ინგლისში რუსეთის მუნდიალის ბოიკოტირების ინიციატივით გამოდიან

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ყოფილი ხელმძღვანელი დევიდ ბერნშტეინი 2018 წელს რუსეთში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის ბოიკოტირების ინიციატივით გამოვიდა. მისი თქმით, თუ ფიფაში ძირეული რეფორმები არ გატარდება, ძლიერმა საფეხბურთო ქვეყნებმა რუსეთში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი უნდა გამოაცხადონ.

“მხოლოდ ინგლისი სიტუაციაზე ზეგავლენას ვერ მოახდენს, ეს სასაცილოც კი იქნებოდა. თუმცა, თუ უეფას ყველა ქვეყანა გავერთიანდებით, გაცილებით ეფექტიანი იქნება. გერმანიას, ჰოლანდიას, საფრანგეთს, ესპანეთს, იტალიას ფეხბურთში საკმაოდ მძიმე წონა აქვთ და მათ გარეშე მსოფლიოს ჩემპიონატის ნორმალურად ჩატარება შეუძლებელია. ახლა ისევ რომ ვიყო ასოციაციის პრეზიდენტი, ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის, რომ ეს ქვეყნები ჩვენს პოზიციაზე გადმოგვეყვანა. ვთვლი, რომ ფიფაში ფუნდამენტური რეფორმებია გასატარებელი, პრეზიდენტმა ბლატერმა კი დაკავებულოი პოსტი უნდა დატოვოს. თუ ასე არ მოხდება, მომდევნო მსოფლიოს ჩემპიონატს ბოიკოტი უნდა გამოვუცხადოთ”, – ციტირებს ბერნშტეინის სიტყვებს BBC.

 

“გადაღლილი” სტერლინგი ღამის კლუბში 3 საათამდე ერთობოდა

ბრიტანული პრესის ცნობით, ინგლისის ეროვნული გუნდისა და “ლივერპულის” ნახევარმცველი რაჰიმ სტერლნგი ესტონეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართული მატჩის (1:0) შემდეგ ღამის კლუბში შენიშნეს.

თვითმხილველთა თქმით, სტერლინგს თან ლონდონის “არსენალის” ფეხბურთელები — დანი უელბეკი და ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი ახლდნენ. მათი განცხადებით, სტერლინგი ლონდონის ერთ-ერთ ღამის კლუბში 3 საათამდე ერთობოდა.

ესტონეთისა და ინგლისის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში “სამი ლომის” მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა სტერლინგი სასტარტო განაცხადში ფეხბურთელის დაღლილობის მომიზეზებით არ დააყენა.

Sterling

ყველაზე დიდი ანგარიშები ინგლისის პრემიერლიგის ისტორიაში

მოგეხსენებათ, ინგლისის პრემიერლიგის ბოლო ტურის შეხვედრაში „საუთჰემპტონმა“ „სანდერლენდი“ საკუთარ მეოდანზე გამანადგურებელი ანგარიშით 8:0 დაამარცხა. მსგავსი ანგარიში პრემიერლიგაში ასევე სხვადასხვა წელს დაფიქსირდა.

1995 წლის ოთხ მარტს „მანჩესტერ იუნაიტედმა“ შინ „იპსვიჩი“ 9:0 გაანადგურა. 2009 წლის 22 ნოემბერს ასევე 9 ბურთი „ტოტენჰემმა“ გაიტანა, თუმცა „იპსვიჩისგან“ შედარებით, „უიგანმა“ მეტოქეს ერთი გოლით უპასუხა. ანგარიში 8:0 ასევე 1999 წლის 19 სექტემბერსა და 2010 წლის 8 მაისს დაფიქსირდა. პირველ შემთხვევაში, „ნიუკასლმა“ „შეფილდ უენსდი“ გაანადგურა, ხოლო მეორე შემთხვევაში, „ჩელსიმ“ „უიგანი“ დაამარცხა.

PremierLeague

ინგლისი და იტალია ერთმანეთის წინააღმდეგ

ინგლისისა და იტალიის ნაკრებებმა ერთმანეთში ორი ამხანაგური მატჩის გამართვა დაგეგმეს.

პირველი შეხვედრა 2015 წლის 31 მარტს, იტალიაში გაიმართება, მეორე მატჩი კი – 2016-დან 2018 წლამდე პერიოდში, ხოლო ზუსტი თარიღი ფიფას კალენდრის გამოქვეყნების შემდეგ დადგინდება.

