რონალდომ კლოზეს მიულოცა

ცნობილმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდომ გერმანიის ნაკრების თავდამსხმელ მიროსლავ კლოზეს მსოფლიოს ჩემპიონატზე გატანილი მე-15 გოლი მიულოცა. ახლა ეს ფეხბურთელები მუნდიალის არსებობის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირის სტატუსს 15-15 გატანილი გოლით იყოფენ.

„წარმომიდგენია, რაოდენ ბედნიერი ხარ, კლოზე. შესანიშნავი ჩემპიონატია“, – აღნიშნა რონალდომ.

კიდევ ერთი გოლი გატანის შემთხვევაში, კლოზე მსოფლიოს ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდება.

 

გერმანია — განა (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გერმანიისა და განის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად „ბუნდესთიმის“ ნახევარმცველი მარიო გიოტცე დაასახელეს, რომელიც აღნიშნულ შეხვედრაში ანგარიში გახსნა.

გიოტცემ მოედანზე 69 წუტი დაჰყო, გააკეთა 41 გადაცემა და კარში 2-ჯერ დაარტყა.

 

კლოზემ რონალდოს შედეგი გაიმეორა

გერმანიის ნაკრების თავდამსხმელი მიროსლავ კლოზე განის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში (2:2) მოედანზე 69-ე წუთზე გამოვიდა, ორ წუთში გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა.

ეს გერმანელი ფეხბურთელის მიერ მსოფლიოს ჩემპიონატებზე გატანილი მე-15 გოლი გახლავთ. ამრიგად, კლოზე მუნდიალის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს, ბრაზილიელ რონალდოს გაუთანაბრდა.

გერმანელმა ფეხბურთელმა პირველი ხუთი გოლი 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიტანა, შემდეგი ხუთი – 2006 წლის მუნდიალზე, 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე კი ოთხი ბურთი შეაგდო. კიდევ ერთი გოლი გატანის შემთხვევაში, კლოზე მსოფლიოს ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდება.

მიროსლავ კლოზეს გერმანიის ნაკრების რიგებში ჩატარებულ 133 მატჩში 70 გოლი აქვს გატანილი.

 

ჯერომ ბოატენგი: „რონალდუ სრულად ჩავკეტეთ“

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გერმანიისა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა „ბუნდესთიმის“ დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 4:0 დასრულდა.

გერმანელი მცველი ჯერომ ბოატენგი ტურნირზე პირველი ჩატარებული მატჩით კმაყოფილია.

„მეტოქეს თავიდანვე პრესინგი მოვუწყეთ. გუნდურად შესანიშნავად ვითამაშეთ. კრიშტიანუ რონალდუ სრულად ჩავკეტეთ. მას სერიოზული პრობლემები ექმნებოდა, როცა ბურთს ფლობდა. ჩვენ მას თავისუფალ სივრცეს არ ვაძლევდით“, – განაცხადა ბოატენგმა.

 

გერმანია — პორტუგალია (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გერმანიისა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა „ბუნდესთიმის“ დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 4:0 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად გერმანელთა თავდამსხმელი ტომას მიულერი დასახელდა, რომელმაც მიმდინარე ტურნირზე პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა.

მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელმა მატჩი სრულად ჩაატარა, გააკეთა 35 გადაცემა და კარში დაარტყა 4-ჯერ.

 

მარკო როისი სამ თვეს გამოტოვებს

დორტმუნდის „ბორუსიას“ და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველ მარკო როისს მინიმუმ სამი თვე გაუცდება.

სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩის მიმდინარეობისას გერმანელმა ფეხბურთელმა მარცხენა ტერფის მყესები გაიგლიჯა. მიღებული ტრავმა გაცილებით სერიოზული აღმოჩდა, ვიდრე ამას ექიმები ვარაუდობდნენ.

