ბალოტელი: “ყოველთვის ვოცნებობდი “ნაპოლიში” თამაშზე”

თურქული “ადანა დემირსფორის” თავდამსხმელი მარიო ბალოტელი გამოტყდა, რომ ყოველთვის სურდა “ნაპოლის” რიგებში თამაში. 31 წლის იტალიელი ფეხბურთელის თქმით, გუნდში მისი ხილვა ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს არ უნდა.

“ყოველთვის ვოცნებობდი “ნაპოლიში” თამაშზე. დე ლაურენტისს პატივს ვცემ, მაგრამ, სამწუხაროდ, მას კლუბში ჩემი ხილვა არ სურდა. ასე რომ, ამ გუნდში ვერაფრით მოვხვდი, მაგრამ ყოველთვის ვამბობ, რომ უნდა გწამდეს. თავს მშვენივრად ვგრძნობ, ფიზიკურად სრულ მზადყოფნაში ვარ, ტექნიკაც ადგილზეა. ასე რომ, ვნახოთ”, – აღნიშნა ბალოტელიმ.

იტალიელ ფეხბურთელსა და თურქულ კლუბს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2024 წლის 30 იანვარს ეწურება.

მარიუ რუი: “კვარაცხელია “ნაპოლის” დიდ დახმარებას გაუწევს”

“ნაპოლის” მცველმა მარიუ რუიმ გუნდის ახალწვეულის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კომენტარი გააკეთა.

“ლორენცო ინსინიე აღარ გვყავს, მაგრამ გუნდში არიან ძლიერი მოთამაშეები, რომლებსაც თავის წარმოჩენა სურთ. ჩემი აზრით, კვარაცხელია საკმაოდ კარგი ფეხბურთელია. მას გარკვეული დრო დასჭირდება ადაპტაციისთვის, თუმცა ძლიერი მოთამაშეა, რაც უბრალო დრიბლინგსა და გადაცემებშიც ჩანს. ის გუნდს დიდ დახმარებას გაუწევს”, – თქვა მარიუ რუიმ Radio Goal-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიურ კლუბთან ხუთწლიანი შრომითი ხელშეკრულება გააფორმა. ქართველი ფეხბურთელი “ნაპოლის” ღირსებას 77-ნომრიანი მაისურით დაიცავს.

ხვიჩა კვარაცხელია: “ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ჩემი უპირველესი ოცნებაა”

იტალიურმა ინტერნეტპორტალმა ilmattino.it-მა “ნაპოლის” ახალწვეულ ხვიჩა კვარაცხელიასთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც აქვე გთავაზობთ.

— რას ნიშნავს თქვენთვის ჩემპიონთა ლიგა?
— ჩემპიონთა ლიგა ფეხბურთთან დაკავშირებული ჩემი პირველი ოცნებაა. ამ ტურნირზე თამაშზე ვოცნებობ მას შემდეგ, რაც ფეხბურთის თამაში დავიწყე. “ნაპოლიში” ამ მხრივ ძალზედ მიმზიდველი ატმოსფეროა და მოუთმენლად ველი ჩემპიონთა ლიგის მატჩებში მოედანზე გასვლას.

— თქვენს მაისურზე “კვარა” იქნება გამოსახული?
— მირჩევნია, რომ სრული გვარი იყოს დაწერილი. ასე რომ, ჩემს 77-ნომრიან მაისურზე გამოსახული იქნება “კვარაცხელია”.

— რას გვეტყოდით კრიშტიანუ რონალდუზე?
— კრიშტიანუ შესანიშნავი ფეხბურთელი და საოცარი პროფესიონალია. მე მისით ყოველთვის შთაგონებული ვიყავი. საქართველოში ბევრს მესი უფრო მოსწონს, რომელიც თითქოს სხვა პლანეტიდან არის ჩამოსული. რონალდუთი აღფრთოვანებული ვარ, რადგან ის მესის დონეს დიდი მუშაობისა და თავგანწირვის წყალობით გაუთანაბრდა. მეც ასე მსურს საკუთარი კარიერის მოწყობა.

— ფაბიო კაპელომ თქვენ მოჰამედ სალაჰს შეგადარათ.
— იმედი მაქვს, ამ დონეს მივაღწევ. ამისთვის ვიცი, რაც უნდა გავაკეთო. ბევრს ვმუშაობ საკუთარ თავზე.