ინგლისისა და იტალიის ეროვნული გუნდები ერთმანეთს უკანასკნელად ბრაზილიაში წელს გამართული მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ. მატჩი “სკუადრა აძურას” გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

 

ბენიტესს ინგლისში დაბრუნება სურს

“ნაპოლის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე რაფაელ ბენიტესის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთელის ესპანელი სპეციალისტი ნეაპოლიტანურ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს. არადა, მხარეებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა მომდევნო წლის ზაფხულს ეწურება. სხვადასხვა წყაროების ცნობით, ბენიტესს ინგლისში დაბრუნება სურს, სადაც ამ დრომდე ცხოვრობს მისი ოჯახი.

“ნაპოლის” ხელმძღვანელობა აპირებს, რაც შეიძლება მალე მიიღოს ბენიტესისგან პასუხი, რათა 2013 წელს ჩავარდნილ მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ, როცა კლუბის თავკაცის პოსტი ვალტერ მაცარიმ დატოვა.

 

შვეიცარია — ინგლისი 0:2

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ინგლისის ნაკრებმა წარმატებით დაიწყო. “სამმა ლომმა” ბაზელში შვეიცარიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

შვეიცარია — ინგლისი 0:2 (0:0)

გოლები: უელბეკი: 58′, 90+4′.

ჰოჯსონი ჩააბნელეს

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე შვეიცარიისა და ინგლისის ნაკრებს შორის გასამართი მატჩის პრესკონფერენციაზე, როი ჰოჯსონის გამოსვლისას მოულოდნელად ელექტროენერგია გაითიშა. ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე წამის შემდეგ აღდგა.

მოურინიო: „მე და ვან გაალი დიდებული მწვრთნელები ვართ“

ინგლისის პრემიერლიგის ახალი სეზონის ერთ-ერთი მთავარი დაპირისპირება ლონდონის „ჩელსისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის გაიმართება. „პენსიონერებს“ ჟოზე მოურინიო თავკაცობს, „წითელ ეშმაკებს“ კი ლუი ვან გაალის სახით ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავთ. ისინი ერთმანეთს კარგად იცნობენ, ვინაიდან სამი წლის განმავლობაში „ბარსელონაში“ ერთად მუშაობდნენ.

მოურინიო მოუთმენლად ელის „მანჩესტერ იუნაიტედთან“ გასამართ დაპირისპირებას და ვან გაალთან შეხვედრას.

პორტუგალიელმა მწვრთნელმა ჰოლანდიელი სპეციალისტის შესახებ საკმაოდ გულთბილად ისაუბრა.

„არ ვღელავ იმის გამო, რომ ვან გაალი ინგლისში იმუშავებს. მოუთმენლად ველოდები „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ გასამართ მატჩს. არ ვნერვიულობთ.

ცოტა ხნის წინათ ვან გაალის პრესკონფერენციას ვუცქირე. აი, ეს იყო ნამდვილი ვან გაალი – სამართლიანი და გახსნილი. ის ყოველთვის ასეთი გახლდათ. ლუი შესანიშნავი მწვრთნელია, „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ ზედგამოჭრილი თავკაცია~, – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს „დეილი მეილი“.

კითხვაზე, მოურინიო უკეთესია თუ ვან გაალი, პორტუგალიელი ასე პასუხობს:

„მეც და ისიც დიდებული მწვრთნელები ვართ. ჩვენ ამ პროფესიისთვის ვართ დაბადებულნი. ლუი ბრაზილიაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელია. მას ახლა კარიერის საუკეთესო პერიოდი აქვს. ვან გაალი მიღებულ გამოცდილებას აანალიზებს და სულ უფრო ვითარდება.

გარდა ამისა, ის ჩემი მეგობარიც გახლავთ, მუდმივი მეგობარი. მე მას დიდ პატივს ვცემ“, – აღნიშნა მოურინიომ.

„ჩელსისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის დამდეგი მატჩი 26 ოქტომბერს გაიმართება.

 

ინგლისელების გართობა ვეგასში… უილშირი ისევ ეწევა

ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებმა ჯო ჰარტმა, ჯეკ უილშირმა და ჯეიმს მილნერმა ჩავარდნილი მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ლას-ვეგასში განტვირთვა გადაწყვიტეს.

გავრცელდა მათი გართობის ამსახველი ფოტომასალაც. ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ უილშირი კვლავ გამოიჭირეს სიგარეტის მოწევის პროცესში. ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ოქტომბრის თვეში ინგლისელი ნახევარმცველი სიგარეტით ხელში დააფიქსირეს. მაშინ უილშირმა თქვა, რომ ზოგადად არ ეწევა და ამიერიდან სიგარეტისკენ აღარც გაიხედავდა, თუმცა… შარშან არსენ ვენგერმა ამ ფაქტის გამო ფეხბურთელი საჯაროდ გააკრიტიკა. საინტერესოა, ახლა რა ელის უილშირს.

 

ბექჰემი ჯერარდს სანაკრებო კარიერის გაგრძელებას ურჩევს

ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი დევიდ ბექჰემი იმედს გამოთქვამს, რომ სტივენ ჯერარდი ეროვნულ გუნდში თამაშს გააგრძელებს.

