ლეო მესის ათწლიან კონტრაქტს შესთავაზებენ

“თაიმსის” ცნობით, ჰოლდინგური კომპანია City Football Group-ი “ბარსელონას” ლიდერ ლიონელ მესის ათწლიან კონტრაქტს შესთავაზებს. წინადადების დათანხმების შემთხვევაში, კონტრაქტის ვადის ამოწურვისას არგენტინელი ფეხბურთელი 43 წლის იქნება.

City Football Group-ი არის კომპანია, რომელიც შესულია ათი სხვადასხვა საფეხბურთო კლუბის მფლობელობაში, მათ შორის 100 პროცენტიანი წილი უკავია “მანჩესტერ სიტიში”. ჩანაფიქრის თანახმად, შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საწყის რამდენიმე წელს ლეო მესი “მანჩესტერ სიტის” შემადგენლობაში გაატარებს, რის შემდეგაც ჰოლდინგის საკუთრებაში არსებულ რომელიმე კლუბში გადავა. კარიერის დასრულების შემდეგ არგენტინელი კლუბის ელჩი გახდება.

შესაძლოა, ტრანსფერი 2021 წლის იანვარშივე გაიჩარხოს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სატრანსფერო პერიოდში ლიონელ მესის “ბარსელონასთან” კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტა სურდა. არგენტინელი ფეხბურთელი გუნდში შექმნილი სიტუაციით იყო უკმაყოფილო, თუმცა კლუბმა დაარწმუნა, რომ მოქმედი კონტრაქტის ამოწურვამდე გუნდში დარჩენილიყო. მასსა და კლუბს შორის დადებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2021 წლის ზაფხულამდე აქვს.

City Football Group-ი დღესდღეობით შემდეგი საფეხბურთო კლუბების მფლობელობაშია:

“მანჩესტერ სიტი” (ინგლისი) — 100%
“მელბურნ სიტი” (ავსტრალია) — 100%
“მონტევიდეო სიტი ტორკე” (ურუგვაი) — 100%
“ლომელი” (ბელგია)  — 99%
“ნიუ იორკ სიტი” (აშშ)  — 80%
“მუმბაი სიტი” (ინდოეთი)  — 65%
“ჟირონა” (ესპანეთი)  — 44.3%
“სიჩუან ცზიუნიუ” (ჩინეთი)  — 29.7%
“იოკოჰამა მარინოსი” (იაპონია) — 20%
“ტრუა” (საფრანგეთი).

მარკ კლატენბურგი: “მოურინიო “ჩელსიდან” მის გათავისუფლებაში მე მადანაშაულებს”

ინგლისის პრემიერლიგის აწ უკვე ყოფილმა მსაჯმა მარკ კლატენბურგმა თქვა, რომ ჟოზე მოურინიო ლონდონის “ჩელსიდან” მის გათავისუფლებას სწორედ ინგლისელ არბიტრს აბრალებს.

ლონდონურმა კლუბმა პორტუგალიელი სპეცილიასტი 2015 წლის დეკემბერში, მომავალ ჩემპიონ “ლესტერ სიტისთან” დამარცხების (1:2) შემდეგ გაათავისუფლა. იმ მატჩს სწორედ კლატენბურგი სჯიდა. ინგლისელმა რეფერიმ მოურინიოსთან იმხანად არსებული ურთიერთობის შესახებ Paddy Power-ისთვის ჩაწერილ ინტერვიუში ისაუბრა:

“მოურინიო “ჩელსიდან” მის გათავისუფლებაში მე მადანაშაულებს, მე კი ვიტყოდი, რომ ის გუნდიდან მანამდე დაფიქსირებული შედეგების გამო უფრო გაუშვეს. “რეალიდან” დაბრუნებული მოურინიო ბევრს შრომობდა და თურმე, “ჩელსიდან” ჩემ გამო დაითხოვეს.

როდესაც “მანჩესტერ იუნაიტედში” მივიდა, იგივეს ფიქრობდა. ეგონა, რომ მე ვაპირებდი მის გათავისუფლებას, ამიტომ ის ჩემ მიმართ ყოველთვის ანტაგონისტურად იყო განწყობილი. საერთოდაც, სერ ალექს ფერგიუსონის მსგავსი მწვრთნელები ასეთები არიან: თუ მათი გუნდი იგებს, მატჩს მსოფლიოში საუკეთესო რეფერი სჯიდა”.