— რომელ პოზიციაზე გრძნობთ თავს ყველაზე მეტად კომფორტულად?
— ჩემი საყვარელი პოზიცია მარცხენა გარემარბის ადგილია, თუმცა თითქმის ყველა პოზიციას ვერგები. მიყვარს სტანდარტულების შესრულება, მაგრამ ვხედავ, რომ “ნაპოლიში” ძალიან კარგი დამრტყმელები არიან. ეს მწვრთნელის გადაწყვეტილებაა. თუ ამ პასუხისმგებლობას მე დამაკისრებენ, ძალზედ მოხარული ვიქნები.

— როგორი ურთიერთობა გაქვთ სპალეტისთან?
— ის აჩვენებს, რომ დიდი მასწავლებელია. ყოველდღე მასწავლის რაღაც ახალს და სასიამოვნოა იმის დანახვა, რომ ამას ყველასთან აკეთებს. ახალი სეზონისთვის მოსამზადებლად ცოტა დრო გვაქვს და ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენამდე საკუთარი იდეები მოიტანოს.

— როგორ ფლობს რუსულ ენას?
— რამდენიმე სიტყვა მითხრა რუსულად, თუმცა შემდეგ ინგლისური ენა ვამჯობინეთ, რათა ურთიერთობა უფრო პირდაპირი იყოს.

— და თქვენ როგორ ხართ იტალიურთან?
— მითხრეს, რომ ჯერ ნეაპოლური ენა უნდა შევისწავლო, შემდეგ კი – იტალიური. მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ვისწავლე, თუმცა გუნდში კარგი მასწავლებლები მყავს, რომლებიც დამეხმარებიან. ადგილობრივი სამზარეულოს, პიცის, მოცარელასა და ყავის შესახებ უკვე ვისწავლე რაღაცები.

— მამათქვენი ბადრი ფეხბურთელი იყო. რამდენად მნიშვნელოვანია ეს თქვენი ზრდისთვის?
— მე მის წინაშე ვალდებული ვარ თუნდაც იმ თავისუფლებისთვის, რომელიც მან მომცა. მან გზის არჩევის საშუალება დამიტოვა: “შვილო, დაკავდი სპორტის იმ სახეობით, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონს”.

დიბალა კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდება?

პაულო დიბალასთვის ბრძოლაში “ნაპოლიც” ჩაერთო.

იტალიური მედიის თანახმად, ნეაპოლელთა სპორტულ დირექტორ კრისტიანო ჯუნტოლის სატელეფონო საუბარი ჰქონდა არგენტინელი ფეხბურთელის აგენტთან. “ნაპოლის” ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა დიბალას წარმომადგენელს აცნობა, რომ კლუბი 28 წლის ნახევარმცველის დამატებით დაინტერესებულია.

პაულო დიბალას მიმართა “ნაპოლის” ლეგენდარული ფეხბურთელის, დიეგო მარადონას ვაჟმაც:

“გადმოდი “ნაპოლიში”, პაულო. აქ მეფესავით შეგიყვარებთ”.

პაულო დიბალას დამატებაზე ფიქრობს ორივე მილანური კლუბიც.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელი ნახევარმცველი დღესდღეობით თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს.

ლადო დვალიშვილი: “ხვიჩას “ნაპოლისთვის” უმნიშვნელოვანეს მოთამაშედ გახდომა შეუძლია”

“დინამო ბათუმის” სპორტულმა დირექტორმა ვლადიმერ დვალიშვილმა იტალიურ გამოცემა spazionapoli-სთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

“ხვიჩას ბევრი შრომა მოუწევს, რათა თავისი ნიჭი კიდევ უფრო გამოავლინოს. ის დიდებული ბიჭია როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. ჩემი აზრით, კვარაცხელია მომავალში ერთ-ერთი საუკეთესო და ძალიან წარმატებული მოთამაშე გახდება.

მას კიდევ უფრო გასაზრდელად წამყვანი ლიგა და ევროტურნირები სჭირდება. სწორი დრო არის “ნაპოლიში” გადასასვლელად, სერია A მნიშვნელოვანი ლიგაა, ლუჩანო სპალეტი კი ძლიერი სპეციალისტია. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ამ ყველაფრით იამაყებს.

