რატომ არ აძლევდა „მანჩესტერ იუნაიტედი“ პოლ პოგბას ვარჯიშის საშუალებას

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა პოლ პოგბამ განაცხადა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში“ მას ცუდად ექცეოდნენ.

„მათ არ სურდაც, რომ მე ძირითად შემადგენლობასთან ან დუბლებთან მევარჯიშა. ერთხელ 18-წლამდელთა გუნდთან ვივარჯიშე, რის შემდეგაც ან მარტო ვმუშაობდი, ან სადარბაზოში ვვარჯიშობდი. ხელმძღვანელობას ვუთხარი, რომ ფეხბურთელი ვარ და არა ათლეტი. მათი სიტყვებით, ვარჯიშის უფლება იმის გამო წამართვეს, რომ სხვაგან გადასვლას ვაპირებდი. შესაძლოა, მათ არც კი ესმოდათ, რომ შეცდომას უშვებდნენ. „მანჩესტერ იუნაიტედი“ დიდი კლუბია, თუმცა საკუთარ თავზე ფიქრი და ფეხბურთის თამაშიც საჭიროა. მწვრთნელი შემპირდა, რომ მათამაშებდა, თუმცა მე სათადარიგოთა სკამზე ვრჩებოდი“, – განაცხადა „ბიანკონერის“ შუახაზელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

კონტე: “ბენფიკას” ფინალში გასვლა არ დაუმსახურებია”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ “ბენფიკასთან” გამართული შეხვედრა შეაფასა და თქვა, რომ პორტუგალიურ კლუბს ევროპის ლიგის ფინალში გასვლა არ დაუმსახურებია.

შეგახსენებთ, 1 მაისს, ევროპის ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში, “იუვენტუსმა” “ბენფიკასთან” ფრედ 0:0 ითამაშა, ორი მატჩის ჯამში კი (1:2), ფინალში ლისაბონელები გავიდნენ.

“მოვლენები ჩვენთვის ცუდად წარიმართა. “ბენფიკას” ფეხბურთელებს დრო გაყავდათ, მსაჯი კი მათ ამაში ხელს უწყობდა. ცუდია, რომ პორტუგალიელებმა ორ შეხვედრაში მხოლოდ ორჯერ დაარტყეს ჩვენი კარის მიმართულებით და ფინალში გავიდნენ”, – ამბობს კონტე.

კიელინი: „ფინალში გასვლას ჩვენ უფრო ვიმსახურებდით“

უეფას ევროპის ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე ტურინის „იუვენტუსსა“ და ლისაბონის „ბენფიკას“ შორის გამართული განმეორებითი მატჩი უგოლოდ დასრულდა. პირველი შეხვედრა პორტუგალიელებს ანგარიშით 2:1 ჰქონდათ მოგებული და შესაბამისად, ფინალის საგზური მათ მოიპოვეს.

მატჩის შემდეგ „ბებერი ქალბატონის“ მცველმა ჯორჯო კიელინიმ განაცხადა, რომ ფინალში გასვლას „იუვენტუსი“ იმსახურებდა.

„ბენფიკას“ პატივს ვცემთ, მაგრამ ვთვლი, რომ ფინალში გასვლას ჩვენ უფრო ვიმსახურებდით. ძალიან ვწუხვარ, რომ ყველაფერი ასე დასრულდა. თითოეული ჩვენგანი იმედგაცრუებულია, რომ საშინაო ფინალში ვერ ითამაშებს. ჩვენ ჩვენივე შეცდომების გამო დავისაჯეთ, თუმცა ეს გაკვეთილად უნდა იქცეს. ვწუხვარ, რომ ფინალში არ ვიქნებით“, – კიელინის სიტყვები „ტუტომერკატომ“ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის ფინალური მატჩი „სევილიასა“ და „ბენფიკას“ შორის 14 მაისს, ტურინში შედგება.

ბექა დოგრაშვილი

ევროპა ლიგის ფინალი: სევილია – ბენფიკა

დღეს, ტურინსა და ვალენსიაში ევროპა ლიგის განმეორებითი ნახევარფინალური მატჩები გაიმართა.

იუვენტუსი 0-0 ბენფიკა

“იუვენტუსმა” “ბენფიკასთან” საშინაო შეხვედრაში სტუმართა კარში გოლის გატანა ვერ მოახერხა და საშინაო ფინალის საგზურის გარეშე დარჩა. ტურინელები მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ ტერიტორიულ უპირატესობას და მომენტებიც უხვად შექმნეს, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ასპროცენტიანი მომენტები პორტუგალიელთა კართან არც თ ისე ბევრი იყო.

