სვენ-გორან ერიქსონი: “ფერგიუსონი მოკვლით მემუქრებოდა, თუ რუნის მუნდიალზე წავიყვანდი”

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სვენ-გორან ერიქსონმა გამოცემა “თაიმსს” საინტერესო ინტერვიუ მისცა, რომლის ერთ-ერთი მონაკვეთი “მანჩესტერ იუნაიტედის” ექსთავკაც ალექს ფერგიუსონთან მომხდარ ინციდენტს დაეთმო.

შვედმა სპეციალისტმა ინტერვიუში 2006 წელს მომხდარი ამბავი გაიხსენა. ამ პერიოდში “წითელი ეშმაკების” აწ უკვე ყოფილმა თავდამსხმელმა უეინ რუნიმ ტრავმა მიიღო და გამოჯანმრთელების პროცესი საკმაოდ გაეწელა. ინგლისელმა ფეხბურთელმა მსოფლიოს ჩემპიონატამდე ტრავმის მოშუშება ვერ მოასწრო, თუმცა უშუალოდ ტურნირის მიმდინარეობისას გამოჯამრთელებისა და თამაშის საშუალება ჰქონდა. ამის მიუხედავად, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელ ალექს ფერგიუსონს მუნდიალზე რუნის გაშვება არ სურდა, რასაც ერიქსონთან დაძაბული სატელეფონო საუბარი მოჰყვა.

შვედი სპეციალისტი იხსენებს:

“ალექსი უცნაური კაცი იყო. ასეთი ჩვევა ჰქონდა: დამირეკავდა დილის შვიდ საათზე ან უფრო ადრე და ყოველგვარი მისალმების გარეშე იწყებდა ყვირილით საუბარს. როდესაც ასეთი გაღიზიანებული იყო ხოლმე, მასთან კომუნიკაცია შეუძლებელი ხდებოდა.

მან ის დილაც ჩხუბით დაიწყო. ყვიროდა, რომ მომკლავდა, თუ რუნის მსოფლიოს ჩემპიონატზე წავიყვანდი.

მე მას ვკითხე: “რა ხდება ალექს, რაშია საქმე?” თუმცა, ის მე არ მისმენდა და განაგრძობდა ყვირილსა და მუქარას. საბოლოო ჯამში, ვუთხარი: “რუნის მსოფლიოს ჩემპიონატზე მაინც წავიყვან. კარგი შვებულება, ჩაო” და ტელეფონი გავუთიშე”.

უეინ რუნიმ 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მართლაც ითამაშა, თუმცა “სამი ლომი” ტურნირს მეოთხედფინალურ ეტაპზე პორტუგალიის ნაკრებთან პენალტების სერიაში მარცხის შემდეგ გამოეთიშა.

ანანიძე: “ბეილი ჩემზე ძლიერია, მაგრამ ჩემზე ხშირად ტრავმიანობს, აღნაგობა არაფერ შუაშია”

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის “სპარტაკის” ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ რუსული კლუბის ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში უარყო მოსაზრება, თითქოს მისი ხშირი ტრავმიანობა ფიზიკურ მონაცემებთან არის დაკავშირებული.

“სპარტაკის” ლიდერობა მსურს, თუმცა მესმის, რომ ეს ან ახლა მოხდება ან არასდროს. ვგრძნობ, რომ შემიძლია ისე ვითამაშო, როგორც ამას ჩემგან გულშემატკივრები მოელიან. სამწუხაროდ, ხშირად ტრავმები მიშლიდა ხელს. ფაქტობრივად ათი წლიდან სამი მკურნალობაში მაქვს გატარებული. ხშირად ვკითხულობ, თითქოს ყველაფერი ჩემი აღნაგობის ბრალია, მაგრამ შეხედეთ მადრიდის “რეალის” ფეხბურთელ გარეტ ბეილს. ის ჩემზე სამჯერ მეტს იწონის და კუნთებიც სამჯერ დიდი აქვს, თუმცა ჩემზე ხშირად ტრავმიანობს. მან “რეალში” ყოფნის ექვსი წლიდან მხოლოდ წელიწადნახევარი ითამაშა.

ალბათ, უფროსების წინააღმდეგ თამაში საკმაოდ ადრეულ ასაკში დავიწყე. გარდა ამისა, თავიდან სატრენაჟორო დარბაზებს ხშირად არ ვსტუმრობდი. ახლა გაცილებით ხშირად ვვარჯიშობ. იმას არ ვამბობ, რომ რობოტის დონემდე უნდა მიხვიდე, როცა ბურთსაც ვეღარ გრძნობ, მაგრამ პროფილაქტიკა აუცილებელია, რათა კუნთები და სახსრები კარგ მდგომარეობაში იყოს.

