტერ იუნაიტედის” დღევანდელ მატჩზე ვერტმფრენით მიფრინდა (ფოტოები)

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასზე “იოვილ თაუინსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის გამართულ მატჩს “წითელი ეშმაკების” ყოფილი მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონიც დაესწრო. შოტლანდიელი სპეციალისტი სტადიონზე ვერტმფრენით დაეშვა.

მატჩი ანგარიშით 0:2 დასრულდა, “მანჩესტერ იუნაიტედის” სასარგებლოდ. გოლებიი ანდერ ერერამ და ანხელ დი მარიამ გაიტანეს.

Fergie1Fergie2

Fergie5

Fergie4

 

როგორ გააქარწყლა ჰენდერსონმა სერ ალექსის სიტყვები

გთავაზობთ Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეოთხე ნომერში გამოქვეყნებულ პუბლიკაციას სახელწოდებით „როგორ გააქარწყლა ჰენდერსონმა სერ ალექსის სიტყვები“.

ჯორდან ჰენდერსონი „სანდერლენდიდან“ „ლივერპულში“ 2011 წლის ზაფხულში გადავიდა. მაშინ ახალგაზრდა ინგლისელ ფეხბურთელს ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა, ბევრს ვერც წარმოედგინა, რომ ჰენდერსონი მერსისაიდულ გუნდში ადგილს დაიმკვიდრებდა, თუმცა მას შემდეგ თითქმის სამი წელიწადი გავიდა და ჯორდანი „წითლების“ ერთ-ერთ უცვლელ ფეხბურთელად გვევლინება. ბევრმა არ იცის, რომ ჰენდერსონის კარიერა შეიძლება სულ სხვაგვარად წარმართულიყო და ის „ენფილდის“ ნაცვლად, „ოლდ ტრაფორდზე“ აღმოჩენილიყო.

გასული წლის ბოლოს „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა თავკაცმა სერ ალექს ფერგუსონმა ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა, რომელიც მალევე იქცა საფეხბურთო სამყაროში ბესტსელერად. სერ ალექსი წიგნში იხსენებს, რომ „სანდერლენდის“ მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა სტივ ბრიუსმა ჰენდერსონს ფერგიუსონთან რეკომენდაცია გაუწია, მაგრამ „წითელი ეშმაკების“ ყოფილმა დამრიგებელმა შემოთავაზებული წინადადება უარით გაისტუმრა. ფერგიუსონმა თავისი გადაწყვეტილება ასე ახსნა, ჰენდერსონს ისეთ მიხრა-მოხრა აქვს, რომ შეიძლება მომავალში ტრავმული პრობლემები ჰქონდესო.

ჰენდერსონმა იხტიბარი არ გაიტეხა, პირიქით კი შეიძლება ითქვა, სერ ალექსის ეს სიტყვები შექებად მიიღო: „სიმართლე რომ გითხრათ, ეს ჩემთვის ერთგვარი კომპლიმენტი იყო. თუ წიგნის ამ მონაკვეთს კარგად წაიკითხავთ, მიხვდებით, რომ სტივ ბრიუსმა ჩემზე ძალიან დადებითად ისაუბრა, თუმცა სერ ალექსმა ჩემი სირბილის სტილის გამო უარი განაცხადა. მისი ასეთი დაინტერესება გამოვიწვიე, ესე იგი, რაღაცას სწორად ვაკეთებ და ვფიქრობ, ასეც უნდა გავაგრძელო.

„ამ ყველაფერს დიდ ყურადღებას არ ვაქცევ. ფოკუსირება ჩემს თავზე უნდა მოვახდინო, რომ ფიზიკური სიმხნევე შევინარჩუნო. თუმცა,  ვიმეორებ, რომ ფერგიუსონმა იცის, რასაც ამობობს“.

კონკრეტულად გავარკვიოთ, თუ რა დაწერა ალექს ფერგიუსონმა თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში ჰენდერსონის სირბილის მანერასთან დაკავშირებით:
„ჯორდან ჰენდერსონს აქტიურად ვაკვირდებოდით, სტივ ბრიუსიც ძალიან აქებდა მას, მაგრამ მაინც უარი ვთქვით, რადგან შევნიშნეთ, რომ ის მუხლებითა და სწორი ზურგით დარბის, როცა თანამედროვე ფეხბურთელები სირბილის დროს ბარძაყებს იყენებენ.  ვიფიქრეთ, რომ სირბილის ასეთ მანერას შესაძლოა, მომავალში პრობლემები გამოეწვია“.

საინტერესოა, რა იგულისხმა გამოცდილმა სერ ალექსმა ამ სიტყვებში და რამდენად მართალია ის. ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ინგლისის ქალაქ ბათის უნივერსიტეტის ლექტორი, დოქტორი აკი სალო შეეცდება:

„აზრზე არ ვარ, სერ ალექს ფერგიუსონი რაზე ლაპარაკობს. კი ბატონო, თუ ადამიანი არასწორად დარბის, ამან შეიძლება რაიმე გავლენა იქონიოს, მაგრამ როგორც ფეხბურთში ასე თუ ისე ჩახედული კაცი,  გეტყვით, რომ ფერგიუსონის მიერ აღწერილი ჰენდერსონის სირბილის მანერა ასეთი აღსანიშნავია ნამდვილად არ არის“.

