რიბერი: „დღეს მე ჩემი სახეც მომწონს“

პარასკევს, ევროპაში კიდევ ერთი საფეხბურთო წიგნი იხილავს დღის სინათლეს. წიგნი სახელწოდებით „ფრანკი“ მიუნხენის „ბაიერნის“ ფრანგ ნახევარმცველ ფრანკ რიბერის შესახებ მოგვითხრობს. ჩვენი ჟურნალი აღნიშნულ წიგნში შესულ რიბერის რამდენიმე ციტატას გაგაცნობთ.

შესავალში წიგნის ავტორი რამდენიმე ადამიანს რიბერის დახასიათებას სთხოვს. ერთ-ერთი მათგანი ფრანკის თანაკლუბელი დანიელ ვან ბუიტენი გახლავთ.

„საფეხბურთო ინდუსტრიაში ბევრ მეგობარს ვერ გაიჩენ. ფრანკი ის მეგობარია, რომელიც მთელი ცხოვრება გაგყვება“, – აღნიშნავს ბელგიელი მცველი.

ფრანკ რიბერის ციტატები:

იარების შესახებ:
1985 წელს ავტომობილი, რომლითაც რიბერის ოჯახი მგზავრობდა, სატვირთო მანქანას დაეჯახა. გამგზავრებამდე ორი წლის ფრანკის მამას შვილისთვის უსაფრთხოების ქამრის შეკვრა დაავიწყდა, რიბერიმ თავი საქარე მინას დაარტყა. სწორედ ამ პერიოდიდან აქვს მას სახის მარჯვენა მხარეს ორი გრძელი იარა. წლების შემდეგ, როდესაც ის მარსელის „ოლიმპიკში“ პოპულარული ფეხბურთელი გახდა, ადგილობრივმა მაღაზიამ ჰელოუინის დღეობაზე გასაყიდად რიბერის ნიღბები გამოიტანა – რა თქმა უნდა, საშინელი ნაიარევით. ფეხბურთელს პლასტიკური ოპერაცია შესთავაზეს, მაგრამ მან უარი განაცხადა: „ეს იარები ძალას მმატებს. ბავშვობაში დამცინოდნენ, შეურაცხყოფას მაყენებდნენ, მაგრამ ამან უფრო გამაძლიერა… იარებს არ მოვიშლი, რამდენიც არ უნდა გადამიხადონ!“
„ბავშვობაში კვაზიმოდოს მეძახდნენ. წარმოგიდგენიათ? ასე მომართვა გულს ძალიან მტკენდა. რომ არა ეს იარა, მეც ჩვეულებრივი ბიჭი ვიქნებოდი. ახლა გაცილებით ძლიერი ხასიათი მაქვს, გამარჯვებისკენ მივისწრაფი. დღეს მე ჩემი სახეც მომწონს. მიყვარს ჩემი ცხოვრება“.

მშენებლობაზე მუშაობის შესახებ:
„მამამ პნევმატური ჩაქუჩი მომცა და მეც საქმეს შევუდექი. მუშაობა ახალი დაწყებული მქონდა, როცა მამა სამშენებლო ხარაჩოდან ჩამოვარდა. მაშინ მივხვდი, რომ მამაჩემის საქმიანობა ადვილი სულაც არ ყოფილა. მივხვდი იმასაც, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო. ისღა დამრჩენოდა, ფეხბურთელი გავმხდარიყავი“.