დეკემბრამდე უნდა ვაჩვენო, რა შემიძლია: გოლების გატანა, საგოლე გადაცემები. თამაშის მიმდინარეობის წაყვანა. მთავარი მწვრთნელისგან ნდობას ვგრძნობ და ეს მეხმარება”, – აღნიშნა ანანიძემ.

“ინტერმა” რაჯა ნაინგოლანი ტრანსფერზე დააყენა

მილანის “ინტერმა” გუნდის ნახევარმცველ რაჯა ნაინგოლანის ტრანსფერზე დაყენება გადაწყვიტა.

მილანურ გუნდში ბელგიელი ფეხბურთელის პირველი სეზონი არაერთმნიშვნელოვანი გამოდგა: ნაინგოლანმა დიდი პერიოდი ლაზარეთში გაატარა, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში ჰქონდა საკმაოდ კარგი თამაშებიც.

“კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ “ნერაძურიმ” ფეხბურთელთან განშორების გადაწყვეტილება მიიღო. წყაროს თანახმად, “ინტერის” ხელმძღვანელობამ ნაინგოლანის აგენტ ალესანდრო ბელტრამის უკვე აცნობა, რომ ფეხბურთელი ტრანსფერზეა დაყენებული.

ბუფონს “ბრეშა” ეპატიჟება

ლეგენდარული იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი პროფესიული კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს.

“პარი სენ-ჟერმენიდან” წამოსვლის შემდეგ 41 წლის კიპერი, სავარაუდოდ, სამშობლოს მიაშურებს. Football Italia წერს, რომ ბუფონის დამატებით “ბრეშა” არის დაინტერესებული, რომელმაც ვეტერანი მეკარისთვის წინადადება უკვე მოამზადა. შეგახსენებთ, რომ “ბრეშამ” იტალიის სერია B მოიგო და დამდეგ წელს სერია A-ში იასპარეზებს.

როგორც მოგეხსენებათ, ჯანლუიჯი ბუფონმა გასული სეზონი “პარი სენ-ჟერმენში” გაატარა, რომლის რიგებშიც ყველა ტურნირზე ერთად 25 მატჩი ჩაატარა და ამდენივე გოლი გაუშვა. იტალიელი კიპერი პარიზული კლუბის გარდა კარიერის განმავლობაში ტურინის “იუვენტუსისა” და “პარმას” ღირსებას იცავდა.

ჯეიმს მილნერი: “მესიმ ვირი მიწოდა”

“ლივერპულის” ნახევარმცველმა ჯეიმს მილნერმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე “ბარსელონასთან” გამართული მატჩის მიმდინარეობისას ლიონელ მესისთან მომხდარი კონფლიქტის შესახებ ისაუბრა.

როგორც აღმოჩნდა, 33 წლის ინგლისელს ესპანური ენა ესმის. აღსანიშნავია, რომ ის შვილებს ხშირად სწორედ ესპანურ ენაზე ესაუბრება, სწორედ ასე გაიგო მან მესის ნათქვამი სიტყვები. მილნერმა “ენფილდზე”, “ლივერპულსა” და “ბარსელონას” შორის გამართული მატჩის პირველი ნახევრის შემდეგ არგენტინელთან საუბარი გაიხსენა.

“მესი უკმაყოფილო იყო. პირველი ტაიმის შემდეგ გასახდელისკენ მიმავალს ესპანურად საუბარი დამიწყო. მან მე მიწოდა “Burro”. ეს სიტყვა ითარგმნება, როგორც “ვირი”, თუმცა მგონია, რომ ამ ტერმინს ესპანურ ფეხბურთში უხეში ფეხბურთელების მიმართ იყენებენ.

მე მას ვკითხე, ყველაფერი რიგზე იყო თუ არა, თუმცა ყურადღება არ მომაქცია. ჩემი აზრით, ის ვერ მიხვდა, რომ ესპანური ენა მესმოდა. მან თქვა: “ასე უხეშად იმიტომ ითამაშე, რომ ბურთი ფეხებს შორის გაგიძვრინე.” მე საუბარი აღარ გამიგრძელებია და გასახდელში შევედი. მის მიმართ მხოლოდ აღტაცებას გამოვხატავ.

