შოთა არველაძე: “რუსებს იმის გამბედაობაც კი არ აქვთ, თქვან, რომ ომი დაიწყეს”

უკრაინულმა ინტერნეტპორტალმა Football24.ua-მ “ჰალ სიტის” მთავარ მწვრთნელ შოთა არველაძესთან უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც გთავაზობთ.

– შოთა, თქვენ ოპერატიულად გამოეხმაურეთ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს – რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველივე დღეს ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერა სოციალურ ქსელებში გამოხატეთ.
– პირველ დღეს ვერ დავარქმევდი, დაპირისპირება წლებია გრძელდებოდა. ჩვენ უნდა გვაინტერესებდეს ყველაფერი, რაც მსოფლიოში ხდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ქვეყანას, რომელიც გვიყვარს და პატივს ვცემთ. თუ ისტორიას გადახედავთ, აღმოაჩენთ, რომ ეს არ დაწყებულა 24 თებერვალს და საქართველოს შემთხვევაში, არც 2008 წელს. ეს ყველაფერი გაცილებით ადრე, მრავალი ათეული წლის წინ დაიწყო. 24 თებერვალი მორიგი ეტაპის ოფიციალური თარიღია. იგრძნობოდა, რომ შეტევა ადრე თუ გვიან მოხდებოდა.

– 26 თებერვალს თქვენმა “ჰალ სიტიმ” “პიტერბორო” დაამარცხა, თამაშის შემდეგ კი ისევ უკრაინაზე ისაუბრეთ. ზოგიერთი უკრაინელი საკუთარ ქვეყანას იმდენ ყურადღებას არ აქცევს, როგორც თქვენ.
– უკრაინაში განვითარებული მოვლენები მაწუხებს, არცთუ ისე შორს ვარ, ვკითხულობ და მაინტერესებს ამბები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მშვიდობა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხალხი. ვცდილობ გავიგო, რატომ ხდება ეს ყველაფერი? რატომ ვთამაშობთ ფეხბურთს? რატომ ვულოცავთ ერთმანეთს დაბადების დღეს? ჩემს მუსლიმ მეგობრებს ვურეკავ და რამადანს ვულოცავ. ისინიც თბილ სიტყვებს მეტყვიან აღდგომის დღესასწაულზე. ამ დროს ვიღაც თავს უფლებას აძლევს სხვისი ნაწილი წაიღოს და მშვიდობიანი ქვეყანა დაბომბოს. ის შენ არ გეკუთვნის და შენი კუთვნილი არასდროს გახდება. მერე ზოგიერთს უკვირს, რომ ვიღაცას ისინი არ უყვარს და არც პატივს სცემს.

– იქნებ ეს მენტალიტეტითა და ღირებულებებით აიხსნას?
– ბავშვობაში მასწავლიდნენ: “არასოდეს შეეხო სხვას”. ეს ყველაფერი პატარაობიდან იწყება. ბებიას პატარა აგარაკი ჰქონდა. მისი მეზობლის ბაღში ალუბლის დიდი ხე გაიზარდა, რომლის ტოტებიც ბებიის ეზო გადმოჰყურებდა. ბავშვებს ძალიან გვინდოდა ამ ალუბლის ჭამა, მაგრამ ბებიამ ხელებზე დაგვარტყა და აგვიხსნა: “ეს ჩვენი არ არის”. სულ მცირე, უნდა გვეკითხა, შეიძლება თუ არა სხვისი ხისგან ალუბლის ჭამა. ეს მხოლოდ ხილია და დღეს ვიღაც სხვას სიცოცხლეს ართმევს.

