პელე: „2014 წლის მუნდიალი ბრაზილიის სირცხვილია“

ბრაზილიის ნაკრებში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა პელემ ქვეყნის ხელისუფლება მუნდიალისთვის მოსამზადებელ პერიოდში გასაკეთებელი საქმეების შეუსრულებლობისთვის გააკრიტიკა.

„ქვეყანას საკმარისი დრო ჰქონდა იმისთვის, რომ სტადიონები სრულ მზადყოფნაში მოეყვანა. მიუღებელი სიტუაციაა. ნამდვილი სირცხვილია!

ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ამასთან ბრაზილიის ნაკრებს არანაირი კავშირი არ აქვს. ყველაფერში დამნაშავე კორუფციაა. ცბიერმა ხალხმა სტადიონების მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხა მოიპარა, არენები კი ვერ აშენდა.

აქედან გამომდინარე, გასაგებია, რატომ არის ბრაზილიაში რთული პოლიტიკური ვითარება. ხალხს კორუფციასთან ბრძოლის უფლება აქვს“, – პელეს სიტყვები ბრიტანულმა „სანმა“ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე 22 დღეს დარჩა.

ბექა დოგრაშვილი

ფიგუ: „არა მგონია, მსოფლიოს თასი ისევ ესპანეთმა მოიგოს“

პორტუგალიის ნაკრების ყოფილ ნახევარმცველ ლუიშ ფიგუს ეჭვი ეპარება იმაში, რომ ესპანელები მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს დაიცავენ. პორტუგალიელის თქმით, 2014 წლის მუნდიალის მთავარი ფავორიტი ბრაზილიის ნაკრებია.

„არა მგონია, ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება მოახერხოს. ამ გუნდს გამარჯვებისთვის საჭირო ხარისხი არ გააჩნია. ესპანელებისთვის მუნდიალის მოგება რთული იქნება, თუმც არა შეუძლებელი.

ვფიქრობ, რომ ტურნირის მასპინძელ ბრაზილიას ჩემპიონობის ყველაზე დიდი შანსი აქვს. ლუიშ ფელიპე სკოლარის კარგად ვიცნობ. ის ამ ტიტულის მოსაპოვებლად ზედგამოჭრილი მწვრთნელია. ბრაზილიელ ფეხბურთელებს გულშემატკივართა მხრიდან გამხნევება გარანტირებული აქვთ. ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ თამაში ყველას გაუჭირდება.

რთული გზა აქვს პორტუგალიის ნაკრებსაც. ჩემს ქვეყანაში 11 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ადვილია არ არის, იპოვო 18-20 პორტუგალიელი, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება შეეძლება. ამასთან ერთად, გუნდი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული კრიშტიანუ რონალდუზე“, – ფიგუს სიტყვებს goal.com-ი ციტირებს.

პორტუგალიელმა ჩემპიონთა ლიგის ფინალის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფავორიტად მადრიდის „რეალს“ თვლის.

„ჩემი აზრით, ჩემპიონთა ლიგას „რეალი“ მოიგებს, რადგან კლუბმა ეს ტიტული უკანასკნელად 2002 წელს დაისაკუთრა, როცა ამ გუნდის ნაწილი მეც გახლდით. ასე რომ, ეს მატჩი მეტად მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, „რეალი“ გაიმარჯვებს, თუმცა კარგად მოგეხსენებათ, რომ ფინალში ყველაფერი შესაძლებელია“, – განაცხადა ლუიშ ფიგუმ.

აქვე შეგახსენებთ, რომ „რეალსა“ და მადრიდის „ატლეტიკოს“ შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი 24 მაისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

გაიცანით 17 წლის “ახალი ნეიმარი”

16 მაისს, ბრაზილიის ჩემპიონატში, “სანტოსსა” და “პრინსესას” შორის გამართულ მატჩში (4:2), ერთ-ერთი გოლი 17 წლის ბრაზილიელმა თავდამსხმელმა გაბრიელ ბარბოსამ გაიტანა.