„ლივერპულის“ კაპიტანი არ მალავს, რომ უახლოეს პერიოდში საერთაშორისო კარიერის დასრულებას აპირებს. 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე ჯერარდი უკვე 36 წლის იქნება.

გარდა ამისა, მერსისააიდული გუნდის მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი პირადად არის დაინტერესებული, რომ ინგლისელმა ფეხბურთელმა საერთაშორისო კარიერა დაასრულოს, რათა სრული კონცენტრაცია კლუბზე გააკეთოს.

დევიდ ბექჰემს განსხვავებული მოსაზრება აქვს.

„ინგლისის ნაკრებში რამდენიმე წლის განმავლობაში ვთამაშობდი, ვიყავი გუნდის კაპიტანიც. ეს პერიოდი ამ დრომდე მენატრება. ინგლისის ნაკრები ჩემთვის უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე სხვა რაღაცები.

კარგი იქნება, თუ სტივენი ნაკრებში თამაშს გააგრძელებს. მსოფლიოს ჩემპიონატმა იმედგაცრუება მოგვიტანა, კაპიტანი ყოველთვის საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას. ამ ამპლუაში გარკვეულ ვალდებულებას გრძნობ, ცდილობ, რომ გუნდი წამოაყენო, სტივენი ყოველთვის იყო ნამდვილი ლიდერის განსახიერება.

ახალგაზრდა მოთამაშეები უნდა უყურებდნენ წარმატებულ ადამიანებს. ვფიქრობ, სტივენი შესანიშნავი კაპიტანია. მას არ სჭირდება ჩემი რჩევები, თუმცა მაინც ვეტყოდი: „სანამ შეგიძლია, ითამაშე ნაკრებში“, – განაცხადა ბექჰემმა.

 

ბრაზილიური პრესა ნაკრების მარცხს მიკ ჯაგერს აბრალებს

ბრაზილიურმა პრესამ ჯგუფ „როლინგ სტოუნზის“ წამყვანი ვოკალისტი მიკ ჯაგერი უიღბლობის მომტან პირად შერაცხა.

მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალურ ეტაპზე ბრაზილიის და გერმანიის ნაკრებებს შორის წუხელ გამართულ შეხვედრას (1:7) ბრაზილიელ შვილ ლუკასთან ერთად სტადიონის ვიპ-ლოჟიდან ადევნებდა თვალყურს ბრიტანელი მუსიკოსი.

ფეხბურთის სამხრეთამერიკელმა გულშემატკივრებმა მიკ ჯაგერის ცუდი აურა ჯერ კიდევ 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე დალანდეს, როდესაც მუსიკოსის საყვარელმა ინგლისის, აშშ-ისა და ბრაზილიის ნაკრებებმა ტურნირზე წარუმატებლად იასპარეზეს.

ბრაზილიელმა ფანებმა მიკ ჯაგერს pe frio (ცუდი ფეხის მქონე პირი) შეარქვეს, რაც საფუძველს მოკლებული სულაც არ არის. ბრიტანელი მუსიკოსი რამდენჯერაც რომელიმე გუნდს მიემხრო, იმდენჯერ დამარცხდა მისი რჩეული ნაკრები.

თურმე, მუნდიალის დაწყებამდე მიკ ჯაგერს პორტუგალიელებისთვის უთქვამს, თქვენი გუნდი მსოფლიოს ჩემპიონი გახდებაო, თუმცა პორტუგალიის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის დაძლევაც ვერ მოახერხა.

რომში ყოფნის დროს მიკ ჯაგერმა იტალიელ ტიფოზებს უთხრა, იტალიის ნაკრები ურუგვაის დაამარცხებს და ჯგუფურ ეტაპს დაძლევსო, თუმცა „სკუადრა აძურამ“ ის შეხვედრა ანგარიშით 0:1 დათმო და ტურნირს გამოეთიშა.

ვერც მისმა საყვარელმა ინგლისის ნაკრებმა მოახერხა ჯგუფური ეტაპის დაძლევა.

წუხელ კი, „სელესაომ“ შინაურ კედლებში გერმანიის ნაკრებთან სამარცხვინო მარცხი იგემა.

ბრაზილიელი ფანები ახლა უკვე ოფიციალური წერილით მიმართავენ მიკ ჯაგერს იმისთვის, რომ ბრიტანელმა მუსიკოსმა „სელესაოს“ მხარი აღარ დაუჭიროს.

 

კოსტა რიკა — ინგლისი (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე კოსტა რიკისა და ინგლისის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კოსტა რიკელთა მეკარე კეილორ ნავასი დაასახელეს.

ესპანურ „ლევანტეში“ მოთამაშე კიპერმა მატჩი სრულად ჩაამთავრა.