ფრანგული გამოცემა “ტელეფუთი” იუწყება, რომ “პარი სენ-ჟერმენის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანის კანდიდატურა არ განიხილება.
წყაროს თანახმად, მაურისიო პოჩეტინო პარიზული გუნდის თავკაცის თანამდებობას დატოვებს, თუმცა მისი შემცვლელი ზიდანი არ იქნება.
შეგახსენებთ, რომ წუხელ “პარი სენ-ჟერმენმა” კლუბის სპორტული დირექტორის პოსტიდან ლეონარდო გაათავისუფლა. აღნიშნულ პოზიციაზე დანიშვნის მთავარ ფავორიტად ვიგოს “სელტას” სტრატეგიული მრჩეველი ლუიშ კამპუში მოიაზრება. ეს კანდიდატურა გუნდის თავდამსხმელმა კილიან მბაპემ წამოაყენა.
ფრანგული გამოცემა “ლე პარიზიენი” წერს, რომ “პარი სენ-ჟერმენის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანის კანდიდატურა პრიორიტეტულია.
წყაროს თანახმად, მხარეებს შორის შეხვედრა უკვე შედგა. ახლა ფრანგი სპეციალისტი კლუბის შემოთავაზებაზე ფიქრობს, თუმცა მას სამწვრთნელო კარიერის განახლების სხვა ალტერნატივაც აქვს. კერძოდ, ზიდანს საფრანგეთის ნაკრებში დიდიე დეშამის შემცვლელად მოიაზრებენ.
შეგახსენებთ, რომ 49 წლის სპეციალისტმა 2021 წლის მაისში მადრიდის “რეალი” დატოვა და მას შემდეგ უმუშევარია.
მადრიდის “რეალის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი “პარი სენ-ჟერმენის” ჩაბარების შესაძლებლობას არ გამორიცხავს. “ფუთმერკატო” იუწყება, რომ ფრანგმა სპეციალისტმა პარიზული კლუბის ხელმძღვანელობასთან წინასწარი მოლაპარაკება უკვე გამართა.
ზიდანს “პსჟ”-ში მუშაობა არსენ ვენგერთან ერთად სურს. კერძოდ, ზიზუმ გუნდს უნდა უთავკაცოს, ვენგერი კი კლუბის სტრატეგიული განვითარებით უნდა დაკავდეს. ეს უკანასკნელი დღესდღეობით ფიფას ფეხბურთის გლობალური განვითარების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.
შეგახსენებთ, რომ ზინედინ ზიდანმა “რეალი” 2020-2021 წლების სეზონის შემდეგ დატოვა. როგორც მოგეხსენებათ, “პარი სენ-ჟერმენის” ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინოა, რომელსაც “მანჩესტერ იუნაიტედს” უკავშირებენ.
დღეს ავკაც და ხულიგან ფეხბურთელთა ოჯახის სამაგალითო წევრი, მილანის „ინტერის“ ყოფილი მცველი მარკო მატერაცი 47-ე დაბადების დღეს ზეიმობს. Fanebi.com-ი იხსენებს იტალიელი ფეხბურთელის კარიერის იმ ეპიზოდებს, რისთვისაც მას მეტსახელად „მკვლელი“ დაარქვეს.
როგორც ნამდვილი „ინტერისტა“, მატერაცი ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა მილანურ დერბის. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ის მატჩის მიმდინარეობისას „მილანის“ თავდამსხმელებს ყოველთვის დიდი ყურადღებით ადევნებდა თვალყურს და თუ შესაფერის დროს იხელთებდა, მათ სხეულის რომელიმე ნაწილში კარგად უთავაზებდა კიდეც. 2000-იანი წლების დასაწყისში „როსონერის“ თავდასხმის მთავარ ძრავად ანდრეი შევჩენკო ითვლებოდა. უკრაინელი ფეხბურთელის სხეულის ნაწილზე, ალბათ, არ არსებობს ადგილი, რომელზეც მატერაცის თავისი ალი-კვალი არ დაემჩნია. ქვემოთ მოცემულ ვიდეორგოლში ასახულია მატერაცის ყველაზე უხეში თამაშების ამსახველი მომენტები. მისი ყველაზე ხშირი მსხვერპლი კი სწორედ შევჩენკო გახლდათ.