მეორე ტაიმში “იუვენტუსმა” მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერა, თუმცა “ბენფიკა” კარგად იცავდა თავს. პორტუგალიელები მატჩის დამთავრებამდე 23 წუთით ადრე რიცხობრივ უმცირესობაშიც დარჩნენ, თუმცა ამას სტუმრებისთვის ხელი არ შეუშლია.

ვალენსია 3-1 სევილია

გოლები: ფეგული 14′ (1:0); ბეტო (ს.კ. 26′); მატიუ 70′ (3:0); მბია 90+4 (3:1)

ვალენსიაში გამართული მეორე ნახევარფინალური დაპირისპირება საკმაოდ დრამატული გამოდგა. გასვლით მატჩი 0-2 წაგების შემდეგ “ვალენსიამ” “სევილიას” პირველივე წუთებიდან აგრესიულად შეუტია, რამაც შედგი გამოიღო. მასპინძლებმა ანგარიში მე-14 წუთზე ფეგულის ლამაზი გოლით გახსნეს. 26-ე წუთზე კი ბეტოს ავტოგოლის შემდეგ ორი შეხვედრის ჯამში ანგარიში გათანაბრდა.

“ვალენსიამ” მეორე ტაიმიც პირველის მსგავსად დაიწყო. “სევილიას” კი, ფაქტობრივად არაფერი არ გამოსდიოდა. 70-ე წუთზე კუთხურის შემდეგ მატიუმ კიდევ ერთი გოლი გაიტანა უნაი ემერის გუნდის კარში და ანგარიში 3:0 გახადა. ამ გოლის შემდეგ “მესტალიაზე” შეკრებილი გულშემატკივრები ფინალში გასვლას ზეიმობდნენ, თუმცა 94-ე წუთზე სტეფან მბიას გატანილი გოლით “სევილია” ფინალში აღმოჩნდა.

პოლ პოგბას ბრწყინვალე თამაში “ბენფიკასთან”

1 მაისს, ევროპის ლიგის გათამაშებაში “იუვენტუსსა” და “ბენფიკას” შორის გამართულ მატჩში პოლ პოგბამ გულშემატკივრებს მშვენიერი ეპიზოდი შესთავაზა

კიელინი: “გოლი არ უნდა გავუშვათ”

ტურინის “იუვენტუსის” მცველმა ჯორჯო კიელინიმ “ბენფიკასთან” მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა და თქვა, რომ “ბიანკონერიმ” საკუთარ კარში გოლი არ უნდა გაუშვას.

შეგახსენებთ, რომ “ბენფიკასა” და “იუვენტუსს” შორის გამართული პირველი შეხვედრა პორტუგალიელთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.

“ძალიან მინდა, თამაში მალე დაიწყოს. პირველ შეხვედრაში მეორე გოლი მატჩის ბოლოს გავუშვით, რაც სასიამოვნო ნამდვილად არ არის. რა თქმა უნდა, ფინალში გასვლა გვინდა, ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ საკუთარ კარში ბურთი არ მივიღოთ”, – ამბობს კიელინი.

ტევესი არგენტინის ნაკრებში არგამოძახებას ხუმრობით გამოეხმაურა

ტურინის „იუვენტუსის“ არგენტინელი თავდამსხმელი კარლოს ტევესი შესანიშნავ ფორმაშია. 30 წლის ფორვარდს იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 31 მატჩში 19 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში თანაქალაქელი „ტორინოს“ თავდამსხმელ ჩირო იმობილეს მხოლოდ 2 ბურთით ჩამორჩება.

მიუხედავად ასეთი კარგი შედეგისა, არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალეხანდრო საბელია ტევესის სამუნდიალო განაცხადში შეყვანას ჯიუტად არ აპირებს, რასაც თავად ფეხბურთელი ხუმრობით გამოეხმაურა.

„ვფიქრობ, არგენტინის ნაკრების თავკაც საბელიას „სქაი“ (ტელეარხი) არ აქვს, რომ „იუვენტუსის“ მატჩებს უყუროს“, – აღნიშნა ტევესმა „სქაის“ ეთერში.