– თქვენს ერთ-ერთ მიმართვაში ასეთი რამ თქვით: “არ მინდა, ჩვენი ლაპარაკი და მხარდაჭერა დაემსგავსოს იმ უცხოელი პოლიტიკოსებისას, რომელთა სუსტმა და არამკვეთრმა პოლიტიკამ ჯერ საქართველო მიიყვანა მძიმე მდგომარეობამდე და ახლა იგივე გზას უკრაინა გადის. სამყარო ვითარდება, მაგრამ ადამიანის ბუნება უცვლელი რჩება და ბოროტებას განვითარების ყველა ეტაპზე, შესაბამისი პასუხის გაცემა სჭირდება”. როგორ მოგწონთ უკრაინის რეაქცია ამ ბოროტებაზე?
– საქართველოს მთელი ისტორია ომებისგან შედგება. ჩვენ მუდმივად ომში ვიყავით, თუმცა ჩემი პოზიციაა, რომ გმირები არ გვჭირდება. თუ გმირები გჭირდებათ, მაშინ რაღაც ისე ვერ არის. ცხოვრება გმირების გარეშე შესაძლებელია. შვეიცარია რატომღაც გმირების გარეშე ცხოვრობს, აშენებს სახელმწიფოს და ეკონომიკას. ან შეხედეთ დღევანდელ გერმანიას. სხვა გმირები ჰყავს – აინშტაინი, გოეთე, ფილოსოფოსები, მწერლები. ან იგივე სკანდინავიელები, რომლებიც თავიანთ ქვეყანას ბრილიანტად აქცევენ. ისინი მშვიდად ცხოვრობენ და ზრუნავენ თავიანთ კეთილდღეობაზე. ნუთუ მართლა შეუძლებელია ასე ცხოვრება? ნუ გამოიგონებთ სხვადასხვა ლეგენდებს, ნუ დაიწყებთ ომებს. მოხარული ვიქნები, უკრაინას გმირები რომ არ სჭირდებოდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ХХІ საუკუნეში ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება გმირები. უკრაინა გმირი ქვეყანაა. თქვენი ხალხი უძლებს, იბრძვის სამშობლოსთვის და არა მარტო სამშობლოსთვის. უკრაინა თავისუფლებას აძლევს სხვებს. მტკივნეულია ამ ყველაფრის ყურება, მაგრამ გულით მიხარია, რომ არის ერი, რომელსაც ასე შეუპოვრად ბრძოლა შეუძლია.

– თავიანთ ფრონტზე იბრძვიან უკრაინელი ფეხბურთელებიც. შევჩენკო, იარმოლენკო, ზინჩენკო და მიკოლენკო ბრიტანეთში ბევრს აკეთებენ ჩვენი გამარჯვებისთვის.
– მათგან ყველაზე კარგად შევას ვიცნობ. უფროსი თაობის წარმომადგენლებთან ნაცნობობა მაკავშირებს – ადრე ვესაუბრე ლეონიდ ბურიაკს და სხვა უკრაინელებს. ვკითხე, როგორ იყო საქმეები, დახმარება შევთავაზე. ვიცი, რაოდენ უჭირთ მათ. 2008 წელს მეც მირეკავდნენ მთელი მსოფლიოდან. ტერიტორიულად საქართველოს ფარგლებს გარეთ ვიყავი, ამსტერდამში, მაგრამ საქართველოში იყვნენ ჩემი შვილები, მშობლები და ძმები.

– მაშინ შინ დაბრუნებას ცდილობდით?
– ჩარტერული რეისის დაჯავშნას ვაპირებდი, მაგრამ ახლობლები უარზე იყვნენ. მაინც წავედი, ტრაპიზონით ჩავედი. ამიტომ, როგორც არავის, მესმის, რას გრძნობს თითოეული უკრაინელი. ყოველდღიური ნერვიულობა, ახალი ამბების კითხვა… ჩვენც დაგვბომბეს, ვერტმფრენებიდანაც გვესროდნენ, ქალაქებიც დაინგრა, ქვეყნის 25 პროცენტის ოკუპირება მოახდინეს. მე მხოლოდ ვისურვებდი, რომ ომი მაქსიმალურად მალე დასრულდეს თქვენი გამარჯვებით. მთელი საქართველო ღელავს უკრაინაზე, ყველას გვტკივა. მეც ვღელავ, ჩემი მშობლებიც ღელავენ, რომლებიც 75 წლის ასაკის არიან, ღელავენ ჩემი შვილებიც. მიჭირს ამაზე საუბარი და უბრალოდ გვერდიდან ყურება.

