ალბათ, გახსოვთ, „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიალზე ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და იურგენ კლოპს შორის საჯარო დიალოგი რომ შედგა. მაშინ „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა გერმანელ სპეციალისტს ჰკითხა, თუ როდის მიიწვევდა დორტმუნდის „ბორუსიაში“. კლოპმა კი უპასუხა, რომ ზლატანის ხელში ჩასაგდებად მთელი გუნდის გაყიდვა მოუწევდა. ჟურნალისტებსაც მეტი რა უნდოდათ და დაიწყო სპეკულირება იმის შესახებ, რომ კლოპი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში იბრაჰიმოვიჩს რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელად წაიყვანდა, თუმცა ამ ჭორებს თავად ზლატანმა დაუსვა წერტილი.
„იურგენ კლოპი მაგარი კაცია! მომწონს, როგორ თამაშობს დორტმუნდის „ბორუსია“ გიჟი კლოპის თავკაცობით. თუმცა, მე მათთან ერთად თამაში არ შემიძლია. ბუნდესლიგაში ვერ გადავალ, რადგან „პარი სენ-ჟერმენთან“ მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს. პარიზში დიდი ხნის განმავლობაში მინდა თამაში“, – ციტირებს იბრაჰიმოვიჩის სიტყვებს Goal.com-ი.
შვედმა ფორვარდმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 35 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაიტანა. „პარი სენ-ჟერმენი“ დამაჯერებლად ლიდერობს საფრანგეთის ჩემპიონატს და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში თამაშის უფლებაც თითქმის გაინაღდა.
ბექა დოგრაშვილი