მარკო როისს არამხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატის, არამედ გერმანიის ბუნდესლიგის დამდეგი სეზონის სასტარტო ტურების გამოტოვებაც მოუწევს.

ბექა დოგრაშვილი

მარკო როისი: „ჩემი ოცნება ერთ წამში დაიმსხვრა“

გერმანიის ნაკრების ნახევარმცველი მარკო როისი ბრაზილიაში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატს გამოტოვებს.

25 წლის ფეხბურთელმა ტრავმა სომხეთის ნაკრების წინაარმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში (6:1) მიიღო.

„არ ვიცი, სიტყვებით როგორ აღვწერო ის, რასაც ახლა ვგრძნობ. ჩემი ოცნება ერთ წამში დაიმსხვრა. ახლა რეაბილიტაციის კურსი უნდა გავიარო. პროფესიონალი ვარ და მომავალზე უნდა ვიფიქრო“, – როისის სიტყვებს „ბილდი“ აქვეყნებს.

გერმანიის ბუნდესლიგის გასულ გათამაშებაში როისმა 30 მატჩში 16 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გერმანიას მეტოქეებად პორტუგალიის, განისა და ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებები ჰყავს. გერმანელები ტურნირის პირველ შეხვედრას 16 ივნისს პორტუგალიელების წინააღმდეგ ჩაატარებენ.

ბექა დოგრაშვილი

მარკო როისი მსოფლიოს ჩემპიონატს გამოტოვებს?

გერმანიისა და სომხეთის ეროვნულ ნაკრებთა შორის გამართული მატჩის (6:1) 44-ე წუთზე „ბუნდესთიმის“ ნახევარმცველ მარკო როისს მარცხენა ფეხი გადაუბრუნდა და შესაცვლელი შეიქნა. მეტიც, ფეხბურთელმა მოედნის დატოვება მხოლოდ სამედიცინო პერსონალის დახმარების მეშვეობით შეძლო.

ვიდეო და ფოტომასალიდან გამომდინარე, ტრავმა სერიოზული უნდა იყოს და დიდია იმის ალბათობა, რომ როისმა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი გამოტოვოს.

 

 

კლოზემ რეკორდი დაამხო

მიროსლავ კლოზემ გერდ მიულერის რეკორდი დაამხო და გერმანიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

გერმანიისა და სომხეთის ნაკრებებს შორის გამართული ამხანაგური მატჩი „ბუნდესთიმის“ გამარჯვებით, ანგარიშით 6:1 დასრულდა. აქედან ერთი გოლი კლოზეს ანგარიშზეა. მისთვის ეს გერმანიის ნაკრების ფორმით გატანილი რიგით 69-ე გოლი გახლავთ, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. შეგახსენებთ, რომ რეკორდის დასამხობად გერმანელ თავდამსხმელს 132 მატჩი დასჭირდა, როცა ლეგენდარულმა მიულერმა 68 გოლის გატანა მხოლოდ 62 შეხვედრაში მოახერხა.

კლოზე კიდევ ერთი რეკორდის დამხობას წლევანდელ მსოფლიოს ჩემპიონატზე შეეცდება. ტურნირის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირად ბრაზილიელი რონალდო ითვლება, რომლის ანგარიშზეც 15 გოლი გახლავთ. კლოზეს მხოლოდ ერთი ბურთი სჭირდება იმისთვის, რომ ამ მაჩვენებლით ლეგენდარულ ბრაზილიელ თავდამსხმელს გაუთანაბრდეს.

ბექა დოგრაშვილი

კლოზე: „იდეალურ ფორმაში არ ვარ, თუმცა მუნდიალის დაწყებამდე დრო ჯერ კიდევ არის“

გერმანიის ნაკრების თავდამსხმელი მიროსლავ კლოზე იმედს გამოთქვამს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე სასურველ ფიზიკურ ფორმას დაიბრუნებს.