– 2010 წელს დიკ ადვოკატმა მიგიწვიათ რუსეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში, მაგრამ თქვენ უარი თქვით. 2018 წელს უგულებელყავით რუსეთში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი. საქართველოში მომხდარის შემდეგ შეუძლებელი იყო საკუთარ სინდისთან კომპრომისზე წასვლა?
– ამაზე ბევრს არ ვილაპარაკებდი. არის რაღაცები, რასაც უბრალოდ არ აკეთებ. ეს ჩემი ქმედებებია, რის გაკეთებასაც საჭიროდ ვთვლიდი. ყველა ისე იქცევა, როგორც გული ეუბნება. ეს არ არის გმირობა, არ არის აუცილებელი პრინციპის ჩვენება. ეს ის შემთხვევაა, როცა ჯდები, ფიქრებში ეფლობი და საკუთარ თავს ეუბნები: “არა, ამას არ გავაკეთებ”.

– უკრაინის ნაკრებთან არაერთხელ გითამაშიათ. რა დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად უკრაინაში თქვენი ვიზიტებიდან?
– მახსოვს, როგორ დავმარცხდით 2004 წელს ლვოვში 0:2. მე და შევა კი მატჩის საუკეთესო მოთამაშეებად დაგვასახელეს. პრიზი გადმომცეს, თუმცა იმდენად დაძაბული ვიყავი, რომ ეს ჯილდო გასახდელში დამავიწყდა. საერთოდ, ლვოვმა გამაკვირვა. თამაშამდე ქალაქის ქუჩებში ვსეირნობდით და ადგილობრივებისგან მხოლოდ უკრაინული ენა გვესმოდა. კიევში სტუმრობისას ძირითადად რუსული მესმოდა.

– უკრაინის საკითხი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აქტუალურ თემად რჩება. ყველაზე დიდი ყურადღება ბრიტანელებისგან იგრძნობა. არც თქვენი “ჰალ სიტია” გამონაკლისი.
– ინგლისში თითქმის დილიდან საღამომდე უკრაინის მოვლენებზე საუბრობენ. ყველას საერთო ხედვა აქვს – სხვისას ვერ მიითვისებ. იცით, რა არის გასაკვირი – რუსებს იმის გამბედაობაც კი არ აქვთ, რასაც უკრაინაში აკეთებენ, სიტყვა “ომი” უწოდონ. რა სპეცოპერაცია? არ არსებობს ორთვიანი და სამთვიანი ოპერაციები. ოპერაცია მაქსიმუმ ერთი ან ორი საათია. ეს კი თვეების საკითხია. მსოფლიოს ვერც კი ეუბნებიან, რომ ომი დაიწყეს. ეს ყველაზე ცუდია. თუ ასეთი მაგარი ხარ, ღიად უნდა თქვა.

– თქვენი ბიძა არის ვახტანგ კიკაბიძე, უკრაინის დიდი მეგობარი. როგორ აღიქვამს ის რუსეთის შეიარაღებულ აგრესიას ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ?
– მან დიდი ხნის წინ თქვა უარი რუსეთში გადაცემულ ჯილდოებზე. ასევე უარი თქვა მოსკოვში გამგზავრებაზე და მრავალი წელია იგნორირებას უკეთებს ამ ქვეყანას. ეს არის ადამიანი, რომელსაც ბევრი რამ ახსოვს წარსულიდან: ცუდიც და კარგიც. თეატრის, მუსიკისა და კინოს სფეროს ადამიანებს შორის კომუნიკაციის კულტურა, ალბათ, საბჭოთა პერიოდის პოზიტივს ეკუთვნის. მაგალითად, ლია ახეჯაკოვა დავასახელოთ, რომელიც გამოდის და საჯაროდ აკრიტიკებს ხელისუფლებას. რა თქმა უნდა, საქართველოში ამის გაკეთება უფრო იოლია. ვახტანგ კიკაბიძე საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი კრიტიკოსია. როგორც ვიცი, ის თქვენი პრეზიდენტის ახლო მეგობარია და ყოველთვის სიამოვნებით ჩადის კიევში.