პირველი შვებულების შესახებ  (2004 წელს):
რიბერის რეაქცია, როდესაც „მეცის“ მწვრთნელმა ჟან ფერნანდესმა უთხრა, რომ ერთკვირიანი შვებულებით მეუღლესთან ერთად ტუნისში გამგზავრება შეეძლო. ჟან ფერნანდესი იხსენებს:
„წარმოიდგინეთ: ეს ცხოვრებაში მისი პირველი შვებულება იყო. ის პირველად გაემგზავრა თვითმფრინავით. მოგვიანებით დავურეკე და ასეთი რამ მითხრა: მწვრთნელო, ძალიან მომწონს! ჩემი მეუღლე ახლა აუზში ცურავს. ძალიან მაგარია!“

ბექა დოგრაშვილი
ჟურნალი Fanebi.com

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-13 ნომერი გამოქვეყნდა

გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეცამეტე ნომერი, რომელშიც წაიკითხავთ:

გვ. 2-3 — რის გამო უკრძალავს ფიფა „ბარსელონას“ ტრანსფერების განხორციელებას?
გვ. 4-5 — კვირის   კარიკატურები;
გვ. 6-7 — კვირის   ახალი   ამბები;
გვ. 8 — რიბერი: „დღეს მე ჩემი სახეც მომწონს“.

   კვლავინდებურად შეგახსენებთ, რომ გაიხსნა ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

ნომრის PDF ვერსია

6 აპრილის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ.

ჟურნალის რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

პლატინი: „ოქროს ბურთს“ ათი წლის შემდეგაც მესი ან რონალდუ მოიგებს“

უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 2013 წლის „ოქროს ბურთი“ ფრანკ რიბერის უნდა გადასცემოდა.

ფრანგმა ნახევარმცველმა გამოკითხვის ბოლო ეტაპზე მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა, გამარჯვებული კი კრიშტიანუ რონალდუ გახდა. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი ექვსი წლის განმავლობაში ამ ჯილდოს ან „ბარსელონას“ თავდამსხმელი ლეო მესი ან „რეალის“ პორტუგალიელი ფორვარდი რონალდუ იღებს.

„არსებული სისტემით „ოქროს ბურთს“ ათი წლის შემდეგაც მესი ან რონალდუ მიიღებს. ამ წელს რონალდუმ, მესიმ და რიბერიმ დაიმსახურეს ჯილდოს მოგება, მაგრამ ფრანკმა ყველა შესაძლო ტურნირი მოიგო. აქედან გამომდინარე, მე ხმას რიბერის მივცემდი. ასეთი პროზიცია იმიტომ არ მაქვს, რომ ის ფრანგია. არა, ასეთივე სიამოვნებით მხარს არიენ რობენს ან ბასტიან შვაინშტაიგერს დავუჭერდი. ნეიმარს, მიუხედავად იმისა, რომ „ბარსელონაში“ თამაშობს, კიდევ სჭირდება დრო მესის ტახტიდან ჩამოსაგდებად“, – პლატინის სიტყვები Le Journal du Dimanche-მა გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

რიბერი „არსენალთან“ გასამართ მატჩს გამოტოვებს

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი ფრანკ რიბერი უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე, ლონდონის „არსენალთან“ გასამართ პირველ მატჩს გამოტოვებს.

ფრანგმა ფეხბურთელმა მაგნიტო–რეზონანსული ტომოგრაფია ჩაიტარა, რომელმაც აჩვენა, რომ ჰემატომა, რომელიც ნერვს აწვებოდა, მთლიანად ამოკვეთილია. რიბერი სარეაბილიტაციო კურსს გადის, ერთი კვირის თავზე კი უკვე სირბილის ნებასაც დართავენ.

„ბაიერნსა“ და „არსენალს“ შორის პირველი მატჩი 19 თებერვალს, ლონდონში გაიმართება და ამ დროისთვის რიბერი გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს, თუმცა, არ არის გამორცხული, ფრანგმა ნახევარმცველმა საპასუხო შეხვედრაში მონაწილეობის მიღება შეძლო.

ბექა დოგრაშვილი

ფრიდრიხი: „რიბერიზე მეტად ამ ტიტულს არავინ იმსახურებდა“

გერმანიის ნაკრების ყოფილი მცველისთვის არნე ფრიდრიხისთვის „ოქროს ბურთის“ გამოკითხვის შედეგები მოულოდნელი აღმოჩნდა, რის შესახებაც მან თავისი ტვიტერის გვერდზე დაწერა.