“გუნდში არავის ვაკავებთ”

მილანის “ინტერის” გენერალური დირექტორი ჯუზეპე მაროტა გუნდის ნახევარმცველ კრისტიან ერიქსენის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ დანიელი ფეხბურთელი “ნერაძურიში” “ტოტენჰემ ჰოთსპურიდან” მიმდინარე წლის იანვარში გადავიდა. მას თავდაპირველად ძირითადი გუნდის წევრად განიხილავდნენ, თუმცა 28 წლის ნახევარმცველი ანტონიო კონტეს სქემას ვერ მოერგო და დიდ ნაწილს სათადარიგოთა სკამზე ატარებს. ერიქსენი სათამაშო დროის ნაკლებობით უკმაყოფილოა და “ინტერის” დატოვება ზამთრის სატრანსფერო პერიოდშივე სურს. ჯუზეპე მაროტა ამბობს, რომ კლუბი არ დააკავებს იმ მოთამაშეებს, რომელთაც გუნდიდან წასვლა სურთ:

“კონტემ ამის შესახებ უკვე ამომწურავად ისაუბრა. მე მხოლოდ იმას დავამატებ, რომ ჩვენ გუნდში დარჩენას არ ვაიძულებთ მოთამაშეს, რომელსაც წასვლა სურს.

სიტუაცია განსახილველია, მანამდე კი ერიქსენი კონტეს განსაკურგულებაშია. კრისტიანისგან რაიმე სახის თხოვნა ჯერ არ მიგვიღია და როდესაც შესაბამისი დრო დადგება, ვეცდებით, მართებული გადაწყვეტილება მივიღოთ”.

კრისტიან ერიქსენს იტალიურ კლუბთან შრომითი ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. სპეციალიზებული პორტალი Transfermarkt-ი მის სატრანსფერო ღირებულებას 50 მილიონ ევროდ აფასებს.

კრისტიან ერიქსენმა მიმდინარე სეზონში “ინტერის” ფორმით შვიდი მატჩი ჩაატარა და შედეგიანი ქმედებით თავი არ გამოუჩენია.

ლაუტარო მზადაა, “ინტერთან” ახალი კონტრაქტი შეათანხმოს

მილანის “ინტერი” გუნდის ფორვარდ ლაუტარო მარტინესთან შრომითი ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე მუშაობას იწყებს. სანაკრებო პაუზის დროს არგენტინელი ფეხბურთელის წარმომადგენლები მილანში ჩაფრინდებიან და აღნიშნულ საკითხს დეტალურად განიხილავენ.

ლაუტარო მარტინესი ახალი კონტრაქტის დეტალების განსახილველად მზად არის. შეგახსენებთ, რომ მხარეებს შორის გაფორმებულ მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2023 წლის ზაფხულამდე აქვს.

გასულ სატრანსფერო პერიოდში ლაუტარო მარტინესის მიმართ ინტერესს “ბარსელონა” იჩენდა, თუმცა კატალონიურ კლუბში შექმნილი მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო გარიგება არ შედგა.

კრისტიან ერიქსენით სამი იტალიური კლუბია დაინტერესებული

“კალჩომერკატოს” ინფორმაციით, მილანის “ინტერის” ნახევარმცველმა კრისტიან ერიქსენმა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შესაძლოა, გუნდი გამოიცვალოს.

წყაროს თანახმად, 28 წლის ფეხბურთელით სამი იტალიური კლუბია დაინტერესებული: “რომა”, “მილანი” და “ლაციო”. დანიელი ნახევარმცველის შეძენა შესაძლოა, 20 მილიონი ევრო დაჯდეს.

შეგახსენებთ, რომ კრისტიან ერიქსენი “ინტერში” “ტოტენჰემ ჰოთსპურიდან” მიმდინარე წლის იანვარში გადავიდა. მას თავდაპირველად ძირითადი გუნდის წევრად განიხილავდნენ, თუმცა 28 წლის ნახევარმცველი ანტონიო კონტეს სქემას ვერ მოერგო და დიდ ნაწილს სათადარიგოთა სკამზე ატარებს. ერიქსენი სათამაშო დროის ნაკლებობით უკმაყოფილოა და “ინტერის” დატოვება ზამთრის სატრანსფერო პერიოდშივე სურს. მას იტალიურ კლუბთან შრომითი ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. სპეციალიზებული პორტალი Transfermarkt-ი მის სატრანსფერო ღირებულებას 50 მილიონ ევროდ აფასებს.