„საუკეთესო კონდიციებში არ ვარ, თუმცა ნერვიულობას აზრს არ აქვს, რადგან წინ გველის ვარჯიშები და საკონტროლო მატჩები. ამ პერიოდში ფორმის დაბრუნება სრულიად შესაძლებელია. ბრაზილიის მუნდიალზე კლიმატური პირობები ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი იქნება, ამიტომ ტურნირს იდეალურ ფიზიკურ ფორმაში უნდა შევხვდეთ“, – კლოზეს სიტყვებს „ტუტომერკატო“ ციტირებს.

გერმანიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეებად პორტუგალიის, განისა და აშშ-ის ნაკრებები ჰყავს. იოაჰიმ ლიოვის გუნდი პირველ მატჩს 16 ივნისს პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

ბექა დოგრაშვილი

„არიელი“ საფეხბურთო სკანდალში გაეხვა

სარეცხი ფხვნილის მწარმოებელი კომპანია „არიელი“ საფეხბურთო სკანდალში გაეხვა.

კომპანია გერმანიის ნაკრების სპონსორი გახდა და ამის აღსანიშნავად თავისი პროდუქტი ახალი შეფუთვით გამოუშვა, რომელზედაც ბუნდესგუნდის მაისური იყო გამოსახული. ერთი შეხედვით უწყინარმა იდეამ გაუთვალისწინებელი ფაქტორების გამო კრახი განიცადა. სარეცხი ფხვნილის ყუთის უკანა მხარეს სათამაშო ნომერი 88 იყო გამოსახული. ამით მწარმოებელს სურდა ეთქვა, რომ ერთი ყუთი სწორედ  ამდენჯერ გასარეცხად იყო საკმარისი.

თუმცა, ევროპაში რიცხვი 88 ნაცისტურ მისალმებასთან ასოცირდება: „ჰაილ ჰიტლერ“ (Heil Hitler – ლათინურ ანბანში ასო „H“-ს მერვე ნომერი შეესაბამება და მთლიანობაში აღნიშნული მიმართვა კომბინაციაში რიცხვ 88-ს ქმნის). გარდა ამისა, ნომრის ზემოთ წაწერილი სახელწოდება „არიელი“  (Ariel) მხოლოდ ერთი ასოთი განსხვავდება Arier-ისგან – ე.წ. არიული რასა. ამ ყველაფერმა ზოგიერთ მყიდველში „არიელის“ ნაცისტურ ბანაკთან ასოცირება გამოიწვია.

„არიელის“ მწარმოებელმა კომპანია „პროქტერ ენდ გემბელმა“ გერმანიაში მთლიანად ამოიღო გაყიდვიდან აღნიშნული პროდუქცია და მომავალში წარმოებაზეც უარი განაცხადა. გარდა ამისა, კომპანიამ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა:

„პროქტერ ენდ გემბელი“ სერიოზულად უყურებს ისეთ თემებს, როგორიცაა ტოლერანტობა, პატივისცემა, განსხვავებულობა და ჰუმანიზმი. ძალიან ვწუხვართ, თუ მომხმარებლებს არასწორი ასოციაციები გაუჩნდათ. ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით ნებისმიერი სახის ულტრამემარჯვენე (ნაცისტური) პოზიციას“.

ბექა დოგრაშვილი

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-18 ნომერი გამოქვეყნდა

გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეთვრამეტე ნომერი, რომელშიც წაიკითხავთ:

გვ. 2 — სპორტის სამინისტრომ ფეხბურთის განვითარების პროგრამა წარადგინა;
გვ. 3 — ჩემპიონთა ლიგის ფინალის მსაჯი – საინტერესო ფაქტები;
გვ. 4-6 — სუპერმენი მანჩესტერიდან;
გვ. 6 — კვირის  ახალი ამბები;
გვ. 7-8 — კვირის კარიკატურები

   შეგახსენებთ, რომ ფუნქციონირებს ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

ნომრის PDF ვერსია

11 მაისის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ

ჟურნალის მთავარი რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი