ყველაზე დაძაბული და უხვგოლიანი თამაში ლისაბონში გაიმართა, სადაც „სპორტინგმა“ გელზენკირხენის „შალკე 04“ მიიღო და ანგარიშით 4:2 დაამარცხა.
მე-17 წუთზე ანგარიში სტუმრებმა სლიმანის ავტოგოლით გახსნეს. თერთმეტ წუთში წონასწორობა სარმა აღადგინა. შეხვედრის პირველი ნახევარი ანგარიშით 1:1 დასრულდა.
მეორე ტაიმის მე-7 წუთზე მასპინძლები წინ ჟეფერსონმა გაიყვანა, ოც წუთში კი, მეტოქის კარი ლუიშ ნანიმაც აიღო. 88-ე წუთზე სტუმრებმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს – გოლი აოგომ გაიტანა, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის პირველ წუთზე სლიმანიმ პირველ ტაიმში დაშვებული შეცდომა გამოასწორა და ამჯერად გოლი მეტოქის კარში გაიტანა.
საბოლოოდ, 4:2 და 4 ქულით „სპორტინგი“ ჯგუფის მესამე ადგილზე ავიდა და მეორე ადგილისთვის ბრძოლის შანსებიც შეინარჩუნა. რაც შეეხება „შალკეს“, გელზენკირხენელები ლისაბონელებს მხოლოდ ქულით უსწრებენ და ჯგუფში მეორე ადგილს იკავებენ.