კრისტიან ერიქსენმა მიმდინარე სეზონში “ინტერის” ფორმით შვიდი მატჩი ჩაატარა და შედეგიანი ქმედებით თავი არ გამოუჩენია.

რატომ არის მარკო მატერაცი “მკვლელი”?

დღეს ავკაც და ხულიგან ფეხბურთელთა ოჯახის სამაგალითო წევრი, მილანის „ინტერის“ ყოფილი მცველი მარკო მატერაცი 47-ე დაბადების დღეს ზეიმობს. Fanebi.com-ი იხსენებს იტალიელი ფეხბურთელის კარიერის იმ ეპიზოდებს, რისთვისაც მას მეტსახელად „მკვლელი“ დაარქვეს.

როგორც ნამდვილი „ინტერისტა“, მატერაცი ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა მილანურ დერბის. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ის მატჩის მიმდინარეობისას „მილანის“ თავდამსხმელებს ყოველთვის დიდი ყურადღებით ადევნებდა თვალყურს და თუ შესაფერის დროს იხელთებდა, მათ სხეულის რომელიმე ნაწილში კარგად უთავაზებდა კიდეც. 2000-იანი წლების დასაწყისში „როსონერის“ თავდასხმის მთავარ ძრავად ანდრეი შევჩენკო ითვლებოდა. უკრაინელი ფეხბურთელის სხეულის ნაწილზე, ალბათ, არ არსებობს ადგილი, რომელზეც მატერაცის თავისი ალი-კვალი არ დაემჩნია. ქვემოთ მოცემულ ვიდეორგოლში ასახულია მატერაცის ყველაზე უხეში თამაშების ამსახველი მომენტები. მისი ყველაზე ხშირი მსხვერპლი კი სწორედ შევჩენკო გახლდათ.

თავად ანდრეიმ მატერაცის წინააღმდეგ მხოლოდ ერთხელ იუხეშა. 2005 წელს გამართულ მილანურ დერბიში შევჩენკომ თავით მსუბუქად „ურქინა“ იტალიელ მცველს, მატერაცი მაშინვე ძირს დაეცა და დიდი ხანის განმავლობაში არც წამომდგარა. მსაჯი სწორად გაერკვა აღნიშნულ სიტუაციაში და უკრაინელი თავდამსხმელი მოედნიდან არ გააძევა.

მატერაციმ ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული „გმირობა“ მოედანს მიღმა ჩაიდინა. 2004 წელს „ინტერსა“ და „სიენას“ შორის გამართულ მატჩში იტალიელი მცველი სათადარიგოთა სკამზე დარჩა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ მას მთელი შეხვედრის განმავლობაში „ბიანკონერის“ მცველ ბრუნო ჩირილოსთან ეჩხუბა. ფინალურ სასტვენამდე მატერაციმ მას სახეში ხელიც გაარტყა, თუმცა ტელეკამერების ობიექტივში ეს ეპიზოდი ვერ მოხვდა. იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ჩირილოს ჩვენების საფუძველზე „ინტერის“ მცველს გრძელვადიანი დისკვალიფიკაცია მისცა. აღნიშნული მატჩის შემდეგ ჩირილომ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა. გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც ნათლად ჩანს მატერაცის „გმირული“ საქციელის შედეგი.

ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და მარკო მატერაცის მეგობრობა შვედი თავდამსხმელის „ინტერში“ გადასვლის დროიდან დაიწყო, თუმცა „იუვენტუსში“ იბრას ასპარეზობის პირველივე სეზონში იტალიელმა მცველმა ის უხეშად „მოცელა“.

ზლატანმა მატერაცის რამდენიმე წლის შემდეგ უპასუხა. 2010 წლის ნოემბერში გამართულ „მადონინაში“ იბრაჰიმოვიჩმა იტალიელი მცველის წინააღმდეგ კარატეს ილეთი გამოიყენა. მატერაცი მოედნიდან სასწრაფო წესით გაიყვანეს, ზლატანმა კი მატჩის შემდეგ ბოდიში მოიხადა.

ნამდვილი „შედევრი“ გამოუვიდა მარკო მატერაცის ჩემპიონთა ლიგის 2005-06 წლების სეზონის მეოთხედფინალურ ეტაპზე, „ვილიარეალის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში. კუთხურის შესრულებისას იტალიელმა მცველმა იდაყვით ისე ჩაარტყა ხუან პაბლო სორინს სახეში, რომ საბრალო არგენტინელ ფეხბურთელს ძლიერი სისხლდება ძლივს შეუჩერეს, თუმცა „ვილიარეალის“ მოთამაშემ თამაში ვეღარ გააგრძელა. მატერაციმ იმდენად ოსტატურად იუხეშა, რომ თამაშის წესის დარღვევა ვერცერთმა მსაჯმა ვერ შენიშნა. ხულიგანს ყვითელი ბარათიც არ მისცეს.

მარკო მატერაცის მთავარი მიღწევა, რა თქმა უნდა, 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ მატჩში ზინედინ ზიდანთან შეტაკება გახლავთ. სიმართლე რომ ვთქვათ, არც ფრანგ ფეხბურთელს იცნობდნენ იტალიაში „ფრთიან ანგელოზად“. „იუვენტუსის“ რიგებში ასპარეზობისას, ზიდანს ხშირად სდებდნენ ბრალს პროვოკაციულ ქმედებებში. ასეა თუ ისეა, ზიზუს გენიას მატერაციმ თავისი ავკაცობა დაუპირისპირა და ამით მიზანსაც მიაღწია. მთელი მატჩის განმავლობაში იტალიელი მცველი ფრანგ ნახევარმცველს ბინძური ფრაზებით „ამკობდა“. შეხვედრის დამატებით დროში ზიდანს მოთმინების ფიალა აევსო. როდესაც მატერაცი ზიზუს დასაც შეეხო, ფრანგმა ვეღარ მოითმინა და მას მკერდში თავი აძგერა. ამის გამო ზიდანი მოედნიდან გააძევეს. ასე დაასრულა ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა მოთამაშის კარიერა. საბოლოოდ, 2006 წლის მუნდიალის თასი იტალიის ნაკრებს ერგო, „სკუადრა აძურამ“ ფრანგები პენალტების სერიაში დაამარცხა, მარკო მატერაცი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

სვენ-გორან ერიქსონი: “ფერგიუსონი მოკვლით მემუქრებოდა, თუ რუნის მუნდიალზე წავიყვანდი”

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სვენ-გორან ერიქსონმა გამოცემა “თაიმსს” საინტერესო ინტერვიუ მისცა, რომლის ერთ-ერთი მონაკვეთი “მანჩესტერ იუნაიტედის” ექსთავკაც ალექს ფერგიუსონთან მომხდარ ინციდენტს დაეთმო.

შვედმა სპეციალისტმა ინტერვიუში 2006 წელს მომხდარი ამბავი გაიხსენა. ამ პერიოდში “წითელი ეშმაკების” აწ უკვე ყოფილმა თავდამსხმელმა უეინ რუნიმ ტრავმა მიიღო და გამოჯანმრთელების პროცესი საკმაოდ გაეწელა. ინგლისელმა ფეხბურთელმა მსოფლიოს ჩემპიონატამდე ტრავმის მოშუშება ვერ მოასწრო, თუმცა უშუალოდ ტურნირის მიმდინარეობისას გამოჯამრთელებისა და თამაშის საშუალება ჰქონდა. ამის მიუხედავად, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელ ალექს ფერგიუსონს მუნდიალზე რუნის გაშვება არ სურდა, რასაც ერიქსონთან დაძაბული სატელეფონო საუბარი მოჰყვა.

შვედი სპეციალისტი იხსენებს:

“ალექსი უცნაური კაცი იყო. ასეთი ჩვევა ჰქონდა: დამირეკავდა დილის შვიდ საათზე ან უფრო ადრე და ყოველგვარი მისალმების გარეშე იწყებდა ყვირილით საუბარს. როდესაც ასეთი გაღიზიანებული იყო ხოლმე, მასთან კომუნიკაცია შეუძლებელი ხდებოდა.

მან ის დილაც ჩხუბით დაიწყო. ყვიროდა, რომ მომკლავდა, თუ რუნის მსოფლიოს ჩემპიონატზე წავიყვანდი.

მე მას ვკითხე: “რა ხდება ალექს, რაშია საქმე?” თუმცა, ის მე არ მისმენდა და განაგრძობდა ყვირილსა და მუქარას. საბოლოო ჯამში, ვუთხარი: “რუნის მსოფლიოს ჩემპიონატზე მაინც წავიყვან. კარგი შვებულება, ჩაო” და ტელეფონი გავუთიშე”.