ისეთ ნიჭიერ ფეხბურთელს, როგორიც კვარაცხელიაა, სერია A-ში თავის დამკვიდრება შეუძლია. შესაძლოა, ეს მაშინვე არ მოხდეს. ამისთვის დრო არის საჭირო. ასეთ ლიგაში თავის დამკვიდრება იოლი არ არის.

არც ისეთი ნიჭიერი ფეხბურთელის შეცვლაა მარტივი, როგორიც ინსინიე გახლავთ. ისინი განსხვავებული სტილის მოთამაშეები არიან, განსხვავებული თვისებები და სათამაშო სტილი აქვთ. მათი პირდაპირი შედარება არ შეიძლება. ხვიჩა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საკუთარი ტალანტი წარმოაჩინოს. ვიმეორებ, მას დიდებული ლიგა და ისეთი დიდებული კლუბი სჭირდება, როგორიც “ნაპოლია”, რომელსაც სპალეტის სახით ძლიერი მწვრთნელი თავკაცობს.

კვარაცხელიას სხვა წამყვანი კლუბებიც აკვირდებოდნენ, მაგრამ მან “ნაპოლი” აირჩია. ახლა მთელი ყურადღება საქართველოს ჩემპიონატზე აქვს გადატანილი, შემდეგ კი უკვე “ნაპოლიზე” გადაერთვება.

მე მას ვუთხარი, რომ მუშაობა გააგრძელოს, რათა “ნაპოლისთვის” უმნიშვნელოვანესი მოთამაშე გახდეს. ასეთ გუნდში გადასვლა მისთვის მხოლოდ დადებითი ფაქტორი იქნება”, – აღნიშნა ლადო დვალიშვილმა.

“სარბიელის” საიუბილეო ნომერი გამოიცა

დღეს, 11-წლიანი პაუზის შემდეგ გაზეთ “სარბიელის” საიუბილეო ნომერი გამოიცა. ზუსტად 30 წლის წინ, 1990 წლის 28 დეკემბერს აღნიშნული გამოცემის პირველი ნომერი დაიბეჭდა. მას შემდეგ წლების განმავლობაში “სარბიელი” მკითხველს უამრავ საინტერესო მასალას აწვდიდა და რაც მთავარია, ეს არ იყო გაზეთის ფურცლებზე სტანდარტული სიტყვებით მშრალი ინფორმაციის გადმოცემა. “სარბიელის” ჟურნალისტებმა სპეციფიკური წერის მანერით შეძლეს ის, რომ გაზეთს საკუთარი სტილი ჩამოუყალიბდა, რისი წყალობითაც მისი გამორჩევა სხვა უამრავ გამოცემას შორის იყო შესაძლებელი. ყველაზე მთავარი კი საქმისადმი პასუხისმგებლობა და ის გულწრფელობა გახლდათ, რომლისთვისაც ამ გაზეთის ავტორებს ყველაზე კრიტიკულ პერიოდებშიც არ უღალატიათ, საქებს აქებდნენ, საკრიტიკებელს აკრიტიკებდნენ. მკითხველმაც მალე შეიყვარა “სარბიელი” და ყოველდღიურობის ნაწილად აქცია.

დღევანდელი საიუბილეო-საკოლექციო ნომერიც ტრადიციულ სტილშია გადაწყვეტილი, ისევ იმ ხალხის მიერაა შედგენილი, ისევ იმ ენით, ისევ ისე საინტერესოდ, ისევ იმ ფასად, განსხვავება კი ისაა, რომ გამოცემა 32-გვერდიანია.

ვულოცავთ “სარბიელს” 30 წლის იუბილეს!