ჰენდერსონთან ერთად 2011 წელს „ლივერპულში“ ენდი კეროლი, სტიუარტ დაუნინგი და ჩარლი ადამი მოვიდნენ, რომელთა სანაცვლოდაც „ენფილდროუდელთა“ მეპატრონეებმა საკმაოდ მსუყე თანხა გაისროლეს, თუმცა ზემოთ ჩამოთვლილი ფეხბურთელებიდან მხოლოდ ჯორდანი შემორჩა „ენფილდს“.
ჰენდერსონის პროგრესი აშკარაა, რაზეც ციფრებიც მეტყველებს. თუ 2011 წლის სექტემბერში „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში (0:4) ინგლისელი ფეხბურთელი 90 წუთის განმავლობაში მხოლოდ 46-ჯერ ჩაერთო თამაშში, 2013 წლის დეკემბერში იმავე „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ შემდგარ შეხვედრაში (5:0) მან ეს მაჩვენებელი 78-ზე აიყვანა, პლუს გაიტანა გოლი და გააკეთა საგოლე გადაცემა. სათქმელია,  რომ აღნიშნულ მატჩში ტრავმის გამო მონაწილეობა ვერ მიიღო სტივენ ჯერარდმა, თუმცა მისი ფუნქციები მშვენივრად იკისრა ჰენდერსონმა.

როცა ჯერარდს ადარებენ, ჰენდერსონს ეცინება და ამბობს: „არა მგონია, რომ ოდესმე მეორე სტივენ ჯერარდი გავხდე“.

„ლივერპულმა“ ჰენდერსონის სანაცვლოდ თავის დროზე 16 მილიონი ფუნტი გაიღო. მაშინ ეს გადაჭარბებულ თანხად მიაჩნდათ, თუმცა დღეს უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ ეს არ ყოფილა წყალში გადაყრილი ფული.

„ახალ გუნდთან შეგუებას ყოველთვის სჭირდება დრო. აქ მოვედი იმ კლუბიდან, რომლის რიგებშიც შვიდი წლის ასაკიდან ვირიცხებოდი. ახალ გუნდში მოსულს შენი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენა გიწევს. ხანდახან ვგრძნობდი, რომ ამ სირთულეების გაძლება შემეძლო, ხანდახან კი – ვერა. „ლივერპულთან“ ერთად გატარებულ პირველ სეზონში ვერ ვაჩვენე ის შესაძლებლობები, რასაც საკუთარი თავისგან მოველოდი. ახლა ვხვდები, რომ ყველაფერს თავისი ეტაპები აქვს და ასე იყო მაშინაც. როდესაც ხალხი გაკრიტიკებს და გეუბნება, რომ შენ „ლივერპულში“ თამაშის ღირსი არ ხარ, ეს მოტივაციას გძენს, გიჩნდება ჟინი, რომ მათი სიტყვები გააქარწყლო. ეს ყველაფერი ისევ შენთვისაა სასიკეთო, ფსიქოლოგიურადაც უფრო ძლიერდები“, – ამბობს 23 წლის ნახევარმცველი.

„ლივერპულის“ თავკაცის პოსტზე ბრენდან როჯერსი დაახლოებით 20 თვის წინათ დაინიშნა. მაშინ ბევრი ვარაუდობდა, რომ ჰენდერსონს კეროლის, დაუნინგისა და ადამის ბედი ეწეოდა და ისიც აბარგდებოდა „ენფილდიდან“. ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ლონდონური „ფულემიც“ იჩენდა. როჯერსმა ჰენდერსონს არჩევანის გაკეთების საშუალება მისცა, ჯორდანმა დარჩენა გადაწყვიტა. ამან ახალ მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის ურთიერთბა განამტკიცა.

„მწვრთნელთან ახლაც კარგი ურთიერთობა მაქვს. მან ზუსტად მითხრა, განვითარებისთვის თუ რა თვისებები უნდა გამომემუშავებინა. გარანტიას ვერ მომცემდა, რომ ყოველ მატჩში ძირითად შემადგენლობაში ვიქნებოდი, მაგრამ მგონია, რომ მასაც სურდა გუნდში ჩემი დარჩენა. გადაწყვეტილება ადვილად მივიღე, საკუთარ თავს რწმენა გამოვუცხადე. ბრენდანი ძალიან დამეხმარა. ახლა უკან ვიყურები და ვხვდები, რაოდენ დიდი ნაბიჯი გადავდგი წინ. მაშინ ტაქტიკური თვალსაზრისით ბევრი რამ ვისწავლე: გავიგე, როდის უნდა დავიცვა გუნდი, როდის შევუტიო, როდის მივმართო პრესინგს. მანამდე ყველგან სირბილი მინდოდა, მაგრამ ახლა მატჩის დროს უფრო მეტს ვფიქრობ“, – დაამატა ჰენდერსონმა.

ბექა დოგრაშვილი