უეინ რუნიმ 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მართლაც ითამაშა, თუმცა “სამი ლომი” ტურნირს მეოთხედფინალურ ეტაპზე პორტუგალიის ნაკრებთან პენალტების სერიაში მარცხის შემდეგ გამოეთიშა.

ანანიძე: “ბეილი ჩემზე ძლიერია, მაგრამ ჩემზე ხშირად ტრავმიანობს, აღნაგობა არაფერ შუაშია”

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის “სპარტაკის” ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ რუსული კლუბის ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში უარყო მოსაზრება, თითქოს მისი ხშირი ტრავმიანობა ფიზიკურ მონაცემებთან არის დაკავშირებული.

“სპარტაკის” ლიდერობა მსურს, თუმცა მესმის, რომ ეს ან ახლა მოხდება ან არასდროს. ვგრძნობ, რომ შემიძლია ისე ვითამაშო, როგორც ამას ჩემგან გულშემატკივრები მოელიან. სამწუხაროდ, ხშირად ტრავმები მიშლიდა ხელს. ფაქტობრივად ათი წლიდან სამი მკურნალობაში მაქვს გატარებული. ხშირად ვკითხულობ, თითქოს ყველაფერი ჩემი აღნაგობის ბრალია, მაგრამ შეხედეთ მადრიდის “რეალის” ფეხბურთელ გარეტ ბეილს. ის ჩემზე სამჯერ მეტს იწონის და კუნთებიც სამჯერ დიდი აქვს, თუმცა ჩემზე ხშირად ტრავმიანობს. მან “რეალში” ყოფნის ექვსი წლიდან მხოლოდ წელიწადნახევარი ითამაშა.

ალბათ, უფროსების წინააღმდეგ თამაში საკმაოდ ადრეულ ასაკში დავიწყე. გარდა ამისა, თავიდან სატრენაჟორო დარბაზებს ხშირად არ ვსტუმრობდი. ახლა გაცილებით ხშირად ვვარჯიშობ. იმას არ ვამბობ, რომ რობოტის დონემდე უნდა მიხვიდე, როცა ბურთსაც ვეღარ გრძნობ, მაგრამ პროფილაქტიკა აუცილებელია, რათა კუნთები და სახსრები კარგ მდგომარეობაში იყოს.

დეკემბრამდე უნდა ვაჩვენო, რა შემიძლია: გოლების გატანა, საგოლე გადაცემები. თამაშის მიმდინარეობის წაყვანა. მთავარი მწვრთნელისგან ნდობას ვგრძნობ და ეს მეხმარება”, – აღნიშნა ანანიძემ.

“ინტერმა” რაჯა ნაინგოლანი ტრანსფერზე დააყენა

მილანის “ინტერმა” გუნდის ნახევარმცველ რაჯა ნაინგოლანის ტრანსფერზე დაყენება გადაწყვიტა.

მილანურ გუნდში ბელგიელი ფეხბურთელის პირველი სეზონი არაერთმნიშვნელოვანი გამოდგა: ნაინგოლანმა დიდი პერიოდი ლაზარეთში გაატარა, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში ჰქონდა საკმაოდ კარგი თამაშებიც.

“კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ “ნერაძურიმ” ფეხბურთელთან განშორების გადაწყვეტილება მიიღო. წყაროს თანახმად, “ინტერის” ხელმძღვანელობამ ნაინგოლანის აგენტ ალესანდრო ბელტრამის უკვე აცნობა, რომ ფეხბურთელი ტრანსფერზეა დაყენებული.

ბუფონს “ბრეშა” ეპატიჟება

ლეგენდარული იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი პროფესიული კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს.

“პარი სენ-ჟერმენიდან” წამოსვლის შემდეგ 41 წლის კიპერი, სავარაუდოდ, სამშობლოს მიაშურებს. Football Italia წერს, რომ ბუფონის დამატებით “ბრეშა” არის დაინტერესებული, რომელმაც ვეტერანი მეკარისთვის წინადადება უკვე მოამზადა. შეგახსენებთ, რომ “ბრეშამ” იტალიის სერია B მოიგო და დამდეგ წელს სერია A-ში იასპარეზებს.