ომი და მშვიდობა იტალიურ ფეხბურთში: ულტრასები და დაძმობილებული გუნდები

ულტრასული დაჯგუფება სპორტული გუნდის მხარდასაჭერად შექმნილ ქომაგთა ორგანიზებულ ჯგუფს ნიშნავს. მას საფუძველი 50-იანი წლების დასაწყისში ჩაეყარა და განვითარების პიკს 80-იან წლებში მიაღწია, როდესაც თითქმის ყველა საფეხბურთო კლუბს ჰყავდა ულტრასდაჯგუფება. ულტრასების ხსენებისას ხშირად ასოცირება ინგლისელ ხულიგნებთან ხდება, თუმცა ეს სტერეოტიპული წარმოდგენაა. მიუხედავად ამისა, ვერ უარვყოფთ იმ ფაქტს, რომ ულტრასდაჯგუფებებს შორის ძალადობა ხშირია, თუმცა ეს მათი არსებობის შედეგი უფრო არის, ვიდრე მიზანი.ულტრასები ძირითადად სტადიონის ქვედა იარუსზე, კარის მახლობელ სექტორებზე თავსდებიან და იქიდან ქომაგობენ თავიანთ გუნდს სხვადასხვა შეძახილებითა თუ სიმღერებით, ხშირად თვალსასეირო პერფორმანსებსაც დგამენ. ულტრასსამყაროში პოლიტიკაც ღრმად არის ფესვგადგმული. დაჯგუფებები ძირითადად მკვეთრად მემარცხენე ან მემარჯვენე მიმართულების პოლიტიკური იდეოლოგიის მატარებლები არიან და ხშირად ეს განსაზღვრავს სხვადასხვა გუნდების ფანკლუბების ერთმანეთთან დაახლოებას. ამასთან, მხოლოდ პოლიტიკა არ არის ორი ულტრასდაჯგუფების ერთმანეთთან დაძმობილების მიზეზი.

“ლაციო” და “ინტერი”
იტალიაში სხვადასხვა კლუბთა ულტრასდაჯგუფებებს შორის მეგობრობის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითია რომის “ლაციოსა” და მილანის “ინტერის” ფანთა შემთხვევა. “ლაციოს” ულტრასები ცნობილნი არიან თავიანთი მკვეთრად მემარჯვენე შეხედულებებით, მათთვის არც სვასტიკის დემონსტრირებაა უცხო. ამ გარემოების გამო ისინი “ინტერის” ულტრასებს დაუძმობილდნენ. მართალია, “ნერაძურის” ფანდაჯგუფება ასეთივე ექსტრემალური შეხედულებებით ცნობილი არ არის, თუმცა მათ გარკვეული კავშირი აქვს იტალიის სხვადასხვა მემარჯვენე ჯგუფებთან, მათ შორის “შავ გულთან”.

აღნიშნული გუნდების ულტრასები ხშირად კიდებენ ტრიბუნებზე ერთმანეთის მიმართ პატივსაცემ ბანერებს. პოსტერი წარწერით “Da sempre fieri del nostro gemellaggio alla nord di Milano rendiamo omaggio” (“ვამაყობთ და პატივს ვცემთ ჩვენს დაძმობილებას მილანის ჩრდილოეთთან”) ამის ერთ-ერთი მაგალითია.

ამ ორ კლუბს შორის კავშირი კარგად გამოჩნდა 2010 წელს გაჩაღებულ სკუდეტოსთვის ბრძოლაში. გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე “ლაციო” “ინტერს” მასპინძლობდა, რომელსაც საჩემპიონო რბოლაში მხოლოდ გამარჯვება აძლევდა ხელს. ტიტულისთვის ბრძოლაში მილანელთა უშუალო კონკურენტი “ლაციოს” თანაქალაქელი და პრინციპული მეტოქე “რომა” იყო, რომელიც ლიდერ “ინტერს” მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებოდა. ის შეხვედრა “ლაციომ” თითქმის უბრძოლველად, ანგარიშით 0:2 დათმო და ორ კვირაში “ინტერმა” ისტორიაში მე-18 სკუდეტოს მოგება იზეიმა.

“მილანი” და “ბრეშა”
იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ძმობა “მილანსა” და “ბრეშას” აკავშირებთ. მათი დამეგობრება პოლიტიკურმა შეხედულებებმა განაპირობა და მიუხედავად იმისა, რომ “მილანის” ულტრასდაჯგუფებაში იდეოლოგია შეიცვალა, ამ კლუბების ფანებს შორის ძმობა გრძელდება. ისინი ხშირად სტუმრობენ ერთმანეთის სტადიონებს დაძმობილებული გუნდის გასამხნევებლად. აღსანიშნავია, რომ “ბრეშასთან” დამეგობრებამ “მილანს” ურთიერთობა გაუფუჭა ბერგამოს “ატალანტასთან”.