ახალგაზრდა ფეხბურთელს, რომლის ზედმეტსახელი “გაბიგოლია”, ბრაზილიაში “ახალ ნეიმარს” უწოდებენ. აღსანიშნავია, რომ ნეიმარის მსგავსად, ბარბოსას გატანილი გოლების ორიგინალურად აღნიშვნა უყვარს.

ბრაზილიის ნაკრების სამუნდიალო მოსამზადებელი ეტაპის განრიგი

ბრაზილიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპის განრიგი გამოაქვეყნა.

გუნდი 26 მაისს, ადგილობრივი დროით დილის 10:00 საათზე, რიო დე ჟანეიროს საერთაშორისო აეროპორტში შეიკრიბება, საიდანაც საწვრთნელ ცენტრ ტერეზოპოლისში გადაფრინდება.

პირველი ორი დღეს სრულად სამედიცინო შემოწმებას მოხმარდება, გუნდი პირველ ვარჯიშს 28 მაისს ჩაატარებს.

1-ელ ივნიის ბრაზილიის ნაკრები ქალაქ გოიანიაში გადაინაცვლებს, სადაც 3 ივნისს პანამის ნაკრებთან გასამართი ამხანაგური მატჩისთვის მოემზადება.

5 ივნისს გუნდი რიო დე ჟანეიროში დაბრუნდება, მომდევნო დღეს კი ამხანაგურად სერბეთის ნაკრებს გაეჯიბრება.

ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ მატჩს 13 ივნისს ხორვატიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

 

ზლატანს ბრაზილიაში ეპატიჟებიან

შვედეთის ნაკრების თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩს ბრაზილიაში ეპატიჟებიან. ბრაზილიელებმა სპეციალური ვიდეო დაამზადეს, რომლის მეშვეობითაც ისინი შვედ ფეხბურთელს მსოფლიოს ჩემპიონატზე დასწრებას სთხოვენ. გულშემატკივრებმა სპეციალური ჰეშთეგიც შექმნეს: #VEMIBRA შეგახსენებთ, რომ შვედეთის ნაკრები მუნდიალზე ვერ მოხვდა, თუმცა ბრაზილიელებს იმედი აქვთ, რომ ზლატანი მსოფლიოს ჩემპიონატს მაყურებლის რანგში მაინც დაესწრება. ვიდეოში იბრაჰიმოვიჩს ისეთი ფეხბურთელებიც მიმართავენ, როგორებიც არიან დანი ალვესი, რონალდო, ბებეტო, დენილსონი და სხვა.

მოგვიანებით იბრაჰიმოვიჩი ბრაზილიელებს სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა: „ბრაზილია! ვფიქრობ, დაგეგმილი არდადეგების შეცვლა მომიწევს“.

 

ბრაზილიის პოლიცია მუნდიალის უსაფრთხოებისთვის აქტიურად ემზადება

ბრაზილიის პოლიციამ მსოფლიოს ჩემპიოანტის დაწყებამდე ერთი თვით ადრე დიდი რაოდენობით ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები შეიძინა. ამ საშუალებით აპირებენ სამართალდამცავები საპროტესტო აქციების აღკვეთას. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიაში საკმაოდ ხშირია მომიტინგეთა შეკრება, რამაც 2013 წელს კონფედერაციის თასის გათამაშების მიმდინარეობის დროსაც პრობლემები.

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე 30 დღე დარჩა. ტურნირი 13 ივნისს, სან პაულოშიში გაიხსნება, სადაც ბრაზილიის ნაკრები ხორვატიას მიიღებს.