„მაპატიეთ, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ხუმრობას ჰგავს. რონალდუ – მსოფლიო დონის შემსრულებელია, თუმცა ამ პრიზს რიბერიზე მეტად არავინ იმსახურებდა“, – თვლის ფრიდრიხი.

ალექსანდრე მატევოსოვი

ჰიონესი: “რიბერის “ოქროს ბურთს ” არ მოაგებინებენ”

ვინ მოიგებს ოქროს ბურთს? ყველაფერი ერთ საათში გაირკვევა. ამ პრესტიჟულ ჯილდოს ფრენკ რიბერი, კრიშტიანო რონალდუ ან ლიონელ მესი მოიპოვებს.

“აშკარაა, რომ რამდენიმე ადამიანმა ყველაფერი განგებ შეცვალა, რათა პრიზი “ბაიერნის” ფეხბურთელს არ აეღო, საკმაოდ ბევრ ადამიანს, რომელიც დღეს მაღალ პოსტს იკავებ, არ უნდა, ამ ფრონტზეც ბავარიული ტრიუმფი იხილოს”, – განაცხადა მიუნხენის “ბაიერნის“ პრეზიდენტმა ული ჰიონესმა Sport 1-თან საუბარში.

შეგახსენებთ, შვედეთის ნაკრებთან წარმატებული მატჩების შემდეგ ფიფა-მ ხმების მიცემის პროცედურა გაახანგრძლივა.

რიბერი: „ოქროს ბურთის“ გარეშეც ბედნიერი ვიქნები“

საფრანგეთის ნაკრებისა და მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ განაცხადა, რომ თუ „ოქროს ბურთს“ მას არ გადასცემენ, ამ ფაქტს დიდ ყურადღებას არ მიაქცევს. მანვე აღნიშნა, რომ კმაყოფილია ამჟამინდელი ყოფით.

„იმ შემთხვევაშიც ბედნიერი ადამიანი ვიქნები, თუ „ოქროს ბურთს“ ვერ მოვიგებ. ჩემთვის უკვე დიდი პატივია ისეთ ადამიანებთან ერთად წარდგენა, როგორებიც არიან ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ.

„ბაიერნი“ მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე ძლიერი გუნდია. ჩვენი საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ფეხბურთისგან სიამოვნებას ვიღებთ. ჩვენ დიდი ოჯახივით ვართ“, – ციტირებს რიბერის სიტყვებს გერმანული პრესა.

შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიალი 2014 წლის 13 იანვარს გაიმართება.

ბექა დოგრაშვილი

რიბერი: „არ აქვს მნიშვნელობა, მოვიგებ თუ არა „ოქროს ბურთს“

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ 2013 წლის „ოქროს ბურთზე“ ისაუბრა.

„არ აქვს მნიშვნელობა, მოვიგებ თუ არა ამ პრიზს, რადგან, ისედაც ბედნიერი ვარ. კმაყოფილი ვარ, რომ რონალდუსთან და მესისთან ერთად წლის საუკეთესო მოთამაშეთა სამეულში მოვხვდი. ვფიქრობ, ეს იმის წყალობით მოხდა, რომ „ბაიერნთან“ ერთად წელს ყველა შესაძლო ტიტული მოვიგე.

ვნახოთ, რა იქნება ცამეტ იანრავს. მთავარია, მიღწეულზე არ გავჩერდე და კიდევ უფრო კარგად თამაში დავიწყო“, – განაცხადა რიბერიმ.

ალექსანდრე მატევოსოვი

ბუფონმა „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში თავისი ფავორიტი დაასახელა

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა 2013 წლის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა შანსები შეაფასა და თავისი ფავორიტებიც დაასახელა.

„ვფიქრობ, გუნდური ტიტულები ყველაზე მნიშვნელოვანია. რიბერის უპირატესობა სწორედ ამაში აქვს, 2013 წელს „ბაიერნთან“ ერთად მან ყველა ტურნირი მოიგო, რომელშიც მონაწილეობა ჰქონდა მიღებული. თანაც, ფრანკმა ამ ტიტულების მოგებაში თავისი წვლილი შეიტანა. იგი დიდი ჩემპიონია.

