როგორც მოგეხსენებათ, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველო D ქვეჯგუფში გერმანიის, ირლანდიის, პოლონეთის, შოტლანდიისა და გიბრალტარის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში „ჯვაროსანთა“ მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ წილისყრის შედეგები შეაფასა და გუნდის შანსებზე ისაუბრა.
„ფავორიტი არის გერმანიის ნაკრები, რომელსაც მოსდევს დანარჩენი ორი საგზურისთვის მებრძოლი ოთხი გუნდი. შეიძლება ითქვას, რომ სხვა ქვეჯგუფებისგან განსხვავებით, ჩვენთან არ არის ის მეორე გუნდი, რომელიც ყველა თამაშს მოიგებს და გარანტირებული ექნება საგზური. ჩვენ ვთქვით, რომ მესამე ადგილისთვის ვიბრძოლებთ, თუმცა შეიძლება მეორე ადგილისთვის ბრძოლის შანსიც მოგვეცეს. არა მგონია, მესამე და მეორე ადგილებს შორის ძალიან დიდი სხვაობა გაჩნდეს. შეიძლება ითქვას, რომ ძნელი ქვეჯგუფია, კალათებით გათვალისწინებული თითქმის ყველა საუკეთესო გუნდი ჩვენთან მოხვდა.
არავისთან ადვილი თამაში არ იქნება. ერთი ფავორიტი არ ნიშნავს იმას, რომ შოტლანდიის, ირლანდიისა და პოლონეთის ნაკრებები ჩვენთვის იოლი მეტოქეები იქნებიან, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ერთ-ერთი საგზურისთვის ვიბრძოლოთ. არავისთვის ადვილი მოწინააღმდეგე არ ვიქნებით.
ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ყველასთან შეგვიძლია თამაში. მე არა მგონია, რომ წინა შესარჩევი ეტაპის ქვეჯგუფი ამაზე მარტივი ყოფილიყოს, უფრო რთულიც კი იყო. მაშინ სულ ერთი მოგება დაგვაკლდა, რომ მესამე ადგილზე გავსულიყავით, თუმცა ყველა მხრიდან დავუშვით შეცდომები. ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა გუნდი, რომელიც წინა შესარჩევ ეტაპზე მიიღებდა გამოცდილებას და მოემზადებოდა ახალი ქვეჯგუფისთვის. ახლა უკვე გვაქვს გეგმა, გვაქვს მიზანი, რომელიც ყველაზე ცუდ შემთხვევაში, გუნდის პლეი-ოფში მოხვედრას გულისხმობს. პლეი-ოფში შედარებით თანაბარ მეტოქესთან იმართება მატჩები და ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის ბრძოლაც შეგიძლია.
ვერცერთ მეტოქეზე ვერ ვიტყვი, რომ ჩვენზე უარესი გუნდია და გვინდა თუ არ გვინდა, უნდა მოვუგოთ, მაგრამ მათი სიძლიერე იმას არ ნიშნავს, რომ ვინმესთვის ადვილი მოწინააღმდეგე ვიქნებით.
გუნდში ახალგაზრდა ფეხბურთელები არიან და დიდი იმედი მაქვს, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ქართველი გულშემატკივრები გაახარონ.
შეიძლება ითქვას, რომ ჩვენთვის კარგი კალენდარია. პირველ მატჩს ვატარებთ შინ ირლანდიის ნაკრებთან, რომელიც მეორე თუ არა, მესამე ადგილისთვის იბრძოლებს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს შეხვედრა მოვიგოთ, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, თამაში არ უნდა წააგო. შემდეგი ორი მატჩი გასვლაზე გვაქვს – შოტლანდიასთან და გიბრალტართან. შოტლანდიასთან ფრე, გიბრალტარს არ ვიცნობთ, მაგრამ ორი აზრი არ არსებობს, რომ 3 ქულა უნდა ავიღოთ. კარგია ისიც, რომ ბოლო მატჩი გერმანიის ნაკრებთან გვაქვს.
მე მჯერა, რომ ჩვენს ქვეჯგუფში დანარჩენი ოთხი გუნდი ერთმანეთში ბევრ ქულას დაკარგავს, რადგან არ არის გამორჩეული ფავორიტი. ამიტომ, იმედი მაქვს, ჩვენ ვიქნებით ის გუნდი, რომელიც საკმარის ქულებს დააგროვებს იმისათვის, რომ თუ მეორე არა, მესამე ადგილზე მაინც გავიდეთ და პლეი-ოფისთვის ვიბრძოლოთ“, – აღნიშნა თემურ ქეცბაიამ.
ქვეჯგუფის სრული კალენდრის სანახავად გადადით ბმულზე: ევროჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი – ჩვენი ჯგუფის კალენდარი
ბექა დოგრაშვილი