– უკრაინა ყოველდღიურ ტკივილს განიცდის, თუმცა მედგარ წინააღმდეგობას უწევს. გჯერათ ჩვენი გამარჯვების?
– ვიცი, რომ სიმართლე ერთია. ვიცი, რომ თქვენი ხალხი ბრძოლას გააგრძელებს. შეიძლება ამ ომის ცალკეულ ბრძოლებში დამარცხდეთ, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ საბოლოოდ გაიმარჯვებთ. ერი, რომელსაც ასე უყვარს თავისი ქვეყანა და მიწა, დაუმარცხებელია. თქვენ ხართ დიდი ტრადიციების მქონე ქვეყანა. კიევი ათას წელზე მეტი ხნისაა, მას დიდი მემკვიდრეობა აქვს. მისი სიმბოლო ჩემთვის კიევ-პეჩერის ლავრის მოოქროვილი გუმბათებია. ეს ისეთივე წმინდა ადგილია, როგორც ქართული სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, ჯვარი თუ გელათის მონასტერი…

იცოდეთ, რომ ჩვენ, ქართველები მხოლოდ საუკეთესოს გისურვებთ. ვისურვებდი, რომ ომი ძალიან მალე დასრულებულიყოს. ჩვენ ყველანი ვლოცულობთ უკრაინისთვის. თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციები რეგულარულად იმართება. ეს არის რიგითი ქართველების ნება. ჩვენ ვიღებთ ლტოლვილებს, გვიხარია, რომ თქვენ გვერდით ვართ. თუმცა, გვინდა, რომ უფრო მეტი უკრაინელი შემოვიდეს ჩვენთან, როგორც ტურისტი. გვინდა, რომ უკრაინელებმა მშვიდად იცხოვრონ თავიანთ ქვეყანაში. ღმერთი იყოს თქვენთან. ყველა უკრაინელს ვუსურვებ მშვიდობას, ჯანმრთელობას, ძალას და მოთმინებას.

პოლონელებს რუსებთან მატჩის ჩატარება ნეიტრალურ მოედანზე სურთ

24 მარტს, მოსკოვში, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საპლეიოფო რაუნდის ნახევარფინალში რუსეთის ნაკრები პოლონეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს.

რუსეთისა და უკრაინის სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა. გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობა აღიარა, რასაც დასავლეთისგან მთელი რიგი სანქციები მოჰყვება.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე პოლონელებს რუსებთან შეხვედრის ნეიტრალურ მოედანზე ჩატარება სურთ და ამისთვის ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოში წერილის გაგზავნასაც აპირებენ. ამ ინფორმაციას პოლონეთის სპორტისა და ტურიზმის მინისტრი კამილ ბორტნიჩუკი ადასტურებს.

“ვეცდებით, რომ რუსეთის ნაკრებთან მატჩი ნეიტრალურ მოედანზე გავმართოთ. მე ვთვლი, რომ ასეთ სიტუაციაში პოლონელი სპორტსმენები რუსეთში არ უნდა გაემგზავრნონ”, – თქვა ბორტნიჩუკმა.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, შესაძლოა, უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფინალური მატჩი სანქტ-პეტერბურგში აღარ ჩატარდეს, თუმცა ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოში განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე ტურნირის გადამწყვეტი შეხვედრის მასპინძელი ქალაქის შეცვლა არ განიხილება.

რომელმა ხუთმა კლუბმა გამოთქვა კვარაცხელიას დამატების სურვილი ბოლო 3 თვეში

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა ქართველი ფეხბურთელის კარიერის პერსპექტივებზე ისაუბრა.

“ლეონიდ სლუცკისთან და “რუბინის” სპორტულ დირექტორთან საუბრისას მითხრეს, რომ კვარაცხელიას ევროპაში სათამაშოდ წასასვლელად კიდევ ერთიდან ორ წლამდე პერიოდი სჭირდება.

ბოლო სამი თვის განმავლობაში ხვიჩას თაობაზე ხუთმა კლუბმა მომმართა: “ტორინო”, “სასუოლო”, “ზალცბურგი”, “გენტი” და “უდინეზე”.