თავად ანდრეიმ მატერაცის წინააღმდეგ მხოლოდ ერთხელ იუხეშა. 2005 წელს გამართულ მილანურ დერბიში შევჩენკომ თავით მსუბუქად „ურქინა“ იტალიელ მცველს, მატერაცი მაშინვე ძირს დაეცა და დიდი ხანის განმავლობაში არც წამომდგარა. მსაჯი სწორად გაერკვა აღნიშნულ სიტუაციაში და უკრაინელი თავდამსხმელი მოედნიდან არ გააძევა.
მატერაციმ ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული „გმირობა“ მოედანს მიღმა ჩაიდინა. 2004 წელს „ინტერსა“ და „სიენას“ შორის გამართულ მატჩში იტალიელი მცველი სათადარიგოთა სკამზე დარჩა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ მას მთელი შეხვედრის განმავლობაში „ბიანკონერის“ მცველ ბრუნო ჩირილოსთან ეჩხუბა. ფინალურ სასტვენამდე მატერაციმ მას სახეში ხელიც გაარტყა, თუმცა ტელეკამერების ობიექტივში ეს ეპიზოდი ვერ მოხვდა. იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ჩირილოს ჩვენების საფუძველზე „ინტერის“ მცველს გრძელვადიანი დისკვალიფიკაცია მისცა. აღნიშნული მატჩის შემდეგ ჩირილომ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა. გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც ნათლად ჩანს მატერაცის „გმირული“ საქციელის შედეგი.
ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და მარკო მატერაცის მეგობრობა შვედი თავდამსხმელის „ინტერში“ გადასვლის დროიდან დაიწყო, თუმცა „იუვენტუსში“ იბრას ასპარეზობის პირველივე სეზონში იტალიელმა მცველმა ის უხეშად „მოცელა“.
ზლატანმა მატერაცის რამდენიმე წლის შემდეგ უპასუხა. 2010 წლის ნოემბერში გამართულ „მადონინაში“ იბრაჰიმოვიჩმა იტალიელი მცველის წინააღმდეგ კარატეს ილეთი გამოიყენა. მატერაცი მოედნიდან სასწრაფო წესით გაიყვანეს, ზლატანმა კი მატჩის შემდეგ ბოდიში მოიხადა.
ნამდვილი „შედევრი“ გამოუვიდა მარკო მატერაცის ჩემპიონთა ლიგის 2005-06 წლების სეზონის მეოთხედფინალურ ეტაპზე, „ვილიარეალის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში. კუთხურის შესრულებისას იტალიელმა მცველმა იდაყვით ისე ჩაარტყა ხუან პაბლო სორინს სახეში, რომ საბრალო არგენტინელ ფეხბურთელს ძლიერი სისხლდება ძლივს შეუჩერეს, თუმცა „ვილიარეალის“ მოთამაშემ თამაში ვეღარ გააგრძელა. მატერაციმ იმდენად ოსტატურად იუხეშა, რომ თამაშის წესის დარღვევა ვერცერთმა მსაჯმა ვერ შენიშნა. ხულიგანს ყვითელი ბარათიც არ მისცეს.
მარკო მატერაცის მთავარი მიღწევა, რა თქმა უნდა, 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ მატჩში ზინედინ ზიდანთან შეტაკება გახლავთ. სიმართლე რომ ვთქვათ, არც ფრანგ ფეხბურთელს იცნობდნენ იტალიაში „ფრთიან ანგელოზად“. „იუვენტუსის“ რიგებში ასპარეზობისას, ზიდანს ხშირად სდებდნენ ბრალს პროვოკაციულ ქმედებებში. ასეა თუ ისეა, ზიზუს გენიას მატერაციმ თავისი ავკაცობა დაუპირისპირა და ამით მიზანსაც მიაღწია. მთელი მატჩის განმავლობაში იტალიელი მცველი ფრანგ ნახევარმცველს ბინძური ფრაზებით „ამკობდა“. შეხვედრის დამატებით დროში ზიდანს მოთმინების ფიალა აევსო. როდესაც მატერაცი ზიზუს დასაც შეეხო, ფრანგმა ვეღარ მოითმინა და მას მკერდში თავი აძგერა. ამის გამო ზიდანი მოედნიდან გააძევეს. ასე დაასრულა ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა მოთამაშის კარიერა. საბოლოოდ, 2006 წლის მუნდიალის თასი იტალიის ნაკრებს ერგო, „სკუადრა აძურამ“ ფრანგები პენალტების სერიაში დაამარცხა, მარკო მატერაცი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა “ბარსელონას” თავკაცის პოსტიდან ერნესტო ვალვერდე გათავისუფლების შესახებ კომენტარი გააკეთა.