როგორც მოგეხსენებათ, ჯანლუიჯი ბუფონმა გასული სეზონი “პარი სენ-ჟერმენში” გაატარა, რომლის რიგებშიც ყველა ტურნირზე ერთად 25 მატჩი ჩაატარა და ამდენივე გოლი გაუშვა. იტალიელი კიპერი პარიზული კლუბის გარდა კარიერის განმავლობაში ტურინის “იუვენტუსისა” და “პარმას” ღირსებას იცავდა.

ჯეიმს მილნერი: “მესიმ ვირი მიწოდა”

“ლივერპულის” ნახევარმცველმა ჯეიმს მილნერმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე “ბარსელონასთან” გამართული მატჩის მიმდინარეობისას ლიონელ მესისთან მომხდარი კონფლიქტის შესახებ ისაუბრა.

როგორც აღმოჩნდა, 33 წლის ინგლისელს ესპანური ენა ესმის. აღსანიშნავია, რომ ის შვილებს ხშირად სწორედ ესპანურ ენაზე ესაუბრება, სწორედ ასე გაიგო მან მესის ნათქვამი სიტყვები. მილნერმა “ენფილდზე”, “ლივერპულსა” და “ბარსელონას” შორის გამართული მატჩის პირველი ნახევრის შემდეგ არგენტინელთან საუბარი გაიხსენა.

“მესი უკმაყოფილო იყო. პირველი ტაიმის შემდეგ გასახდელისკენ მიმავალს ესპანურად საუბარი დამიწყო. მან მე მიწოდა “Burro”. ეს სიტყვა ითარგმნება, როგორც “ვირი”, თუმცა მგონია, რომ ამ ტერმინს ესპანურ ფეხბურთში უხეში ფეხბურთელების მიმართ იყენებენ.

მე მას ვკითხე, ყველაფერი რიგზე იყო თუ არა, თუმცა ყურადღება არ მომაქცია. ჩემი აზრით, ის ვერ მიხვდა, რომ ესპანური ენა მესმოდა. მან თქვა: “ასე უხეშად იმიტომ ითამაშე, რომ ბურთი ფეხებს შორის გაგიძვრინე.” მე საუბარი აღარ გამიგრძელებია და გასახდელში შევედი. მის მიმართ მხოლოდ აღტაცებას გამოვხატავ.

ამის მიუხედავად, მესის თამაშით აღფრთოვანებული ვარ. მას ყველაფრის თქმის უფლება აქვს. ცხადია, მის წინააღმდეგ თამაში რთულია. თუ მის შეჩერებას შეეცდები, შეიძლება, ისე მოხდეს, რომ სულელი გამოჩნდე. მეც ასე დამემართა – მან ბურთი ფეხებს შორის გამიძვრინა, ამ კადრს კი მილიონობით ნახვა აქვს. მე არც პირველი ვყოფილვარ და არც უკანასკნელი. ის შეუდარებელი ფეხბურთელია”, – აღნიშნა მილნერმა “დეილი მეილთან” საუბრისას.

დიეგო გოდინი: “დროა, წავიდე” (ფოტო, ვიდეო)

მადრიდის “ატლეტიკოს” კაპიტანმა, დიეგო გოდინმა დღეს დაადასტურა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ის კლუბს დატოვებს.

33 წლის ურუგვაელმა ფეხბურთელმა დღეს პრესკონფერენცია გამართა. კლუბის დატოვებაზე საუბრისას მან ცრემლები ვერ შეიკავა.

“დიდი მადლობა ყველას. მინდოდა, პირადად მეთქვა, რომ მადრიდის “ატლეტიკოში” ბოლო დღეებს ვატარებ. ეს ჩემი სახლია, “ატლეტიკო” მხოლოდ კლუბი არ არის. ეს ცხოვრების გზაა. ერთი წლის წინ “მანჩესტერ იუნაიტედის” წინადადებაზე უარი ვთქვი და “ატლეტიკოში” დავრჩი. ახლა, ერთი წლის შემდეგ, დროა, წავიდე”, – განაცხადა გოდინმა პრესკონფერენციაზე.

ურუგვაელი მცველი “ატლეტიკოს” ფეხბურთელი 2010 წელს გახდა. მადრიდულ კლუბთან ერთად მან ლა ლიგა, ესპანეთის თასი, ევროპის ლიგა (ორჯერ) და უეფას სუპერთასი (სამჯერ) მოიგო.

დიდი ალბათობით, დიეგო გოდინი მომდევნო სეზონში “ინტერის” რიგებში ითამაშებს.