“ატალანტა” და “ტერნანა”
თავის მხრივ, “ატალანტას” ულტრასდაჯგუფება ნაკლებად ცნობილია. პოლიტიკური იდეოლოგიის თვალსაზრისით ისინი მემარცხენეები არიან და ეს გახდა მათი საფეხბურთო კლუბ “ტერნანას” ფანებთან დაძმობილების მიზეზი. ასე რომ, თუ “ატალანტას” ქომაგთა შორის “ტერნანას” წითელ-მწვანე ფორმასაც მოკრავთ თვალს, არ გაგიკვირდეთ.

“ფიორენტინა” და “ვერონა”
განსხვავებული პოლიტიკური იდეოლოგია არ არის ფანკლუბების დაძმობილებისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი, თუმცა ასეთი შემთხვევები იშვიათია. “ფიორენტინას” ულტრასები მემარცხენეები არიან, ხოლო “ვერონასი” – მემარჯვენეები. ამ განსხვავების მიუხედავად, მათ ერთმანეთთან საკმაოდ მყარი ურთიერთობა აკავშირებთ.

“ფიორენტინა” და “ტორინო”
ორი სხვადასხვა კლუბის ულტრასები შესაძლოა, საერთო მოძულე გუნდმა გააერთიანოს. მაგალითად, “ტორინოსა” და “ფიორენტინას” ფანები ერთმანეთთან “იუვენტუსის” სიძულვილმა დაამეგობრა. ამ გუნდების ულტრასები სტადიონზე ერთმანეთს თბილი შინაარსის ბანერებით ესალმებიან: “Il popolo Fiorentino saluta la vera Torino” (“ფლორენციელი ხალხი მიესალმება ნამდვილ ტურინს”).

მარტოხელა “იუვენტუსი”
“იუვენტუსი” იტალიაში გარკვეულწილად მარტოხელა კლუბია. “ბებერი სინიორას” ულტრასებს სხვა გუნდის ფანებთან ალიანსი არ შეუქმნიათ და ამას მრავალი მიზეზი აქვს, რომელთაგან ორია გამოსაყოფი: “იუვენტუსი” იტალიის მასშტაბით ყველაზე წარმატებული გუნდია და ეს სხვა გუნდის ფანებისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორია, ხოლო მეორე მიზეზად “კალჩოპოლის” სკანდალი უნდა მივიჩნიოთ. მართალია, “იუვენტუსმა” ძველი დიდება მალევე დაიბრუნა, თუმცა ტიტულების მოგებაზე რთული გატეხილი სახელის აღდგენა აღმოჩნდა. “იუვეს” ულტრასები მეგობრებს იტალიის გარეთ ეძებენ და ყველაზე მყარი კავშირი ნიდერლანდურ “დენ ჰააგის” ფანებთან აქვთ.

“პარმა” და “სამპდორია”
იტალიურ ფეხბურთში ერთმანეთთან დაძმობილების შედარებით ნაკლებად ცნობილი შემთხვევებია “პარმასა” და “სამპდორიას” ფანებისა და “ნაპოლისა” და “ჯენოას” ულტრასების მეგობრობა. “პარმასა” და “სამპდორიას” ფანების ძმობა ოც წელზე მეტს ითვლის. 2009 წლის კოპა იტალიის ფინალურ მატჩში გენუელთა საქომაგოდ “პარმას” ფანები რომში საგანგებოდ ჩავიდნენ კიდეც.

“ნაპოლი” და “ჯენოა”
“ნაპოლისა” და “ჯენოას” დამეგობრებას საფუძველი 1982 წელს ჩაეყარა. იმ სეზონის ბოლო ტურში გენუელებს სერია A-ში დასარჩენად კინკილა ქულა ჰყოფნიდათ, თუმცა “სან პაოლოზე” 0:1 მარცხდებოდნენ. საბოლოო ჯამში, ის შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა, “ჯენოამ” გადასარჩენად საჭირო ქულა მოიპოვა და სერია B-ში მის ნაცვლად “მილანი” დაქვეითდა. ამ ისტორიულმა მოვლენამ “ჯენოას” ულტრასების “ნაპოლის” ფანებთან დამეგობრება განაპირობა.