“სამწუხაროა, რომ ვალვერდე გაუშვეს. ის კარგი მწვრთნელია, რაც დაამტკიცა კიდეც. მე მას დიდ პატივს ვცემ. თუ წაგებებს ჩვენც დავიწყებთ, მეც ისევე გამაკრიტიკებენ, როგორც თვენახევრის წინ მაკრიტიკებდნენ. ასეთი რამ ფეხბურთში ყოველთვის ხდება.
რაც შეეხება კიკე სეტიენს, ვფიქრობ, რომ მისი თავკაცობით “ბარსელონა” კონკურენტუნარიანი იქნება, როგორც ყოველთვის. ის თავის საქმეს გააკეთებს, ჩვენ – ჩვენსას”, – ციტირებს ზიდანის სიტყვებს “ასი”.
ინგლისის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სვენ-გორან ერიქსონმა გამოცემა “თაიმსს” საინტერესო ინტერვიუ მისცა, რომლის ერთ-ერთი მონაკვეთი “მანჩესტერ იუნაიტედის” ექსთავკაც ალექს ფერგიუსონთან მომხდარ ინციდენტს დაეთმო.
შვედმა სპეციალისტმა ინტერვიუში 2006 წელს მომხდარი ამბავი გაიხსენა. ამ პერიოდში “წითელი ეშმაკების” აწ უკვე ყოფილმა თავდამსხმელმა უეინ რუნიმ ტრავმა მიიღო და გამოჯანმრთელების პროცესი საკმაოდ გაეწელა. ინგლისელმა ფეხბურთელმა მსოფლიოს ჩემპიონატამდე ტრავმის მოშუშება ვერ მოასწრო, თუმცა უშუალოდ ტურნირის მიმდინარეობისას გამოჯამრთელებისა და თამაშის საშუალება ჰქონდა. ამის მიუხედავად, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელ ალექს ფერგიუსონს მუნდიალზე რუნის გაშვება არ სურდა, რასაც ერიქსონთან დაძაბული სატელეფონო საუბარი მოჰყვა.
შვედი სპეციალისტი იხსენებს:
“ალექსი უცნაური კაცი იყო. ასეთი ჩვევა ჰქონდა: დამირეკავდა დილის შვიდ საათზე ან უფრო ადრე და ყოველგვარი მისალმების გარეშე იწყებდა ყვირილით საუბარს. როდესაც ასეთი გაღიზიანებული იყო ხოლმე, მასთან კომუნიკაცია შეუძლებელი ხდებოდა.
მან ის დილაც ჩხუბით დაიწყო. ყვიროდა, რომ მომკლავდა, თუ რუნის მსოფლიოს ჩემპიონატზე წავიყვანდი.
მე მას ვკითხე: “რა ხდება ალექს, რაშია საქმე?” თუმცა, ის მე არ მისმენდა და განაგრძობდა ყვირილსა და მუქარას. საბოლოო ჯამში, ვუთხარი: “რუნის მსოფლიოს ჩემპიონატზე მაინც წავიყვან. კარგი შვებულება, ჩაო” და ტელეფონი გავუთიშე”.
უეინ რუნიმ 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მართლაც ითამაშა, თუმცა “სამი ლომი” ტურნირს მეოთხედფინალურ ეტაპზე პორტუგალიის ნაკრებთან პენალტების სერიაში მარცხის შემდეგ გამოეთიშა.
საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის “სპარტაკის” ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ რუსული კლუბის ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში უარყო მოსაზრება, თითქოს მისი ხშირი ტრავმიანობა ფიზიკურ მონაცემებთან არის დაკავშირებული.