თუმცა, რა თქმა უნდა, აღსანიშნავია, კრიშტიანუ რონალდუც, რომელიც დღესდღეობით სხვებზე უკეთესად თამაშობს. ყველაფრის მიუხედავად, ვთვლი, რომ საუკეთესოდ საუკეთესოთა შორის კვლავ მესი რჩება“, – აცხადებს ჯიჯი.

ალექსანდრე მატევოსოვი

რიბერი: „ოქროს ბურთს“ მეუღლეს, შვილებსა და მამას მივუძღვნი“

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი ფრანკ რობერი თვლის, რომ „ოქროს ბურთს“ იმსახურებს. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ჯილდოს მოპოვების პრეტენდენტები არიან: ლეო მესი, კრიშტიანო რონალდუ და თავად რიბერი.

„კლუბისთვის და ჩემთვის შესანიშნავი წელიწადი იყო. ყველა შესაძლო რეკორდი დავამხეთ და გავუმკლავდით სერიოზულ ზეწოლას მოედანსა და მოედანს მიღმა. ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო დამსახურებულად მოვიპოვე. მშვენიერი იქნება, თუ „ოქროს ბურთსაც“ გადმომცემენ. ამ ჯილდოს მეუღლეს, შვილებსა და მამას მივუძღვნი.

მესისთან და რონალდუსთან ერთად ნომინანტთა შორის მოხვედრა თავისთავად აღსანიშნავია. მოგების მშვენიერი შანსი მაქვს. 2013 წელი ჩემს კარიერაში საუკეთესო იყო“, – ციტირებს რიბერის სიტყვებს Goal.com-ი.

შეგახსენებთ იმასაც, რომ წუხელ ფრანგი ფეხბურთელი გასული საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს.

„ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიალი 2014 წლის 13 იანვარს შედგება.

ბექა დოგრაშვილი

რობენი: „რონალდუ „ოქროს ბურთს“ რიბერიზე მეტად იმსახურებს“

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველის არიენ რობენის აზრით, 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელად მადრიდის „რეალის“ ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ უნდა დაასახელონ.

„არასდროს ვიფიქრებდი, რომ წლის 23 საუკეთესო მოთამაშეს შორის მეც ვიქნებოდი“, – განუცხადა რობენმა Voetbal International-თან საუბრისას.

„უკვე ტრადიციად იქცა, რომ „ოქროს ბურთის“ მთავარი კანდიდატები რონალდუ და მესი არიან. წელს მათ რიბერიც შეუერთდა“.

„იქედან გამომდინარე, რომ ეს ინდივიდუალური პრიზია, ვფიქრობ, იგი რონალდუს უნდა გადასცენ. კრიშტიანუ მას ნამდვილად იმსახურებს“, – აღნიშნა ჰოლანდიელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ალკანტარა: „რიბერი „ოქროს ბურთს“ იმსახურებს“

„ბარსელონას“ ყოფილი და მიუნხენის „ბაიერნის“ ამჟამინდელი ნახევარმცველის ტიაგო ალკანტარას აზრით, 2013 წლის საუკეთესო მოთამაშდ ფრანკ რიბერი უნდა დასახელდეს.

„მე მესის გულშემატკვიარი ვარ, თუმცა რიბერი ჩემი გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა და მიმდინარე წელს მან „ოქროს ბურთი“ დაიმსახურა. ლიონელი – მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. შესაძლოა, ფეხბურთის ისტორიაში მასზე უკეთესი არავინ იყოს. მაგრამ, მიმდინარე წლის შედეგებიდან გამომდინარე, საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულს რიბერი იმსახურებს“ , – განაცხადა ალკანტარამ.

ალექსანდრე მატევოსოვი