“რუბინმა” ცოტა ხნის წინ შეკრა კარგი გუნდი. ახლა ყაზანელები კვარაცხელიას გასაყიდად მზად არ არიან და მისი გაყიდვა რომც უნდოდეთ, მე წინააღმდეგი ვიქნებოდი. მან ჯერ კიდევ უნდა ითამაშოს რუსეთის ჩემპიონატში. ალექსეი მირანჩუკი ჭკვიანი ბიჭია. მან აქ ჩემპიონატი და თასი მოიგო და მხოლოდ ამის შემდეგ წავიდა “ატალანტაში”.

მინდა, რომ ხვიჩამ ხუთ წელიწადში მადრიდის “რეალში” ითამაშოს. მე ამის მჯერა. მჯერა, რომ ითამაშებს “რეალში” ან “ბაიერნში”. ბავარიელებს მისი დამატება ისედაც უნდოდათ, ხვიჩა მიუნხენში იყო, ჰასან სალიჰამიჯიჩს შეხვდა, იქაურობა დაათვალიერებინეს. გარკვეული საუბრები იყო, მაგრამ არ აიყვანეს. მაშინ ხვიჩა 17 წლის იყო. თქვეს, კიდევ ექვსი თვე შევხედავთო და საბოლოოდ, ასე ჩაიშალა. მე არამხოლოდ ვიმედოვნებ, არამედ ვიცი, რომ კვარაცხელია ასეთ კლუბში ითამაშებს. არ ვამბობ, რომ მაინცდამაინც “რეალში” გადავა. ეს შეიძლება იყოს “ბარსელონა”, “რეალი”, “ბაიერნი”, “იუვენტუსი”, “ინტერი”, “მილანი”. მჯერა, რომ მსგავს გუნდში ითამაშებს. ასეთ კლუბში გადასვლა ახლავე რომ შეეძლოს, დღესვე გავუშვებდით. მისი “ჯენოაში” და “უდინეზეში” კი არა, “ჩელსიში”, “ინტერში”, “ბაიერნში”, “რეალში” და მსგავსი დონის კლუბებში გაყიდვა გვინდა. ღმერთს ვთხოვ, რომ ტრავმა არ მიიღო და ასეთ გუნდში აუცილებლად მოხვდება”, – აღნიშნა მამუკა ჯუღელმა.

სვენ-გორან ერიქსონი: “ფერგიუსონი მოკვლით მემუქრებოდა, თუ რუნის მუნდიალზე წავიყვანდი”

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სვენ-გორან ერიქსონმა გამოცემა “თაიმსს” საინტერესო ინტერვიუ მისცა, რომლის ერთ-ერთი მონაკვეთი “მანჩესტერ იუნაიტედის” ექსთავკაც ალექს ფერგიუსონთან მომხდარ ინციდენტს დაეთმო.

შვედმა სპეციალისტმა ინტერვიუში 2006 წელს მომხდარი ამბავი გაიხსენა. ამ პერიოდში “წითელი ეშმაკების” აწ უკვე ყოფილმა თავდამსხმელმა უეინ რუნიმ ტრავმა მიიღო და გამოჯანმრთელების პროცესი საკმაოდ გაეწელა. ინგლისელმა ფეხბურთელმა მსოფლიოს ჩემპიონატამდე ტრავმის მოშუშება ვერ მოასწრო, თუმცა უშუალოდ ტურნირის მიმდინარეობისას გამოჯამრთელებისა და თამაშის საშუალება ჰქონდა. ამის მიუხედავად, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელ ალექს ფერგიუსონს მუნდიალზე რუნის გაშვება არ სურდა, რასაც ერიქსონთან დაძაბული სატელეფონო საუბარი მოჰყვა.

შვედი სპეციალისტი იხსენებს:

“ალექსი უცნაური კაცი იყო. ასეთი ჩვევა ჰქონდა: დამირეკავდა დილის შვიდ საათზე ან უფრო ადრე და ყოველგვარი მისალმების გარეშე იწყებდა ყვირილით საუბარს. როდესაც ასეთი გაღიზიანებული იყო ხოლმე, მასთან კომუნიკაცია შეუძლებელი ხდებოდა.

მან ის დილაც ჩხუბით დაიწყო. ყვიროდა, რომ მომკლავდა, თუ რუნის მსოფლიოს ჩემპიონატზე წავიყვანდი.