“სპარტაკის” ლიდერობა მსურს, თუმცა მესმის, რომ ეს ან ახლა მოხდება ან არასდროს. ვგრძნობ, რომ შემიძლია ისე ვითამაშო, როგორც ამას ჩემგან გულშემატკივრები მოელიან. სამწუხაროდ, ხშირად ტრავმები მიშლიდა ხელს. ფაქტობრივად ათი წლიდან სამი მკურნალობაში მაქვს გატარებული. ხშირად ვკითხულობ, თითქოს ყველაფერი ჩემი აღნაგობის ბრალია, მაგრამ შეხედეთ მადრიდის “რეალის” ფეხბურთელ გარეტ ბეილს. ის ჩემზე სამჯერ მეტს იწონის და კუნთებიც სამჯერ დიდი აქვს, თუმცა ჩემზე ხშირად ტრავმიანობს. მან “რეალში” ყოფნის ექვსი წლიდან მხოლოდ წელიწადნახევარი ითამაშა.
ალბათ, უფროსების წინააღმდეგ თამაში საკმაოდ ადრეულ ასაკში დავიწყე. გარდა ამისა, თავიდან სატრენაჟორო დარბაზებს ხშირად არ ვსტუმრობდი. ახლა გაცილებით ხშირად ვვარჯიშობ. იმას არ ვამბობ, რომ რობოტის დონემდე უნდა მიხვიდე, როცა ბურთსაც ვეღარ გრძნობ, მაგრამ პროფილაქტიკა აუცილებელია, რათა კუნთები და სახსრები კარგ მდგომარეობაში იყოს.
დეკემბრამდე უნდა ვაჩვენო, რა შემიძლია: გოლების გატანა, საგოლე გადაცემები. თამაშის მიმდინარეობის წაყვანა. მთავარი მწვრთნელისგან ნდობას ვგრძნობ და ეს მეხმარება”, – აღნიშნა ანანიძემ.
მილანის “ინტერმა” გუნდის ნახევარმცველ რაჯა ნაინგოლანის ტრანსფერზე დაყენება გადაწყვიტა.
მილანურ გუნდში ბელგიელი ფეხბურთელის პირველი სეზონი არაერთმნიშვნელოვანი გამოდგა: ნაინგოლანმა დიდი პერიოდი ლაზარეთში გაატარა, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში ჰქონდა საკმაოდ კარგი თამაშებიც.
“კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ “ნერაძურიმ” ფეხბურთელთან განშორების გადაწყვეტილება მიიღო. წყაროს თანახმად, “ინტერის” ხელმძღვანელობამ ნაინგოლანის აგენტ ალესანდრო ბელტრამის უკვე აცნობა, რომ ფეხბურთელი ტრანსფერზეა დაყენებული.
ლეგენდარული იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი პროფესიული კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს.
“პარი სენ-ჟერმენიდან” წამოსვლის შემდეგ 41 წლის კიპერი, სავარაუდოდ, სამშობლოს მიაშურებს. Football Italia წერს, რომ ბუფონის დამატებით “ბრეშა” არის დაინტერესებული, რომელმაც ვეტერანი მეკარისთვის წინადადება უკვე მოამზადა. შეგახსენებთ, რომ “ბრეშამ” იტალიის სერია B მოიგო და დამდეგ წელს სერია A-ში იასპარეზებს.
როგორც მოგეხსენებათ, ჯანლუიჯი ბუფონმა გასული სეზონი “პარი სენ-ჟერმენში” გაატარა, რომლის რიგებშიც ყველა ტურნირზე ერთად 25 მატჩი ჩაატარა და ამდენივე გოლი გაუშვა. იტალიელი კიპერი პარიზული კლუბის გარდა კარიერის განმავლობაში ტურინის “იუვენტუსისა” და “პარმას” ღირსებას იცავდა.
“ლივერპულის” ნახევარმცველმა ჯეიმს მილნერმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე “ბარსელონასთან” გამართული მატჩის მიმდინარეობისას ლიონელ მესისთან მომხდარი კონფლიქტის შესახებ ისაუბრა.
როგორც აღმოჩნდა, 33 წლის ინგლისელს ესპანური ენა ესმის. აღსანიშნავია, რომ ის შვილებს ხშირად სწორედ ესპანურ ენაზე ესაუბრება, სწორედ ასე გაიგო მან მესის ნათქვამი სიტყვები. მილნერმა “ენფილდზე”, “ლივერპულსა” და “ბარსელონას” შორის გამართული მატჩის პირველი ნახევრის შემდეგ არგენტინელთან საუბარი გაიხსენა.