იხილეთ: 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის კალენდარი

 

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-18 ნომერი გამოქვეყნდა

გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეთვრამეტე ნომერი, რომელშიც წაიკითხავთ:

გვ. 2 — სპორტის სამინისტრომ ფეხბურთის განვითარების პროგრამა წარადგინა;
გვ. 3 — ჩემპიონთა ლიგის ფინალის მსაჯი – საინტერესო ფაქტები;
გვ. 4-6 — სუპერმენი მანჩესტერიდან;
გვ. 6 — კვირის  ახალი ამბები;
გვ. 7-8 — კვირის კარიკატურები

   შეგახსენებთ, რომ ფუნქციონირებს ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

ნომრის PDF ვერსია

11 მაისის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ

ჟურნალის მთავარი რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

კაკა: “სკოლარის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ”

იტალიური “მილანის” ნახევარმცველმა რიკარდო კაკამ განაცხადა, რომ ლუიშ ფელიპე სკოლარის გადაწყვეტილებას ყველამ პატივი უნდა სცეს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, პორტუგალიელმა სპეციალისტმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატისათვის ბრაზილიის ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელთა სია გამოაქვეყნა, რომელშიც კაკა ვერ მოხვდა.

“ძალიან ცუდია, რომ მუნდიალზე ვერ მივდივარ, მაგრამ დაღონებული მაინც არ ვარ, რადგან მიმდინარე სეზონში ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ ნაკრებში მოვხვედრილიყავი. სკოლარის გადაწყვეტილებას კი, რა თქმა უნდა, ყველამ პატივი უნდა ვცეთ”, – ამბობს კაკა.

მეკარე როჟერიო სენიმ კარიერაში 115-ე გოლი გაიტანა

8 მაისს, ბრაზილიის თასზე, “სან-პაულუმ” საკუთარ მოედანზე “რეგატასი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში ერთ-ერთი გოლი მეკარე როჟერიო სენიმ გაიტანა, რომლისთვისაც ის კარიერაში 115-ე იყო.

სკოლარიმ შემადგენლობა დაასახელა

ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელმა ლუის ფელიპე სკოლარიმ იმ მოთამაშეთა სია გამოაქვეყნა, რომლებიც საშინაო მუნდიალზე მიიღებენ მონაწილეობას.

მეკარეები: ჯეფერსონი, ვიქტორი, ჟულიო სეზარი

მცველები: დანტე, დავიდ ლუისი, ტიაგო სილვა, ენრიკე, დანი ალვესი, მაიკონი, მარსელო, მაქსველი. 

ნახევარმცველები: რამირესი, ფერნანდინიო, ერნანესი, პაულინიო, ვილიანი, ლუის გუსტავო, ოსკარი, ბერნარდი. 

თავდამსხმელები: ჰალკი, ფრედი, ნეიმარი, ჟო. 

23 მოთამშიდან ბრაზილიის ეროვნულ ჩემპიონატს მხოლოდ 4 წარმოადგენს: ჯეფერსონი, ვიქტორი, ფრედი და ჟო.

ყველაზე სასაცილო ცოცხალი კედელი ფეხბურთში?

7 მაისს, ბრაზილიის თასზე, “პონტე პრეტასა” და “პარანას” შორის გამართულ მატჩში, “პონტე პრეტამ” ჯარიმის დარტყმის წინ საკმაოდ საინტერესო ცოცხალი კედელი აღმართა.

სკოლარიმ მსოფლიოს ჩემპიონატისათვის შემადგენლობა დაასახელა

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუიშ ფელიპე სკოლარიმ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატისათვის შემადგენლობა დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ გამოცდილმა სპეციალისტმა მუნდიალისათვის რიკარდო კაკა, რობინიო და რონალდინიო არ გამოიძახა.

მეკარეები: ჟულიო სეზარი, ჯეფერსონი, ვიქტორი.

მცველები: დანტე, დავიდ ლუისი, ტიაგო სილვა, ენრიკე, დანი ალვეში, მაიკონი, მარსელო მაქსველი.

ნახევარმცველები: ფერნანდინიო, ერნანეში, ლუიზ გუსტავო, ოსკარი, პაულინიო, რამირესი, ვილიანი.

თავდამსხმელები: ბერნარდი, ჰალკი, ფრედი, ჟო, ნეიმარი.