მე მას ვკითხე: “რა ხდება ალექს, რაშია საქმე?” თუმცა, ის მე არ მისმენდა და განაგრძობდა ყვირილსა და მუქარას. საბოლოო ჯამში, ვუთხარი: “რუნის მსოფლიოს ჩემპიონატზე მაინც წავიყვან. კარგი შვებულება, ჩაო” და ტელეფონი გავუთიშე”.

უეინ რუნიმ 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მართლაც ითამაშა, თუმცა “სამი ლომი” ტურნირს მეოთხედფინალურ ეტაპზე პორტუგალიის ნაკრებთან პენალტების სერიაში მარცხის შემდეგ გამოეთიშა.

ანანიძე: “ბეილი ჩემზე ძლიერია, მაგრამ ჩემზე ხშირად ტრავმიანობს, აღნაგობა არაფერ შუაშია”

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის “სპარტაკის” ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ რუსული კლუბის ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში უარყო მოსაზრება, თითქოს მისი ხშირი ტრავმიანობა ფიზიკურ მონაცემებთან არის დაკავშირებული.

“სპარტაკის” ლიდერობა მსურს, თუმცა მესმის, რომ ეს ან ახლა მოხდება ან არასდროს. ვგრძნობ, რომ შემიძლია ისე ვითამაშო, როგორც ამას ჩემგან გულშემატკივრები მოელიან. სამწუხაროდ, ხშირად ტრავმები მიშლიდა ხელს. ფაქტობრივად ათი წლიდან სამი მკურნალობაში მაქვს გატარებული. ხშირად ვკითხულობ, თითქოს ყველაფერი ჩემი აღნაგობის ბრალია, მაგრამ შეხედეთ მადრიდის “რეალის” ფეხბურთელ გარეტ ბეილს. ის ჩემზე სამჯერ მეტს იწონის და კუნთებიც სამჯერ დიდი აქვს, თუმცა ჩემზე ხშირად ტრავმიანობს. მან “რეალში” ყოფნის ექვსი წლიდან მხოლოდ წელიწადნახევარი ითამაშა.

ალბათ, უფროსების წინააღმდეგ თამაში საკმაოდ ადრეულ ასაკში დავიწყე. გარდა ამისა, თავიდან სატრენაჟორო დარბაზებს ხშირად არ ვსტუმრობდი. ახლა გაცილებით ხშირად ვვარჯიშობ. იმას არ ვამბობ, რომ რობოტის დონემდე უნდა მიხვიდე, როცა ბურთსაც ვეღარ გრძნობ, მაგრამ პროფილაქტიკა აუცილებელია, რათა კუნთები და სახსრები კარგ მდგომარეობაში იყოს.

დეკემბრამდე უნდა ვაჩვენო, რა შემიძლია: გოლების გატანა, საგოლე გადაცემები. თამაშის მიმდინარეობის წაყვანა. მთავარი მწვრთნელისგან ნდობას ვგრძნობ და ეს მეხმარება”, – აღნიშნა ანანიძემ.

ზღაპარი დასრულდა: რუსეთი მსოფლიოს ჩემპიონატს ხორვატიამ გამოთიშა! (ვიდეო)

მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში ერთმანეთს რუსეთი და ხორვატია დაუპირისპირდნენ.

შეხვედრაში ანგარიშის გახსნა ულამაზესი დარტყმით დენის ჩერიშევმა 31-ე წუთზე მოახერხა. თუმცა, ზუსტად რვა წუთში ანდრეი კრამარიჩმა გაათანაბრა. მეორე ნახევარში გოლი აღარ გასულა და დაინიშნა დამატებითი ტაიმები. ხორვატიამ ისევ გაუტანა, ამჯერად, 101-ე წუთზე. გოლის ავტორი ხორვატთა ფეხბურთელი, დომაგოი ვიდა გახდა. თუმცა, ამით ყველაფერი არ დასრულებულა – 115-ე წუთზე მარიო ფერნანდეშმა თავური დარტყმით გაათანაბრა.