“მესი უკმაყოფილო იყო. პირველი ტაიმის შემდეგ გასახდელისკენ მიმავალს ესპანურად საუბარი დამიწყო. მან მე მიწოდა “Burro”. ეს სიტყვა ითარგმნება, როგორც “ვირი”, თუმცა მგონია, რომ ამ ტერმინს ესპანურ ფეხბურთში უხეში ფეხბურთელების მიმართ იყენებენ.
მე მას ვკითხე, ყველაფერი რიგზე იყო თუ არა, თუმცა ყურადღება არ მომაქცია. ჩემი აზრით, ის ვერ მიხვდა, რომ ესპანური ენა მესმოდა. მან თქვა: “ასე უხეშად იმიტომ ითამაშე, რომ ბურთი ფეხებს შორის გაგიძვრინე.” მე საუბარი აღარ გამიგრძელებია და გასახდელში შევედი. მის მიმართ მხოლოდ აღტაცებას გამოვხატავ.
ამის მიუხედავად, მესის თამაშით აღფრთოვანებული ვარ. მას ყველაფრის თქმის უფლება აქვს. ცხადია, მის წინააღმდეგ თამაში რთულია. თუ მის შეჩერებას შეეცდები, შეიძლება, ისე მოხდეს, რომ სულელი გამოჩნდე. მეც ასე დამემართა – მან ბურთი ფეხებს შორის გამიძვრინა, ამ კადრს კი მილიონობით ნახვა აქვს. მე არც პირველი ვყოფილვარ და არც უკანასკნელი. ის შეუდარებელი ფეხბურთელია”, – აღნიშნა მილნერმა “დეილი მეილთან” საუბრისას.
მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნებული ზინედინ ზიდანის პირველი სატრანსფერო მიზანი ცნობილია. როგორც “ლა გაძეტა დლეო სპორტის” ჟურნალისტი ნიკოლო შირა წერს, ფრანგ სპეციალისტს ლონდონის “ჩელსიდან” ნგოლო კანტეს გადმობირება სურს.
შეგახსენებთ, რომ მხარეებს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ძალა 2022 წლის ზაფხულამდე ექნება. ზიდანის წლიური ანაზღაურება 16 მილიონი ევრო იქნება.
როგორც მოგეხსენებათ, ფრანგი სპეციალისტი “სამეფო კლუბს” 2016 წლის იანვრიდან 2018 წლის მაისამდე თავკაცობდა. ამ არასრული სამი წლის განმავლობაში გუნდმა ცხრა ტიტული დაისაკუთრა, მათ შორის ზედიზედ სამჯერ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა, ერთხელ კი ესპანეთის პრიმერადივიზიონი მოიგო.
“მარკას” ცნობით, მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს მოლაპარაკების პროცესში ექვსი მოთხოვნა წაუყენა:
1. გუნდზე სრული კონტროლი; 2. იმ მოთამაშეების გაყიდვა, რომლებიც არ სჭირდება; 3. მარსელო და ისკო არ იყიდებიან; 4. გუნდი ნეიმარს არ შეიძენს; 5. ხამეს როდრიგესი არ დაბრუნდება; 6. გუნდი მბაპეს ყიდვას შეეცდება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მადრიდის “რეალმა” გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან სანტიაგო სოლარი გაათავისუფლა, თავკაცის თანამდებობაზე კი ზინედინ ზიდანი დაბრუნდა. მხარეებს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ძალა 2022 წლის ზაფხულამდე ექნება.
როგორც მოგეხსენებათ, ფრანგი სპეციალისტი “სამეფო კლუბს” 2016 წლის იანვრიდან 2018 წლის მაისამდე თავკაცობდა. ამ არასრული სამი წლის განმავლობაში გუნდმა ცხრა ტიტული დაისაკუთრა, მათ შორის ზედიზედ სამჯერ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა, ერთხელ კი ესპანეთის პრიმერადივიზიონი მოიგო.
“რეალს” ესპანეთის პრიმერადივიზიონის 27-ე ტურის თავზე სატურნირო ცხრილში მესამე ადგილი უკავია და ლიდერ “ბარსელონას” 12 ქულით ჩამორჩება. გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ამსტერდამის “აიაქსის” ბარიერი ვერ დაძლია (ორი მატჩის ჯამში 3:5). “სამეფო კლუბი” ესპანეთის თასის გათამაშებასაც გამოეთიშა, სადაც “ბარსელონასთან” ნახევარფინალში დამარცხდა (ორი მატჩის ჯამში 1:4).