ბექა დოგრაშვილი

ლორენტე: “იუვენტუსი” ყოველთვის ბოლომდე ბრძოლობს”

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი ფერნანდო ლორენტე აცხადებს, რომ “ბიანკონერი” ყველა მატჩში ბოლომდე ბრძოლობს.

შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსმა” 28 აპრილს “სასუოლო” სტუმრად ანგარიშით 1:3 დაამარცა, ლორენტემ კი შეხვედრაში საბოლოო წერტილი დასვა. ტურინელებს ჩემპიონობამდე მხოლოდ ერთი გამარჯვება აშორებთ.

“სასუოლოსთან” მართლაც რთული მატჩი გამოდგა. მასპინძლები კარგად თამაშობდნენ და პირველი გოლის გატანაც მათ მოახერხეს. თუმცა, “იუვენტუსი” ყოველთვის ბოლომდე ბრძოლობს და ცხადია, ამიტომ გამარჯვება ჩვენ მოვახერხეთ”, – ამბობს ლორენტე.

კონტე: „რომას“ აქვს უფლება, რომ „სკუდეტოს“ მოგებაზე ფიქრი გააგრძელოს“

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „სასუოლოსთან“ იტალიის სერია ა-ს 35-ე ტურის ანგარიშით 1:3 მოგებული მატჩი შეაფასა.

„შემდეგ კვირას დაწყებული სამუშაო უნდა დავასრულოთ. ჩემპიონატი ჯერ არ მოგვიგია, თუმცა საამისოდ დიდი ნაბიჯი გადავდგით და გუნდებს, რომლებიც ჩვენს უკან არიან, აქვს უფლება, სკუდეტოს მოგებაზე ფიქრი გააგრძელოთ.

ბევრის აზრით, მიმდინარე სეზონში „რომა“ დიდებულად თამაშობს. ამჟამად მას 8 ქულით ვუსწრებთ და ევროპის ლიგის ნახევარფინალში ვართ. თუ „რომა“ დიდებულად თამაშობს, მაშინ ჩვენი თამაშის აღსაღწერად საჭირო სიტყვას ვერ ავირჩევ“, – განაცხადა „ბიანკონერის“ დამრიგებელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

კონტე: „გარსიას კომენტარმა ბარში გაგონილი საუბარი გამახსენა“

„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „რომას“ თავკაცი რუდი გარსია გააკრიტიკა, რომელმაც „ბიანკონერის“ მეტოქეებს „შავ-თეთრებისთვის“ წინააღმდეგობის გაწევისკენ მოუწოდა, რათა ჩემპიონატში ინტრიგა შენარჩუნდეს.

„სიმართლე რომ გითხრათ, გარსიას კომენტარმა გამაკვირვა. მისმა სიტყვებმა ბარში გაგონილი საუბარი გამახსენა. არამგონია, „იუვენტუსთან“ მოტივაციისთვის რომელიმე გუნდს ეს სჭირდებოდეს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მრავალი წლის განმავლობაში ყველა გუნდისთვის ჩვენთან თამაში ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო.

გარდა ამისა, მსგავსი განცხადებები მწვრთნელთა, ფეხბურთელთა და გულშემატკივართათვის უპატივცემულობის ნიშანია. ჩემი აზრით, არც ერთი კლუბი გულშემატკივარს არ ჰგონია, რომ მისი გუნდი „იუვესთან“ არ იბრძვის და უმოტივაციოდ თამაშობს“, – განაცხადა კონტემ.

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-16 ნომერი გამოქვეყნდა

გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეთექვსმეტე ნომერი, რომელშიც წაიკითხავთ:

გვ. 2-3 — ტიტო ვილანოვა (1968 – 2014)
გვ. 4-5 — კვირის   ახალი   ამბები;
გვ. 6-7 — კვირის  კარიკატურები;
გვ. 8 — ვინ იქნება „მანჩესტერის“ მწვრთნელი?

   შეგახსენებთ, რომ ფუნქციონირებს ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

ნომრის PDF ვერსია

27 აპრილის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ

ჟურნალის მთავარი რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

ლიმას ლამაზი გოლი “იუვენტუსის” კარში

24 აპრილს, ევროპის ლიგის გათამაშებაში, “ბენფიკასა” და “იუვენტუსს” შორის გამართულ მატჩში, ლიმამ მეტოქეს ლამაზი გოლი გაუტანა.