ყველაფერი პენალტების სერიაში გადაწყდა, სადაც ხორვატებმა ანგარიშით, 4-3 მოიგეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

შეგახსენებთ, რომ ხორვატია 11 ივლისს, ოთხშაბათს ინგლისს დაუპირისპრიდება. მატჩი 22:00 საათზე დაიწყება.

რუსი მოდელი და გულშემატკივარი, რომელმაც აკინფეევის ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა (ფოტოები)

მსოფლიოს ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრების ერთ-ერთი დასამახსოვრებელი გულშემატკივარი მოდელი, მარია ლიმანია. მან ესპანეთის ნაკრების თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხების შემდეგ, თავისი ქვეყნის გუნდის მეკარის, იგორ აკინფეევის ფოტოც გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში.

იხილეთ ფოტოები

 

კარიკატურა: დავიდ დე ხეასა და რუსეთის ნაკრების ურთიერთობა

მსოფლიოს ჩემპიონატის მერვეფინალში ესპანეთის ნაკრებმა რუსეთთან თერთმეტმეტრიანების სერიაში წააგო და ტურნირს გამოეთიშა. საგულისხმოა, რომ ჩემპიონატის მასპინძელთა ფეხბურთელმა, არტემ ძიუბამ დავიდ დე ხეას ჯერ თამაშიდან გაუტანა პენალტი, ხოლო შემდეგ იმავე მეკარემ ნახენებ სერიაში ოთხიდან ვერცერთი დარტყმა ვერ მოიგერია.

“ფურია როხას” კარის დარაჯის წარუმატებელ გამოსვლაზე ომარ მომანი კარიკატურას გვთავაზობს.

 

ესპანეთის ნაკრები რუსეთთან დამარცხდა და მსოფლიოს ჩემპიონატს გამოეთიშა! (ვიდეო)

დღეს, მოსკოვში მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი მერვედფინალური მატჩი შედგა: რუსეთი ესპანეთს დაუპირისპირდა.

ანგარიში მეთორმეტე წუთზე სერგეი იგაშევიჩის ავტოგოლის შემდეგ გაიხსნა. თუმცა, 41-ეზე არტემ ძიუბამ თერთმეტემტრიანის ნიშნულიდან გაათანაბრა. ესპანელებმა მეორე ნახევარში წინ გასვლა ვერ მოახერხეს. დაინიშნა დამატებითი ტაიმები, რომელშიც გოლი არ გავიდა.

მეოთხეფინალისტის ვინაობა თერთმეტმეტრიანების სერიაში გადაწყდა. ესპანელებიდან პენალტები ვერ გამოიყენეს კოკემ და იაგო ასპასმა, ხოლო რუსებმა ოთხივე თერთმეტმეტრიანი გამოიყენეს. შესაბამისად, მეოთხედფინალში სწორედ ისინი გავიდნენ. რუსები ხორვატიასა და დანიას შორის გამარჯვებულს დაელოდებიან მეოთხედფინალში.

რუსეთი – ეგვიპტე: მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა ცნობილია

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში რუსეთმა ეგვიპტეს ანგარიშით, 3-1 სძლია. ცნობილი გახდა იმ ფეხბურთელის ვინაობა, რომელიც მატჩის საუეკეთესო მოთამაშედ ოფიციალურად დასახელდა. ეს რუსთა ფეხბურთელი, დენის ჩერიშევია. 27 წლის სპორტსმენმა 74 წუთი ითამაშა. ის საკმაოდ აქტიური იყო და 59-ე წუთზე გოლიც შეაგდო.

საგულისხმოა, რომ “ვილიარეალის” ფეხბურთელი ბომბარდირთა დავაში კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად ლიდერობს. ორივე მათგანს 3-3 გოლი აქვთ გატანილი. დენისმა წინა ტურში. საუდის არაბეთთან ორჯერ შეარხია მეტოქის კარის ბადე და იქაც სწორედ იგი გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი.