ამის მიუხედავად, მესის თამაშით აღფრთოვანებული ვარ. მას ყველაფრის თქმის უფლება აქვს. ცხადია, მის წინააღმდეგ თამაში რთულია. თუ მის შეჩერებას შეეცდები, შეიძლება, ისე მოხდეს, რომ სულელი გამოჩნდე. მეც ასე დამემართა – მან ბურთი ფეხებს შორის გამიძვრინა, ამ კადრს კი მილიონობით ნახვა აქვს. მე არც პირველი ვყოფილვარ და არც უკანასკნელი. ის შეუდარებელი ფეხბურთელია”, – აღნიშნა მილნერმა “დეილი მეილთან” საუბრისას.

თუ მილნერი იტანს, მისი გუნდი მატჩს არ აგებს

“ლივერპულის” ნახევარმცველმა ჯეიმს მილნერმა ინგლისის პრემიერლიგაში უნიკალური მიღწევა გაიმეორა.

როცა მილნერი პრემიერლიგის შეხვედრაში გოლის გატანას ახერხებს, მისი გუნდი მატჩს არ აგებს. ინგლისელ ფეხბურთელს ეროვნული ჩემპიონატის 46 შეხვედრაში აქვს გოლი გატანილი და ყველა შემთხვევაში მისმა გუნდმა მოედანი დაუმარცხებლად დატოვა. კერძოდ, 37-ჯერ მილნერის გუნდმა იმარჯვა, დანარჩენ 9 შემთხვევაში კი მატჩი ფრედ დაასრულა. ჯეიმს მილნერს პრემიერლიგაში გოლები “ლივერპულის”, “მანჩესტერ სიტის”, “ნიუკასლ იუნაიტედისა” და “ასტონ ვილას” ფორმით გაუტანია.

თავის დროზე ანალოგიური მიღწევა ჰქონდა დარიუს ვასელს, რომელიც “მანჩესტერ სიტიში” და “ასტონ ვილაში” გამოდიოდა. მან კარიერა 2012 წელს დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ ჯეიმს მილნერმა ინგლისის პრემიერლიგის 21-ე ტურში გოლი “მანჩესტერ იუნაიტედს” გაუტანა. ეს შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

ჯეიმს მილნერი “ლივერპულში” მე-7 ნომრით ითამაშებს (ფოტოები)

“ლივერპულმა” დღეს კლუბის ახალწვეული ჯეიმს მილნერი წარადგინა.

ინგლისელმა ფეხბურთელმა მერსისაიდულ გუნდში მე-7 ნომერი აირჩია, რომელიც “ბარსელონაში” ლუის სუარესის წასვლის შემდეგ ვაკანტური იყო. ამ ნომრით “ენფილდროუდელთა” რიგებში ისეთ ლეგენდარულ ფეხბურთელებს უთამაშიათ, როგორებიც იყვნენ კენი დალგლიში, კევინ კიგანი, ჯონ ოლდრიჯი, სტივ მაკმანამანი და სხვანი.

 

ჯეიმს მილნერი ესპანეთში მიდის?

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი ჯეიმს მილნერი კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებით დაინტერესებული არ არის.

“დეილი ექსპრესის” ცნობით, ინგლისელი ფეხბურთელი მიმდინარე წლის ზაფხულში კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. მილნერის მიმართ ინტერესს ლონდონის “არსენალი” და “ლივერპული” იჩენენ, თუმცა თავად ფეხბურთელს საზღვარგარეთ თამაში სურს. ESPN-ის თანახმად, ინგლისელი ნახევარმცველი ბოლო პერიოდში აქტიურად არის დაკავებული ესპანური ენის შესწავლით.

ჯეიმს მილნერმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 36 მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე პასი გააკეთა. მატჩების უმრავლესობაში ფეხბურთელი მოედანზე შეცვლაზე შევიდა, ან თავად ის შეცვალეს.

 

ინგლისელების გართობა ვეგასში… უილშირი ისევ ეწევა

ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებმა ჯო ჰარტმა, ჯეკ უილშირმა და ჯეიმს მილნერმა ჩავარდნილი მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ლას-ვეგასში განტვირთვა გადაწყვიტეს.

გავრცელდა მათი გართობის ამსახველი ფოტომასალაც. ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ უილშირი კვლავ გამოიჭირეს სიგარეტის მოწევის პროცესში. ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ოქტომბრის თვეში ინგლისელი ნახევარმცველი სიგარეტით ხელში დააფიქსირეს. მაშინ უილშირმა თქვა, რომ ზოგადად არ ეწევა და ამიერიდან სიგარეტისკენ აღარც გაიხედავდა, თუმცა… შარშან არსენ ვენგერმა ამ ფაქტის გამო ფეხბურთელი საჯაროდ გააკრიტიკა. საინტერესოა, ახლა რა ელის უილშირს.