დარღვეული ძმობა
ყოფილა შემთხვევებიც, როდესაც ძლიერი და ერთი შეხედვით დაუშლელი ძმობა დარღვეულა. “ინტერისა” და “ვერონას” ულტრასთა მეგობრობა 80-იან წლებში დაიწყო და 2001 წლამდე გაგრძელდა. შემდეგ “ვერონას” ულტრასდაჯგუფების სათავეში ახალი ხალხი მოვიდა და “ინტერთან” “მეგობრობის ხელშეკრულებაც” გაუქმდა.

სხვადასხვა კლუბების ულტრასების ერთმანეთთან დამეგობრების შემთხვევები იტალიურ ფეხბურთს ლამაზ, რომანტიკულ ელფერს სძენს და ეს ისტორიები დასტურია იმისა, რომ ულტრასკონცეფცია უფრო მეტია, ვიდრე ხულიგნებთან ასოცირებული სტერეოტიპული შეხედულება.

“იუვენტუსის” ფანებს “ნაპოლისთან” სტუმრად გასამართ მატჩებზე დასწრება აეკრძალათ

ტურინის “იუვენტუსის” ფანები “ნაპოლისთან” სტუმრად გასამართ უახლოეს ორ მატჩს ვერ დაესწრებიან.

აღნიშნული გადაწყვეტილება უსაფრთხოების გამო მიიღეს, რადგან “ნაპოლისა” და “იუვენტუსის” ტიფოზებს შორის უკვე დიდი ხანია მტრობა და ზიზღი სუფევს. ფანებს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც გონსალო იგუაინი “ნაპოლიდან” “იუვენტუსში” გადაბარგდა. ახლა ნეაპოლიტანური გუნდის ტიფოზები არგენტინელი ფეხბურთელის დასახვედრად საგანგებოდ ემზადებიან.

“ნაპოლისა” და “იუვენტუსს” შორის მატჩი 2 აპრილს გაიმართება და თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. 5 აპრილს კი ეს გუნდები იტალიის თასის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს (პირველი მატჩი “იუვენტუსმა” 3:1 მოიგო). ორივე შეხვედრა “სან პაოლოზე” შედგება და მატჩებზე დასწრება მხოლოდ კამპანიის რეგიონის (ადმინისტრაციული ცენტრი ნეაპოლი) მოსახლეობასა და აბონემენტის მქონე ფანებს შეეძლებათ.

“ნაპოლის” პრეზიდენტსა და მწვრთნელს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა

“ნაპოლიში” კონფლიქტია გაღვივებული. კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისსა და გუნდის მთავარ მწვრთნელ მაურიციო სარის შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა.

როგორც იტალიური გამოცემა “ლა გაძეტა დელო სპორტი” წერს, სერია A-ს 22-ე ტურში “პალერმოს” წინააღმდეგ გამართული მატჩის (1:1) შემდეგ ნეაპოლიტანური კლუბის პრეზიდენტმა გუნდის თავკაცს უყვირა.

დე ლაურენტისმა სარის გუნდის სასტარტო შემადგენლობის გამო ეჩხუბა. თავად მწვრთნელი პრეზიდენტს დაემუქრა, თუ ჩემს საქმეში კიდევ ჩაჰყოფ ცხვირს, გუნდს დავტოვებო. საქმეში “ნაპოლის” სპორტული დირექტორი კრისტიანო გინტოლიც ჩაერთო, რომელმაც მაურიციო სარის მხარე დაიჭირა და კლუბიდან შესაძლო წასვლაზე მანაც დაძრა სიტყვა.

რამდენიმე დღის შემდეგ სიტუაცია ოდნავ მიწყნარდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე მადრიდრის “რეალთან” ჩატარებული მატჩის შემდეგ (1:3) კონფლიქტმა ახალი ძალით იფეთქა. დე ლაურენტისმა გუნდის თამაში გააკრიტიკა, სარიმ კი თქვა, რომ პრეზიდენტმა ტელეეთერებში გამოსვლის ნაცვლად მას პირისპირ უნდა ესუაბროს.