 

რუსეთმა ეგვიპტე დაამარცხა და მერვედფინალში თამაშის უფლება თითქმის გაინაღდა (ვიდეო)

მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტური რუსეთისა და ეგვიპტის ნაკრებებს შორის გამართული მატჩით გაიხსნა, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ეგვიპტელთა ლიდერი მოჰამედ სალაჰი მოედანს დაუბრუნდა. ის სასტარტო განაცხადში იყო და შეხვედრა სრულად ჩაამთავრა. რუსებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და საწყის წუთებში მეტოქეს რამდენჯერმე სახიფათოდ შეუტიეს, თუმცა გატანილ გოლამდე საქმე არ მისულა. სადებიუტო წუთების შემდეგ თამაში გათანაბრდა და ეგვიპტელებმაც შექმნეს მეტნაკლებად სახიფათო მომენტები. საბოლოო ჯამში, ტაიმი დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა, თუმცა უგოლოდ მიილია.

რუსები მეორე ტაიმის სტარტზე კურიოზული ავტოგოლით დაწინაურდნენ: ეგვიპტელთა მეკარემ ჩაწოდების შემდეგ ბურთი მუშტებით მოიგერია, რომან ზობნინმა საჯარიმო მოედანზე ჩააბრუნა, იქ კი აჰმედ ფათჰიმ იმდენად უხეიროდ მოიგერია, რომ ბურთი საკუთარ კარში ჩაიჭრა – 1:0. 59-ე წუთზე მასპინძლებმა უპირატესობა გაზარდეს: მარიო ფერნანდესმა დენის ჩერიშევს საჯარიმოში უპასა, ამ უკანასკნელმა კი ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში. მეორე გაშვებულმა გოლმა ეგვიპტელები ფსიქოლოგიურად გატეხა და ზუსტად სამ წუთში ანგარიში გამანადგურებელი გახდა: არტიომ ძიუბამ მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან ბურთი მკერდით ჩამოიღო, ცენტრალურ მცველებს უმარტივესად გაუმკლავდა და ეგვიპტელთა კარის ბადე მესამედ შეარხია. 73-ე წუთზე აფრიკელებს მცირეოდები იმედი დაუბრუნდათ: თამაშის წესის დარღვევისთვის დანიშნული პენალტი მოჰამედ სალაჰმა ზუსტად შეასრულა და ერთი ბურთი გაქვითა – 3:1.

დარჩენილ დროში ეგვიპტის ნაკრებმა მეტის გაკეთება ვეღარ შეძლო. რუსებმა ანგარიშით 3:1 იმარჯვეს და ტურნირის მერვედფინალში თამაშის უფლება თითქმის გაინაღდეს.

მსოფლიოს ჩემპიონატი
A ჯგუფი (II ტური)
რუსეთი — ეგვიპტე 3:1 (0:0)
გოლები: ფათჰი 47′ (ა.გ.), ჩერიშევი 59′, ძიუბა 62′ — სალაჰი 73′.

მოურინიო: “რუსეთის ნაკრებს ოპტიმისტურად ფიქრის მიზეზი უბრალოდ არ აქვს”

მსოფლიოს 2018 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის გახსნით მატჩში რუსეთმა საუდის არაბეთი გაანადგურა (5-0). ამ მატჩზე კომენტარი ჟოზე მოურინიომაც გააკეთა, რომლის თქმითაც, ეს შედეგი უმნიშვნელოა და რუსეთის ნაკრები მაინც განწირულია.

“ნამდვილად სამართლიანი შედეგია. მატჩის წინ რუსეთის პესიმისტურ განწყობაზე ვსაუბრობდით და ამ თამაშის მოგების შემდეგ მათ ოპტიმისტურად ფიქრის მიზეზი უბრალოდ არ აქვთ.

შეუძლიათ ბედნიერები იყვნენ, დიდებული გამარჯვება იყო, ბევრი გოლი გაიტანეს, რაც შესაძლოა, მნიშვნელოვანი გამოდგეს. მაგრამ ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ საუდის არაბეთი იმედგაცრუებული იყო.

ეგვიპტეს საუდის არაბეთზე კარგი გუნდი ჰყავს, ურუგვაი კი ეგვიპტეზე უფრო ძლიერია,” – განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

ბოლოს, ჟოზემ გოლოვინზეც თქვა ორიოდ სიტყვა:”ფანტასტიკურად ითამაშა, სწორედ ის ქმნიდა რუსეთის ორგანიზებულ სქემას.”