“ლა გაძეტა დელო სპორტის” ცნობით, მაურიციო სარი გუნდში დარჩენას არ აპირებს და ნეაპოლიტანურ კლუბს მაქსიმუმ მიმდინარე სეზონის ბოლომდე უთავკაცოს.

“ნაპოლიმ” გასვლაზე “მილანი” დაამარცხა და “იუვესთან” სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა (ვიდეო)

იტალიის სერია A-ს 21-ე ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი “სან სიროზე” გაიმართა, სადაც “მილანმა” “ნაპოლი” მიიღო. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. სამივე გოლი მატჩის პირველ ტაიმში გავიდა. მაურიციო სარის გუნდი მეექვსე წუთზე ლორენცო ინსინიეს გოლით დაწინაურდა, ზუსტად სამ წუთში ხოსე კალეხონმა მეორე ბურთი გაიტანა და მე-9 წუთისთვის “ნაპოლი” უკვე 2:0 იგებდა. შეხვედრის 37-ე წუთზე იურაი კუცკამ ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ მეტის გაკეთება მასპინძლებმა ვეღარ მოახერხეს და სეზონში მეხუთე მარცხი იწვნიეს.

“ნაპოლის” ამ გამარჯვების შემდეგ აქტივში 44 ქულა მოუგროვდა და ახლა ლიდერ ტურინის “იუვენტუსს” მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება, თუმცა “ბებერ სინიორას” ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. “მილანი” 37 ქულით სატურნირო ცხრილის მეხუთე პოზიციაზეა და მადევარ “ინტერსა” და “ატალანტას” ამ ტურში მისი გადასწრების შესაძლებლობა მიეცათ.

იტალიის სერია A
21-ე ტური
“მილანი” — “ნაპოლი” 1:2 (1:2)
გოლები: კუცკა 37′ — ინსინიე 6′, კალეხონი 9′.

“ნაპოლის” საკლუბო რეკორდი

იტალიის სერია А-ს 37-ე ტურში “ნაპოლიმ” გასვლაზე “ტორინო” ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

ნეაპოლიტანურ გუნდს სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი უკავია და აქტივში 79 ქულა აქვს, რაც საკლუბო რეკორდია.

აქამდე “ნაპოლიმ” ორჯერ მოახერხა სერია А-ში 78 ქულის მოგროვება (2012-2013 და 2013-2014 წლების სეზონებში).

 

“ინტერმა” “ნაპოლი” დაამარცხა (ვიდეო)

იტალიის სერია A-ს 33-ე ტურში მილანის “ინტერმა” შინ “ნაპოლი” ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

მასპინძლებმა დაწინაურება მატჩის დებიუტშივე შეძლეს: გარი მედელის პასის შემდეგ მეტოქის საჯარიმო მოედანზე მყოფმა მაურო იკარდიმ ბურთი მარჯვენა ფეხით ლამაზად ჩამოიღო და მარცხენა ფეხით მეკარეს აუღებელი დაურტყა. აღსანიშნავია, რომ ამ ეპიზოდში არგენტინელი ფეხბურთელი თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა. 44-ე წუთზე მარსელო ბროზოვიჩი “ნაპოლის” კიპერ პეპე რეინასთან პირისპირ აღმოჩნდა და “ინტერის” უპირატესობა განამტკიცა.

მატჩის მეორე ნახევარში გოლი აღარ გასულა.

სატურნირო ცხრილში “ნაპოლის” 70 ქულით მეორე ადგილი აქვს დაკავებული და ლიდერ ტურინის “იუვენტუსს” ექვსი ქულით ჩამორჩება. “ინტერს” აქტივში 61 ქულა აქვს და მეოთხე პოზიცია უკავია.

იტალიის სერია A
33-ე ტური
“ინტერი” — “ნაპოლი” 2:0 (2:0)

გოლები: იკარდი 4′, ბროზოვიჩი 44′.
გაფრთხილებები: ნაგატომო 14′, მურილიო 33′, პერიშიჩი 42′, კონდოგბია 61′ — ჟორჟინიო 22′, ალბიოლი 55′, მერტენსი 73′.